Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ურაპატრიოტული, "წალენჯიხის რეზოლუციით" გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით


პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტისადმი ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრისას დავითულიანმა თქვა, რომ უკრაინა არ არის ძალთა გადანაწილების და ძალთა ბალანსის ცვლილების მთავარი მიზანი, ის დიდი გეოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ კონტექსტში, მმართველი გუნდის ამოცანა უნდა იყოს უკრაინის და მშვიდობის მხარდაჭერა. ხოლო, მისი თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება ჰგავს „ომში შანსის დანახვას“, „თითქოს კონფლიქტის გამწვავებაში გამოსავალს ხედავენ და ჰგონიათ, რომ უკეთ დალაგდება უკრაინის და საქართველოს ინტერესები“.

რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღება რატომაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის მხარდამჭერი. ამაში, სიმართლე გითხრათ, ლოგიკას ვერ ვხედავ. რუსეთს ჩავწერთ თუ არა რეზოლუციაში, ალბათ არც თქვენ გაქვთ ილუზია, რომ ეს რამეს შეცვლის ჯამში ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. თუმცა, აქ გადის ზუსტად ის ხაზგამყოფი, ვინ რას ვემხრობით. ჩვენ ვემხრობით მშვიდობას, ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას, მაქსიმალურ სიფრთხილეს იმისთვის, რომ ჩვენ დაგვცალდეს და შევძლოთ ამ მიზნების მიღწევა. თქვენ პირიქით გგონიათ, რომ ამ მკაფიო ნაბიჯებით და კონფლიქტის შესაძლო გამწვავებით, შეიძლება რაღაც შანსი გაჩნდეს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს შანსი არ ჩნდება ასეთ დროს. ამიტომ, მე მგონი, ჩვენი მომავლის წინაშე გვაქვს ის პასუხისმგებლობა, ვიყოთ ფრთხილები, გონივრულები და ამ ურაპატრიოტული გამოხტომებით მიზანს რომ ვერ ვაღწევთ და წალენჯიხის რეზოლუციებით რომ გეოპოლიტიკას მსოფლიოში ვერ შევცვლით, მგონი, მინიმუმ ეგ უნდა გავიაზროთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის სურვილი, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, "ქართული ოცნების" წარდგენილი პროექტი მიიღეს.

უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან".

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.

XS
SM
MD
LG