პარტია „ედინაია როსია“ რუსეთის პარლამენტში გამოვიდა ინიციატივით, ქვეყნის ხელმძღვანელობას ეთხოვოს, რომ დაიწყოს დონბასის სეპარატისტებისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდება.
ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა სახელმწიფო დუმაში ფრაქცია „ედინაია როსიის“ თავმჯდომარემ, ვლადიმირ ვასილევმა.
მანამდე ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკებისთვის“ შეიარაღების გაგზავნის მოწოდებით გამოვიდა „ედინაია როსიის“ გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი. მისი თქმით, ასეთი ზომები აუცილებელია ნატოს მიერ უკრაინის შეიარაღებისა და ქვეყანაში დასავლელი ინსტრუქტორების მუშაობის ფონზე.
გაეროს თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტში დღემდე 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
უკანასკნელ ხანებში იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში ახალ სამხედრო ინტერვენციას ამზადებდეს. დასავლეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა თავმოყრილი. მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას.
ორშაბათს ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა განაცხადა, რომ თავის ძალებს სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანს და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და ავიაგამანადგურებლებს გაგზავნის. 26 იანვარს ესტონეთში ჩავიდა აშშ-ის ექვსი გამანადგურებელი F-15. ისინი იქ ერთ-ნახევარ კვირას დაყოფენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასამაგრებელი ზომების ფარგლებში რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე.