"ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯია, რომელიც პარლამენტის წევრია, ამბობს, რომ ოპოზიციას საქართველოში ომის დაწყება უნდა. ასე შეაფასა მან თავისი ოპოზიციონერი კოლეგების მოთხოვნა, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ჩაწერილიყო, რომ საფრთხე არსებობს რუსეთის მხრიდან.
"თქვენ რასაც ითხოვთ, ეს არის [ომი]... იქ არ უნდა იყოს ისეთი რამ, რომელიც გაააქტიურებს და უფრო შესაძლებელს გახდის, რომ უკრაინაში ომი იყოს. ჩათვალეთ, უკრაინის ტერიტორიაზე ომი, ომია საქართველოში. ასეთმა პოლიტიკამ წინა მთავრობის მიიყვანა იქ, რა მდგომარეობაშიც არის ახლა საქართველო. ნუ გავაკეთებთ იმას, რომ მთლიანად იყოს დარღვეული საქართველოს ტერიტორია..." - თქვა ინჯიამ.
საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პარლამენტარები რეზოლუციის პროექტზე მსჯელობენ, ინჯიამ ანტიდასავლური გზავნილებიც გააჟღერა და აშშ უკრაინაში ომის დაწყების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
"დასავლეთმა და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკამ გაწირა უკრაინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... ის, რასაც ისინი აკეთებენ, თუნდაც შეიარაღების კუთხით, ეს არის ბიძგი ომისკენ. ჩვენ ომი არ გვინდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი არ იყოს", - თქვა ინჯიამ.
ფრიდონ ინჯიას მოსწონს "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტის ამ ფორმულირებას არ ეთანხმება.
2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.
რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.
ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.
უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან".