Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაია რეზოლუციის პროექტზე: ეს არის მხდალი ტექსტი


უფრაქციო დეპუტატმა, ოპოზიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა მომზადებული, თქვა, რომ მასში რუსეთის არხსენება არის მიზეზი, რის გამოც მხარს არ დაუჭერს. თამარ კორძაიამ პროექტს უწოდა „თავის დაძვრენის საშუალება“ და „მხდალი“.

"ეს ტექსტი არ არის ნეიტრალურიც კი.. ტექსტი დაახლოებით იკითხება ასე - როდესაც რუსეთი განახორციელებს აგრესიას უკრაინასთან მიმართებაში, საქართველო იტყვის, რომ უი, უი, რა ცუდია, საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი როლი ვერ შეასრულა და დაუშვა უკრაინასთან ომი. აი, ეს არის ჩვენი ტექსტი სინამდვილეში. თავის დაძვრენის ტექსტია, მეტი არაფერი. გარდა ამისა, რომ მიხსნით, გაეროს უშიშროების საბჭოში ჩვენი წარმომადგენლობა რომ მუშაობდა და თანამეგობრობასთან ერთად მუშაობს, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ამ უშიშროების საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობას დავალებას საქართველოს პარლამენტი აძლევს სწორედ ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციით ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ რუსეთი არსად არ უნდა ვახსენოთ. როდესაც ის პარტნიორები, თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოები, ყველა ცალსახად ამბობს ერთ რამეს, მათ შორის ამერიკის ელჩი საქართველოში, არ შეიძლება რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში საქართველომ თავი ცალკე განიხილოს უკრაინისგან. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ქართული და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული ტექსტი, აქვე ადასტურებთ იმას, რომ თქვენი კოლეგების განმარტება, რომლებიც იცავენ თქვენ რეზოლუციას, არის არასწორი და ის უკრაინელების მხარდასაჭერი ტექსტი კი არ არის, ეს არის მხდალი ტექსტი, რომლითაც ჩვენ ვიზღვევთ თავს, რომ არიქა, ხვალ ლავროვმა განცხადება არ გააკეთოს, რომლითაც საქართველოს დაგვემუქრებიან“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, როდესაც კიევში პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის პირველი პირები ჩადიან მხარდაჭერისთვის, საქართველოს პარლამენტში მსჯელობენ, რომ რუსეთის აგრესია არ უნდა იყოს ნახსენები.

ჩვენ თუ ვერ ვბედავთ „რუსეთის აგრესია“, უბრალოდ ორი სიტყვა ვახსენოთ ტექსტში, ჩვენ ქვეყნის პირველი პირების რომელ ჩასვლაზე არის საუბარი. ამიტომ ამ ტექსტს, მე, როგორც ერთი ადამიანი ამ პარლამენტში, ხმას არ მივცემ, იმიტომ, რომ ეს ტექსტი ნეიტრალურიც კი არ არის“, - თქვა თამარ კორძაიამ.

დოკუმენტს, რომელსაც პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი, პარლამენტის რეზოლუცია “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ ეწოდება. პროექტში ნახსენები არ არის რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი.

"სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლინება" უწოდა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რეზოლუციის პროექტში რუსეთის არხსენებას, მან მოუწოდა მმართველ გუნდს, ეცადოს მიიღოს ოპოზიციის მხარდაჭერაც,

"თუ 1 და 2 პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია იქნება, იმდენი მაინც ვქნათ, რომ განსაცდელში მყოფ მეგობარს ერთიანი რეზოლუციით დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, "მოქალაქეები" მხარდაჭერას უცხადებენ რეზოლუციის არსებულ პროექტს. როგორც პარტიის წვერმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რეზოლუციას, რომელშიც არ არის ნახსენები რუსეთი, მაინც მხარს უჭერს, ვინაიდან პარლამენტში სხვა რეზოლუცია კენჭისყრაზე არ დგას.

"ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამიტომ მე ამ დოკუმენტს მხარს დავუჭერ, ისევე, როგორც მხარს დავუჭერდი ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, სადაც იქნებოდა რუსეთის ფედერაცია ნახსენები. უბრალოდ, სხვა არ არის წარმოდგენილი”, - თქვა ლევან იოსელიანმა.

კენჭისყრაზე რეზოლუციის პროექტის ერთიანი, შეთანხმებული ტექსტის დაყენებისკენ მოუწოდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ მმართველ გუნდს.

"რეზოლუციის ეს ტექსტი დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტად. წლების შემდეგ არავის გაახსენდება „ქართული ოცნება“ და მხოლოდ და მხოლოდ ეს რეზოლუცია იქნება აღბეჭდილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ღირსებასა და უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ტექსტი წამოვიდეს ჩვენგან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პროექტი, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ ასეთი შინაარსისაა:

“საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;

ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.

XS
SM
MD
LG