საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის სურვილი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი. 1 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, "ქართული ოცნების" წარდგენილი პროექტი მიიღეს.
დიდი ოპოზიციური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ თუ მმართველი პარტიის შემუშავებულ პროექტში ნახსენები იქნებოდა რუსეთი, სხვა შენიშვნების არსებობის მიუხედავად, მხარს დაუჭერდნენ დოკუმენტს.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ რეზოლუციის ტექსტში "რუსეთის" ხსენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"იმ შემთხვევაში, თუ აქ სიტყვას "რუსეთს" არ ჩავამატებთ, აღმოჩნდება, რომ შესაძლოა ხვალ მოგვიბრუნდეს ლავროვის უწყება და თქვას, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ტექსტი, სადაც არ არის დაზუსტებული რუსეთის ფედერაცია და განმეორებითი სამხედრო აგრესია", - თქვა დეკანოიძემ.
ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ რეზოლუციის ტექსტის არსებული ვერსია მხოლოდ პოლიტიკური შეცდომა არ არის.
"მიმაჩნია, რომ ეს იქნება ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ ეროვნული სირცხვილი, არამედ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების პირდაპირი ხელყოფა, იმ ტექსტის წარდგენა პლენარულ სხდომაზე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საერთო მხარდაჭერას...
ტექსტის გაგზავნა, რომელსაც ვერ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, მიმაჩნია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად", - თქვა სამადაშვილმა.
რეზოლუციის პროექტში "რუსეთის" ჩაწერის შემთხვევაში, ფრაქცია "რეფორმების ჯგუფიც" მზად იყო მხარი დაეჭირა დოკუმენტისთვის. ფრაქციის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ კიდევ ერთხელ ითხოვა უმრავლესობისგან, განემარტათ, რატომ არ ითვალისწინებდნენ მათ მოთხოვნას.
"ავტორებს გთხოვთ გაგვცეთ პასუხი, რა არის რეალურად მიზეზი იმის, რომ არ ვწერთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლო ესკალაციას?.. ჩვენი ჯგუფიც [ფრაქციაც] მზად არის დაუჭიროს მხარი ამ რეზოლუციას, თუ ეს ჩანაწერი გაჩნდება, დანარჩენ ყველა შენიშვნას და კომენტარს გვერდით გადავდებთ", - თქვა სამნიძემ.
იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი უმრავლესობა მომხრე იყო რეზოლუციის ტექსტი შეცვლილიყო, ამას არ ეთანხმებოდა "ევროპელი სოციალისტების" წევრი, ფრიდონ ინჯია. მისი თქმით, ოპოზიციას საქართველოში ომის დაწყება უნდა.
"თქვენ რასაც ითხოვთ, ეს არის [ომი]... იქ არ უნდა იყოს ისეთი რამ, რომელიც გაააქტიურებს და უფრო შესაძლებელს გახდის, რომ უკრაინაში ომი იყოს. ჩათვალეთ, უკრაინის ტერიტორიაზე ომი, ომია საქართველოში. ასეთმა პოლიტიკამ წინა მთავრობის მიიყვანა იქ, რა მდგომარეობაშიც არის ახლა საქართველო. ნუ გავაკეთებთ იმას, რომ მთლიანად იყოს დარღვეული საქართველოს ტერიტორია", - თქვა ინჯიამ.
ასევე ნახეთ ფრიდონ ინჯია უკრაინის რეზოლუციაზე: ოპოზიციას საქართველოში უნდა ომისაგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პარლამენტარები რეზოლუციის პროექტზე მსჯელობდნენ, ინჯიამ ანტიდასავლური გზავნილებიც გააჟღერა და აშშ უკრაინაში ომის დაწყების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
"დასავლეთმა და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკამ გაწირა უკრაინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... ის, რასაც ისინი აკეთებენ, თუნდაც შეიარაღების კუთხით, ეს არის ბიძგი ომისკენ. ჩვენ ომი არ გვინდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი არ იყოს", - თქვა ინჯიამ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხელაშვილმა რეზოლუციის პროექტში გამოყენებული ფორმულირებები რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების სურვილით ახსნა.
"ეს იყო მთავარი ამოცანა, რომ ხელი შევუწყოთ დაძაბულობის მაქსიმალურად შემცირებას რეგიონში, რაც, უპირველეს ყოვლისა, ასახავს უკრაინის, მაგრამ ასახავს საქართველოს ინტერესებს.
შესაბამისად, ეს ტექსტი არის აწონილ-დაწონილი, ის მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და ყველასთვის ცხადია მისი სულისკვეთება. შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით ნებისმიერი შესწორების შეტანა, ჩვენი აზრით, არის უფრო საბაბი და მიზეზი, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭიროთ და გახადოთ შიდა პოლიტიკური მანიპულაციის საგანი...
კარგია, როდესაც რეზოლუცია არის პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი, მაგრამ თუკი ამ ყველა მოსაზრებას გავითვალისწინებთ, შეიძლება მივიღოთ რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს სწორედ იმის გამო, რომ კონსენსუსის შედეგია... ჩვენი თვითმიზანია, მივიღოთ რეზოლუცია, რომელიც პასუხობს ეროვნულ ინტერესებს", - თქვა ხელაშვილმა.
ასევე ნახეთ "ადეკვატური, მოზომილი, პასუხობს საქართველოს ინტერესებს"- გიორგი ხელაშვილი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტზე2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.
რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.
ასევე ნახეთ უკრაინა ომის ზღვარზე - უფრო ძლიერი, შორს რუსეთისგან, ახლოს ნატოსთანამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.
უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან".