“ერთი და იგივე დღე ვიცხოვრე რამდენიმე თვის განმავლობაში. ცალკე იზოლაცია, ცალკე მუდმივი პასუხსისმგებლობის გრძნობა, ცალკე, ეს წყეული სინდისის ქენჯნა, რომ კიდევ მეტია საჭირო, კიდევ მეტი შეგიძლია, საკმარისს არ აძლევ, საკმარისს ვერ აკეთებ”- უთხრა რადიო თავისუფლებას ნათიამ, სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ, როცა ვთხოვეთ, რამდენიმე წინადადებით გადმოეცა თავისი პანდემიური გამოცდილება.
ეს განცდები ნაცნობია ათასობით ქალისთვის, რომლებმაც მთელი წელი სახლში ჩაკეტილებმა შვილებთან ერთად გაატარეს, გაორმაგებული დატვირთვით, რადგან პანდემიამ წაშალა ზღვარი სახლისა და სამსახურის საქმეებს შორის.
“სამსახურის საქმეებისას ფიქრობ ახლა ყურადღებას ბავშვებს ვაკლებ, ბავშვებთან ყოფნისას, სამსახურის საქმეებს ვერ ვასწრებ” - ეს ანაა, ორი შვილის დედა. რასაც ანა ამბობს, ნაცნობია ყველა იმ ქალისთვის, რომელიც მასავით სახლიდან მუშაობდა.
პანდემიამ, დრომ, ოჯახმა და სახელმწიფომ ქალებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათი მოვალეობა ბავშვებსა და ოჯახზე ზრუნვაა და ქალებმაც კიდევ ერთხელ შეძლეს იმაზე მეტი, ვიდრე ეგონათ, რომ შეეძლოთ.
პანდემია არავისთვის აღმოჩნდა სასიამოვნო თავგადასავალი - ადამიანები კარგავენ ახლობლებს და იმედს, რომ ერთ დღესაც, ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც კორონავირუსის გამოჩენამდე. ხანგრძლივი იზოლაცია, გაურკვეველი მომავალი, შიში და იზოლაცია, ორმაგი დატვირთვით მუშაობა ან პირიქით, უმუშევრად და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩენა კრიზისის დროს, ადვილი არ არის - ეს ყველაფერი მხოლოდ ამძაფრებს შეგრძნებას, რომ ჩვენი ცხოვრების ერთი ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლამ სამუდამოდ წაგვართვა.
ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ჯერ კიდევ პანდემიამდე ამბობდნენ, რომ ქალის ტვირთი ოჯხში გაცილებით დიდია, ვიდრე კაცის - პანდემიამ ეს უთანასწორობა მხოლოდ გააღრმავა.
ქალთა უფლებადამცველები ასევე საუბრობენ ოჯახში ძალადობის გაზრდილ რიცხვებზეც და იმაზეც, რომ მოძალადეებთან ერთად გამოკეტილი ქალებისთვის კიდევ უფრო რთული გახდება მათგან თავის დახსნა.
თვეების განმავლობაში დაკეტილი სკოლები და ბაღები (საქართველოში მოქმედი შეზღუდვები ყველაზე ხანგრძლივად სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხო) დამატებითი გამოწვევა აღმოჩნდა და როცა მშობლები წუხდნენ ბავშვების იზოლაციაზე, მათ დაქვეითებულ სოციალურ და ემოციურ უნარებზე, შეზღუდულ ფიზიკურ და სოციალურ აქტივობაზე და იმ ზიანზე, რასაც მათ შვილებს ჩაკეტილობა, თანატოლების გარეშე ყოფნა მოუტანდა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ მათ საკუთარი შვილების მოვლა აღარ შეეძლოთ, ბავშვების “თავიდან მოშორება” უნდოდათ.
“ყველაფერი, რასაც 4 წელი ვაშენებდი - კვება, ძილი, ქცევა - 3 თვეში ჩამოინგრა. მუდმივად ვგრძნობ ფრუსტრაციას” - გვეუბნება ლიკა, რომელიც ფსიქოტერაპევტია და სხვებს ეხმარება მძიმე პერიოდების დაძლევაში. ლიკას შვილი ახლა უფრო მეტად არის მიჯაჭვული გაჯეტებზე და უფრო ხშირად ჭამს ტკბილეულს.
ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების ფონზე დავიწროებულია სივრცე, სადაც ქალები თავიანთ გამოცდილებაზე ილაპარაკებენ. საყოველთაო განსაცდელის შეგრძება აჩენს განცდას, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება შენს თავს, რაც სხვას არ გამოუცდია, მაშინ როცა ყველა ქალის პანდემიური გამოცდილება ერთდროულად არის უნიკალურიც და მსგავსიც სხვების გამოცდილების. რადიო თავისუფლება რამდენიმე ასეთ გამოცდილებას გთავაზობთ.
“დაახლოებით 10 წლის წინ, HBR-ის სტატიაში წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ მშობლობისა და მუშაობის შეთავსება ჰგავს ბაგირზე სიარულს, როცა თან დანით, კვერცხებით, ბროლის ჭიქით და სხვადასხვა მსხვრევადი და დამაზიანებელი საგნებით ჟონგლიორობ. მთელი წელი ეს ფრაზა მახსენდებოდა” - მალინა, 2 წლის ქეთოს და 5 წლის თეკლას დედა.
“ერთ დღეს ჩვეულებრივ ვლაპარაკობდი და ჩემმა უმცროსმა შვილმა მკითხა, გინდა რომ გავჩუმდეო? მაგ დროს მივხვდი, რომ მთელი წელია სახლში ვიღაცას ვაჩუმებთ: მე ჩემ ქმარს, ჩემი ქმარი უფროს შვილს, უფროსი შვილი უმცროსს და მთელი წელია ამ მოჯადოებული სიჩუმის წრეზე დავდივართ, რომელსაც არანაირი განსაზღვრული მოქმედების დრო არ აქვს - მთავარია შევძლოთ ონლაინ გაკვეთილზე, ზუმის შეხვედრაზე, ონლაინ კონფერენციაზე ყოფნა და სანამ ჩვენ ამ წრეზე დავდივართ, 5 წლის სანდრომ ვერ გაიგო, რატომ უნდა იჯდეს ოთახში მარტო, თან ჩუმად და ყოველ ჯერზე, როცა ოთახებში ვიკეტებით, ცდილობს ყველაზე ხმამაღალი ყვირილით შემოვიდეს და მოითხოვოს ყურადღება, რომელიც ასე ჭირდება.” - რუსუდანი, 9 წლის ნიკოს და 5 წლის სანდროს დედა.
“განსაკუთრებით მაშინ, როცა საუზმის დროს მაგიდასთან ვზივართ ხოლმე, 15 წუთში "ქოლი" მეწყება და ორივე ერთად “ჭედავს”, ერთს უნდა დაუჭრა, მეორეს პირი მოწმინდო და ასე შემდეგ, ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს არის ტაი ჩი, აჩქარებული ტაი ჩი [ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიურ გამოწვრთნის მეთოდი]. ფასადურად თითქოს მშიდად ვარ, ვმედიტირებ და სინამდვილეში ვიბრძვი და თავს ვიცავ. Mommy does some shadowboxing” - ნატალი, 2 წლის ელის და 5 წლის კატოს დედა.
“ასე მგონია ბორბალში შებმული ციყვი ვარ და რომ დავფიქრდე რა დღეში ვარ, ჩამოვვარდები” - ირინკა, 5 წლის ლაზარეს დედა
“პანდემიის დროს მეორე ბავშვი გავაჩინე და ეს ემოციურად ძალიან ინტენსიური და მძაფრი გამოცდილება აღმოჩნდა. ამ ორსულობას ისეთი შფოთი ახლდა თან, რაც პირველზე საერთოდ არ მქონია. შფოთი იმ გაურკვევლობიდან და მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში დაწესდა და ზოგადად პანდემიამ მოიტანა. სულ მქონდა განცდა, რომ სათანადოდ მომზადებული ვერ ვხვდებოდი ბავშვს, ორსულობის ბოლო პერიოდი გაზაფხულის ჩაკეტვას დაემთხვა და ჩემმა შფოთმა ისე იმატა, მეშინოდა, ნაადრევი მშობიარობა არ დამწყებოდა. ალბათ, ზოგადი ფონის ანარეკლი იყო ჩემი შიშები.
ორსულობისგან განსხვავებით მეორედ დედობა ისე უჩვეულოდ მშვიდი გამოდგა, ძალიან ცოტა ადამიანთან გვაქვს კონტაქტი და ამან ჩემზეც და ბავშვბზეც დადებითაც იმოქმედა. თითქოს უფრო მშვიდად და ჩვენთვის ვართ. გარეთ ქაოსია, შიგნით სიმყუდროვემ დაისადგურა კოვიდის ფონზე” - თაკო, 7 წლის ლუსის და 1 წლის თომას დედა.
“ორი თვის დაწყებული მქონდა სტაბილური სამსახური, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი, ბავშვის ოდნავ წამოზრდის მერე, ლოკდაუნი რომ დაიწყო. მუშაობა რომ დავიწყე, მაშინ ვიგრძენი მართლა, რომ პიროვნება ვიყავი, სრულფასოვანი ადამიანი. ვმუშაობდი, ბავშვი ბაღში დადიოდა, თამაშის და ერთად სეირნობის დროც სხვანაირად გადანაწილდა, გაცილებით მობილიზებული და ორგანიზებული ვიყავი, მშობიარობის შემდეგი ხანგრძლივი დეპრესიის მერე პირველად შევძელი ჩემი თავი ისე დამენახა, როგორიც რეალურად ვარ და უცბად განგაშის ზარივით ჩამოკრა ლოკდაუნის გამოცხადებამ. თავიდან დისტანციურად ვაგრძელებდით მუშაობას, კადრების შერჩევა მევალებოდა და შუა გასაუბრების დროს “კუკი მინდა”, “გამიწმინდე”, “სახლში თუ ხარ რატომ არ მეთამაშები” და მსგავსი ფრაზებით შემოვარდნა ჩვეულებრივი ნაწილი გახდა ჩემი სამუშაოსი.
მალე სამუშაოც აღარ იყო, დაკეტილ ქვეყანაში ვაკანსიები აღარ ჩნდებოდა და აღარც კადრების რეკრუტირება იყო საჭირო, შემოსავალიც აღარ გვქონდა და დავიკეტეთ. იმ პერიოდში ჩემმა მეუღლემაც დაკარგა სამსახური და დავრჩით სრულად შემოსავლის გარეშე.
უამრავი ემოცია მჭამდა ყოველდღე: უფუნქციობა, უიმედობა, ჩაკეტილობის აუტანლობა, იმაზე დარდი, რომ ჩემი შვილის სურვილებს ვერც ემოციურად, ვერც მატერიალურად ვერ ვაკმაყოფილებდი. ახლა არც ვიცი როგორ ვარ - ალბათ სტრესს მივეჩვიე, ძველებურად რომ არ ვარ, მაგას ვხვდები” - თეკლა, 4 წლის კატოს დედა.