Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ რეზოლუციას ფართო მხარდაჭერა ექნება


უკრაინისადმი დამსახურებული მხარდაჭერის ჩვენება მნიშვნელოვნად მიაჩნია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს. მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ უკრაინისადმი მხარდამჭერი რეზოლუციის შინაარსზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა მოელის, რომ რეზოლუციას ფართო მხარდაჭერა ექნება.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან, ასევე სხვებისგან – იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ არა მხოლოდ განცხადებებს ვაკეთებთ და ვიცავთ ჩვენს პრინციპებს, ასევე უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი მოქმედებები არის მომზადებული ჩვენი პრინციპების დასაცავად. ეს არის პრინციპები, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის.

რაც შეეხება რეზოლუციის კონტექსტს, მივესალმები რეზოლუციას, როგორც ასეთს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტიდან ამის მოსმენა, მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს ამ მომენტში.

რაც შეეხება პროექტს და მის ფორმულირებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ იქნება ფართო მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ“, – ამის შესახებ ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის პრეზენტაციაზე ყოფნისას მედიასთან საუბარში განაცხადა.

დღეს, 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის სურვილი, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, "ქართული ოცნების" წარდგენილი პროექტი მიიღეს.

უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან".

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.

XS
SM
MD
LG