საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია 74 ხმით, ერთხმად მიიღო. ოპოზიციის დიდი ნაწილი დოკუმენტის ამ სახით მიღების წინააღმდეგი იყო, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. „ქართული ოცნების" ოპონენტები მოითხოვდნენ ტექსტში რუსეთის ფედერაციის ხსენებას.
ასევე ნახეთ რომან გოცირიძე უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტზე: რა ეზოპეს ენით საუბრობთ?! ასევე ნახეთ თამარ კორძაია რეზოლუციის პროექტზე: ეს არის მხდალი ტექსტიდოკუმენტს, რომელსაც პარლამენტმა უყარა კენჭი, პარლამენტის რეზოლუცია “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ ეწოდება. მასში ნახსენები არ არის რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი.
ასევე ნახეთ ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ურაპატრიოტული, "წალენჯიხის რეზოლუციით" გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით"სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლინება" უწოდა რეზოლუციის პროექტში რუსეთის არხსენებას "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც კენჭისყრამდე, პლენარულ სხდომაზე მოუწოდა მმართველ გუნდს, ეცადა ოპოზიციის მხარდაჭერაც მოეპოვებინა.
"თუ 1 და 2 პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია იქნება, იმდენი მაინც ვქნათ, რომ განსაცდელში მყოფ მეგობარს ერთიანი რეზოლუციით დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა რეზოლუციის პროექტის განხილვისას.
ამასთან, "მოქალაქეებმა" მხარდაჭერა გამოუცხადეს დოკუმენტს. როგორც პარტიის წვერმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რეზოლუციას, რომელშიც არ არის ნახსენები რუსეთი, მაინც მხარს უჭერს, ვინაიდან პარლამენტში სხვა რეზოლუცია კენჭისყრაზე არ დგას.
"ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამიტომ მე ამ დოკუმენტს მხარს დავუჭერ, ისევე, როგორც მხარს დავუჭერდი ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, სადაც იქნებოდა რუსეთის ფედერაცია ნახსენები. უბრალოდ, სხვა არ არის წარმოდგენილი”, - თქვა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრამდე.
კენჭისყრაზე რეზოლუციის პროექტის ერთიანი, შეთანხმებული ტექსტის დაყენებისკენ მოუწოდა მმართველ გუნდს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.
"რეზოლუციის ეს ტექსტი დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტად. წლების შემდეგ არავის გაახსენდება „ქართული ოცნება“ და მხოლოდ და მხოლოდ ეს რეზოლუცია იქნება აღბეჭდილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ღირსებასა და უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ტექსტი წამოვიდეს ჩვენგან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
პროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ასეთი შინაარსისაა:
“საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“.
2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.
რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.
ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.