ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საფუძვლად სახელდება გაცდენები არასაპატიო მიზეზით, ხოლო დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს მანდატის დაკარგვა სასამართლოს 12 იანვრის ხმაურიანი და სადავო განაჩენის გამო ემუქრება.
მანდატების შეწყვეტის საკითხი 31 იანვარს ვერ განიხილა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და ოფიციალურ მიზეზად დეპუტატების კოვიდინფიცირების გამო კვორუმის ვერშეკრება დასახელდა. ეს პროცესი უახლოეს დღეებში გაგრძელდება.
დაბრუნება პარლამენტში
31 იანვარს ენმ-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ წყვეტს 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ მეორედ გამოცხადებულ ბოიკოტს და პარლამენტში მუშაობა განაახლა.
"ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს რეჟიმი... ფრაქცია პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით. ჩვენი უშუალო ვალდებულება იქნება, ჩვენი საკუთარი სტრატეგია, რომ ყველა ეტაპზე, არა მხოლოდ პარლამენტში, საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც მწვავე პროტესტი [გვქონდეს]. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის", - თქვა ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.
ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია პარლამენტში ბოიკოტს წყვეტს"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" შექმნის მიზნით, ენმ-ის ფრაქცია, როგორც აცხადებენ, უკვე შეუდგა ხელმოწერების შეგროვებას.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭიროა, სულ ცოტა, 50 დეპუტატის მხარდაჭერა.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. 31-ე დეპუტატი - დილარ ხაბულიანი რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა „ლელოელებს“, რის შედეგადაც, პარლამენტიდან მამუკა ხაზარაძის წასვლის შემდეგ, მოხერხდა შენარჩუნებულიყო ფრაქცია - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“.
თუკი ახლა ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდება, ეს ფრაქცია კვლავაც დაშლის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან, მოქმედი კანონმდებლობით, ფრაქციაში სულ ცოტა 7 დეპუტატი უნდა შედიოდეს.
ასევე ნახეთ ბოიკოტი დასრულდა, დაპირისპირება რჩებამეათე მოწვევის პარლამენტში, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მუშაობა რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, 2021 წლის 8 ივნისს დაიწყო.
პირველი ბოიკოტის დასრულების შემდეგ, მალევე, ფრაქციამ ისევ ბოიკოტს მიმართა და მზად იყო, რომ მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის დაეჭირა მხარი. ამ ცვლილებების ბედი დღემდე ბუნდოვანი და გაურკვეველია.
დეპუტატების გაშვება
„[თუკი მანდატს გააუქმებენ], ჩემთვის ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის დაწყება“, - ასე უპასუხა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რადიო თავისუფლების შეკითხვას მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით.
კანონმდებლობის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, თუკი ის „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ“.
ჯაფარიძის შემთხვევაში მანდატის გაუქმება საქალაქო სასამართლოს მიერ 12 იანვარს მიღებულ ხმაურიან გამამტყუნებელ განაჩენს უკავშირდება. ის ეყრდნობა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლს, რომელსაც მოცემულ საქმეში უკვე ხანდაზმულობის ვადა აქვს ამოწურული.
ასევე ნახეთ "გასაფუჭებელი უკვე გაფუჭდა" - „ფულის გათეთრების საქმე“ და ანაკლიის პორტიჯაფარიძე გვეუბნება, რომ განაჩენი აუცილებლად ბოლომდე გასაჩივრდება და თუ საჭირო გახდება, პროცესი სტრასბურგამდეც მივა, „სადაც მსგავს საქმეზე (ანთია და ხუფენია საქართველოს წინააღმდეგ) ერთხელ უკვე გაამტყუნეს საქართველოს სახელმწიფო“.
„ეს არის საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის აღვირახსნილი დარღვევა. მოსამართლემ ჩაანაცვლა პროკურატურის ფუნქცია და ხანდაზმული მუხლით გაგვასამართლა [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე]. ჩვენს საქმეში არსებობს პროკურატურის დადგენილებაც, რომ წლების წინ შეწყვიტეს გამოძიება ამ ხანდაზმული მუხლით.... ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნების“ სპიკერებმა თქვან - ეს არ იყო პოლიტიკური დევნა და ჩადენილი იყო დანაშაული“, - უთხრა ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძესთან ერთად, ცნობილი იქნა დამნაშავედ, მაგრამ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან სწორედ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
12 იანვრის შემდეგ, „ლელოს“ არაერთმა იურისტმა დაუდასტურა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციას არ შეესაბამება, თუმცა ბადრი ჯაფარიძეს ნაკლებად აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამ ხედვას გაიზიარებენ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, მათ ამ კონკრეტული განაჩენის უარყოფაც მოუწევთ. თუმცა არის კიდევ სხვა არგუმენტები, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ჯაფარიძისთვის მანდატის შენარჩუნების გადაწყვეტილებას.
21 იანვარს პარლამენტს სამართლებრივი მოსაზრებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსი“.
„მოქმედი კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა აქარწყლებს დამნაშავის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან, არ ითვლება ნასამართლევად, არ ეზღუდება სხვა უფლებები, მათ შორის, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. შესაბამისად, ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა ზღუდავს ბადრი ჯაფარიძის მიერ საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას“, - აცხადებს ორგანიზაცია.
მანდატის გაუქმება ემუქრება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილსაც, რომელიც ამ პარტიიდან პარლამენტში გასული ერთადერთი დეპუტატია.
ასევე ნახეთ შალვა ნათელაშვილი გამოკითხვას ატარებს: "შევიდე თუ არა პარლამენტში?"
მის შემთხვევაში საუბარია არასაპატიო მიზეზებით გაცდენაზე.
კანონმდებლობის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილების საკითხი დგება იმ შემთხვევაშიც, თუკი ის „მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს“.
საპატიო მიზეზად ითვლება ბოიკოტიც; თუმცა ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, აუცილებელია, რომ წერილობითი განცხადება წარედგინოს „პლენარული სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ“. შალვა ნათელაშვილს, „ქართული ოცნების“ განცხადებით, არავინ და არასოდეს გაუფრთხილებია.
სადეპუტატო მანდატის შესაძლო შეწყვეტის საკითხი დეპუტატ შალვა ნათელაშვილს მას შემდეგ წამოეწია, რაც ის, 2-წლიანი პაუზისა და მანდატზე ნათქვამი არაერთი უარის შემდეგ, თითქოსდა უკვე აპირებდა ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში შესვლას.
შესვლა-არშესვლის საკითხი მან სოციალური ქსელების საშუალებით კენჭისყრაზეც დააყენა და, როგორც „ლეიბორისტულ პარტიაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამომრჩეველთა თითქმის 98%-მა ნათელაშვილს სწორედ შესვლა ურჩია.
ასევე ნახეთ ნათელაშვილი შეთანხმების დოკუმენტზე: არ მოვაწერ ხელს და დავრჩები პარლამენტის გარეთროგორც პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, შალვა ნათელაშვილის გაცდენები არა სიზარმაცით, არამედ „ლამის მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი“ ბოიკოტით იყო განპირობებული, ხოლო „ბოიკოტი კანონიერი ქმედებაა“.
თუკი შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, გუგავას თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები ამას „დიდ უსამართლობად“ და „პარტიის დასამარების“ ტოლფას ქმედებად აღიქვამენ.
„ისინი მანდატს ართმევენ არა შალვა ნათელაშვილს, არამედ პარტიასა და ამომრჩეველს. რა უფლება აქვთ? წარმოუდგენელი უსამართლობა იქნება. ჩვენი პარტია უკვე დასაჯეს - კომისიებში წევრის დანიშვნის უფლება წაგვართვეს და შეგვიზღუდეს სარეკლამო დროც... ახლა თუ მანდატსაც წაიღებენ და იმ კაპიკებსაც მიაყოლებენ, რასაც პარტია იღებს, ნიშნავს, რომ მთლიანად აკრძალვა გადაუწყვეტიათ. თუკი არსებობის ყველა საშუალება გამოგაცალეს, მეტი კი არაფერია აკრძალვა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გუგავამ.
„პარტიის დაფინანსების საკითხი არ არის მიბმული რომელიმე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იყენებს მიღებულ მანდატებს ესა თუ ის პარტია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.
2020 წლის არჩევნების შემდეგ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარტიას დაფინანსება შეუწყდება, თუ მისი სიით გასული დეპუტატების ნახევარზე მეტი არ შევა პარლამენტში.
თავად შალვა ნათელაშვილმა კი, ფეისბუკის საშუალებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და თავისი მიმართვის შეგნებულ იგნორირებას გაუსვა ხაზი.
„ძალიან ვწუხვარ, რომ, ჩემი თითქმის ნახევარი თვის წინ გამოგზავნილი წერილი პარლამენტში შესაძლო შემოსვლის გამო საორგანიზაციო-პროცედურული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით არა მარტო რეაგირების გარეშე დარჩა, არამედ, რაც ყველაზე გროტესკულია, თავზარდაცემულებმა დაიწყეთ ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მოქმედებები“, - წერს ღია მიმართვაში ნათელაშვილი და იქვე მოკითხვასაც უთვლის ბიძინა ივანიშვილს.
ასევე ნახეთ სადეპუტატო მანდატების გაუქმება: რატომ დააკმაყოფილა „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებები ურიგოდ31 იანვარს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, როგორც ოფიციალურად ითქვა, დიდწილად კომიტეტის წევრი დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილის კოვიდინფიცირებისა და იზოლაციის გამო გადაიდო, ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით.
შესაბამისად, 31 იანვარს, კომიტეტმა ვერც დეპუტატ ელენე ხოშტარიასთვის მანდატის გაუქმებაზე იმსჯელა.
როდესაც ხოშტარია პარლამენტის დეპუტატი გახდა, 2020 წელს, ის მაშინ „ევროპული საქართველოს“ წევრი იყო. ეს პარტია მან მალევე დატოვა და მოგვიანებით, საკუთარი პოლიტიკური პარტია - „დროა“ შექმნა.
ელენე ხოშტარიამ მანდატზე უარი თავიდანვე თქვა, სხვა მრავალ ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატების უმრავლესობას უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. პირველ ეტაპზე ერთგვარი გამონაკლისი იყო „პატრიოტთა ალიანსი“.
„ევროპული საქართველო“ ამ დრომდე თანმიმდევრულად და უცვლელად რჩება საპარლამენტო ბოიკოტის მომხრედ; ხოლო მისი სიით გასული რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში მაინც შევიდა და მათ შორის იყო - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე.
ცარიელი ადგილები პარლამენტში
თუკი პარლამენტი ჯაფარიძეს, ნათელაშვილსა და ხოშტარიას სადეპუტატო მანდატებს გაუუქმებს, მათ ადგილს, სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერავინ დაიკავებს, რადგან პარტიებს გაუქმებული აქვთ პარტიული სიები.
ამავე მიზეზით, ადგილმონაცვლის დასახელების საშუალება აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მას შემდეგ, რაც პარლამენტი დატოვა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და აღარც „ლელოს“ - მამუკა ხაზარაძის წასვლის შემდეგ.
პარტიული სია არ ჰქონდა გაუქმებული „გირჩს“ და ამიტომ იაგო ხვიჩიას პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში მეოთხე დეპუტატი შეიყვანა (ჰერმან საბო) მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო მათგან გამიჯნულმა ზურა ჯაფარიძემ დატოვა. ის ახლა ლიდერია პარტიისა „გირჩი მეტი თავისუფლება“.
ამ ეტაპზე პარლამენტში 147 წევრია. ვაკანტური ადგილებიდან ერთი ადგილი შეივსება მას შემდეგ, რაც რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება - რუსთავის მერად არჩეული ნინო ლაცაბიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო და მის მიერ პარლამენტში დატოვებულ ვაკანტურ ადგილზე ადგილმონაცვლის პრინციპი არ ვრცელდება.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ამ ეტაპზე 83 დეპუტატი ჰყავს.
თუკი კიდევ 3 დეპუტატი გამოაკლდება, პარლამენტის სიითი შემადგენლობაში, გარკვეული დროით - 144, ხოლო შემდეგ 145 დეპუტატი იქნება.
ასევე ნახეთ მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ხელისუფლება და ოპოზიცია მათი ინტერესებით არ მოქმედებენ - NDI