მაშინ, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტები დღემდე უარყოფენ რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის მიღებას და აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული შეიარაღების უდიდესი ნაწილი ნადავლის სახით აქვთ მოპოვებული ბრძოლის ველზე.
„დონეცკსა და ლუგანსკში არასოდეს ყოფილა უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილები. ამიტომ სეპარატისტებს ნადავლის სახით საბრძოლო იარაღი არ მოუპოვებიათ. შესაბამისად, დონბასელ სეპარატისტთა ხელთ არსებული მთელი შეიარაღება რუსულია“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი მიხაილო სამუსი.
რადიო თავისუფლების მიერ სხვადასხვა წყაროთი მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ რუსეთი კვლავაც აქტიურად განაგრძობს თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის გადასროლას კიევის კონტროლიდან დროებით გასულ აღმოსავლეთ უკრაინაში.
„დონბასელ სეპარატისტთა ხელთ არსებული მთელი შეიარაღება რუსულია“
უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამტკიცებს, რომ რუსეთი იანვრის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული აქტიურად აძლიერებს დონბასის რეგიონში მოქმედ უკანონო პრორუსულ შეიარაღებულ ძალებს.
7 იანვრის შემდეგ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დონბასელმა სეპარატისტებმა შეიარაღებაში მიიღეს ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა. ასევე, 7 000 ტონა საწვავი.
უკრაინის სამხედრო დაზვერვისვე ცნობით, რუსეთში შექმნილ გადაბირების ცენტრებში ხორციელდება „დაქირავებული მებრძოლების აქტიური შეკრება“, რომლებიც ინტენსიური მომზადების შემდეგ დონეცკსა და ლუგანსკში იგზავნებიან.
ეს ინფორმაცია არ გაჰკვირვებიათ უკრაინელ ექსპერტებს, რომლებიც მრავალი წელია იკვლევენ და აანალიზებენ დონბასელ სეპარატისტთა ხელთ არსებულ შეიარაღებას.
„დონბასში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების დაქვემდებარებაში იმყოფება დაახლოებით 30 000-კაციანი სამხედრო ძალა. შეიარაღების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა სხვადასხვა ღია წყაროთი ცხადი ხდება, რომ სეპარატისტების ხელთ რამდენიმე ასეული სატანკო, ჯავშან-სატანკო, საარტილერიო, საზენიტო და სხვა სახის მსხვილი შეიარაღებაა. მათ შორის, რამდენიმე დრონი და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაილო სამუსმა, „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ.
„უკრაინაში (დონბასში) არსებულ რუსეთის საოკუპაციო ძალებზე“ მან სპეციალური პრეზენტაცია მოამზადა ინგლისურ ენაზე. ერთ-ერთ სლაიდზე გამოსახულია რუსეთის 1-ლი და მე-2 საარმიო კორპუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია დროებით ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებზე.
2014 წლიდან დღემდე სეპარატისტების კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე დოკუმენტურად არის დადასტურებული არაერთი თანამედროვე რუსული შეიარაღება, რომლის ვრცელი კატალოგი შეადგინა InformNapalm-მა, 2014 წელს უკრაინელი ჟურნალისტებისა და ქართველი სამხედრო ექსპერტის მიერ დაფუძნებულმა საგამოძიებო ჯგუფმა.
ტანკები, არტილერია და საზენიტო სისტემები
2014-2016 წლებში სხვადასხვა წყარომ დონბასისა და ლუგანსკის რაიონებში დააფიქსირა Т-90А (გამოშვების წელი 20023) , Т-72Б, Т-72БА და Т-72БЗ ტიპის ტანკები.
2017 წელს დონეცკში შენიშნეს მოდერნიზებული სადესანტო მანქანა БМД-2, რომელიც აღჭურვილია გაუმჯობესებული ლაზერული ინფრაწითელი პროჟექტორით ПЛ-1-01.
2016 წელს მაკეევკაში, ასევე ქალაქ დონეცკსა და ლუგანსკის ოლქში აღმოჩნდა ერთბაშად რამდენიმე ერთეული БТР-80 და БТР-82А კლასის, რუსული წარმოების, ჯავშანტრანსპორტიორები.
ყურადღებას იპყრობს სეპარატისტების ხელთ არსებული საარტილერიო და რეაქტიული სისტემები.
2015 წელს მაკეევკაში აღმოჩენილ იქნა „პიონის“ სახელწოდებით ცნობილი 203-მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო სისტემა САУ 2С7, რომლის დანიშნულებასაც წარმოადგენს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების განადგურება 47 კილომეტრის მანძილზე.
იმავე წელს დებალცევოში დაფიქსირდა ურალის ქარხნის წარმოების 152-მილიმეტრიანი თვითმავალი ქვემეხი САУ Мста-С 2С7, რომელსაც 30 კილომეტრის მანძილზე შეუძლია მიზნის განადგურება.
ეუთოს დამკვირვებლებმა დონეცკის ოლქში 2020 წელს აღმოაჩინეს 122-მილიმეტრიანი „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დონბასელი სეპარატისტების შეიარაღებაში აღმოჩნდა ისეთი მრისხანე საბრძოლო ტექნიკა, როგორიცაა 300-მილიმეტრიანი შორი რადიუსის მოქმედების ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი „სმერჩი“ (РС30 9К58). ცეცხლის მართვის კომპიუტერული სისტემით აღჭურვილ ამ მრისხანე იარაღს მიზნის განადგურება შეუძლია 120 კილომეტრის სიშორეზე.
ეუთოს დამკვირვებლების მიერ ასევე დოკუმენტურად არის დადასტურებული დონბასელი სეპარატისტების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მძიმე თერმობარული რეაქტიული სისტემა „ბურატინო“ , რომლის სროლის მაქსიმალური სიშორე 3600 მეტრს აღწევს, მაგრამ ერთჯერადი საბრძოლო მასალით შეუძლია დაახლოებით 40 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიის განადგურება.
უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი სეპარატისტების შეიარაღებაში არსებული კიდევ ერთი საშიში იარაღი: საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „Бук-М1“, რომლიდან გაშვებული რაკეტითაც იქნა ჩამოგდებული დონეცკის ოლქში MH17, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო ავიალაინერი.
ასევე ნახეთ ჰოლანდიელი პროკურორები სამუდამო პატიმრობას ითხოვენ MH17-ის კატასტროფაში ეჭვმიტანილთათვის2014 წლის 17 ივლისს MH17 ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა ის რუსეთის მიერ წარმოებული, „Бук“-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის რაკეტით ჩამოაგდეს უკრაინის აღმოსავლეთში, ტერიტორიიდან, რომელსაც აკონტროლებდნენ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. კატასტროფას ემსხვერპლა ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი.
მაგრამ მხოლოდ ამ კლასის სარაკეტო კომპლექსით არ ამოიწურება სეპარატისტების ხელთ არსებული ანტისაჰაერო თავდაცვის პოტენციალი. 2015 წელს დონბასში დოკუმენტურად არის დაფიქსირებული ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირ С1“, რომელსაც წუთში 5000 გასროლით დაახლოებით 20 კილომეტრის სიშორეზე შეუძლია ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა ე.წ. ინტელექტუალური თავდასხმის საშუალებების, მაგალითად, დრონების განადგურება.
ამას ემატება ასევე სეპარატისტების ხელთ არსებული დრონები, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები და სხვადასხვა საბრძოლო აღჭურვილობა, რომელიც პრორუსულად განწყობილი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების არმიათა შეიარაღებაში სწორედ რუსეთის დახმარების წყალობით აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ იანვრის ბოლოს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებისთვის შეიარაღების გაგზავნის მოწოდებით გამოვიდა „ედინაია როსიის“ გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი. მისი თქმით, ასეთი ზომები აუცილებელია ნატოს მიერ უკრაინის შეიარაღებისა და ქვეყანაში დასავლელი ინსტრუქტორების მუშაობის ფონზე. მოგვიანებით რუსეთის მმართველი პარტია, „ედინაია როსია“ რუსეთის პარლამენტში გამოვიდა ინიციატივით, ეთხოვოს ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ დაიწყოს დონბასის სეპარატისტებისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდება.
ასევე ნახეთ „ედინაია როსია“ გამოვიდა ინიციატივით, დაიწყოს დონბასის სეპარატისტებისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდებარუსი დეპუტატების მიმართვების კომენტირებისას კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დონბასის არაღიარებული რესპუბლიკებისთვის იარაღის მიწოდების შესახებ წინადადებას პარტიული ინიციატივა უწოდა. „ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად მტკივნეულად აღიქმება ვითარება ჩვენი პარლამენტარების მხრიდან“, - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთს სეპარატისტებისათვის მანამდე ასეთი დახმარება არ აღმოუჩენია.
უკანასკნელ ხანებში იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში ახალ სამხედრო ინტერვენციას ამზადებდეს. დასავლეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა თავმოყრილი. მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას.
გაეროს თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტში დღემდე 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.