1941 წლის გაზაფხულზე პრეცშის რენესანსის ეპოქის სასახლეში დიდი თავყრილობა შედგება, როცა იქ განთავსებული ნაცისტების სასაზღვრო პოლიციის სკოლა კარებს გაუღებს სსრკ-ში მისავლენ აინზაცჯგუფების (Einsatzgruppe) წევრებს. პრეცშში ისინი გაივლიან ზოგად კურსს სამხედრო სამართალში, სროლაში და, რაც მთავარია, მოისმენენ ლექციებს „აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა ეთნოლოგიაზე“. კურსის დამთავრების შემდეგ მათ ოთხ აინზაცჯგუფს შორის გადაანაწილებენ და ისინი ვერმახტის ზურგის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები გახდებიან. ვალტერ შტალეკერის Einsatzgruppe A სანადირო ტერიტორიად ბალტიის რესპუბლიკებს მიიღებს. შტალეკერის აინზაცჯგუფი დაყოფილი იქნება ოთხ ერთეულად: ორი ზონდერკომანდო (Sonderkommando) ჯარების უშუალო ზურგში იქნება განთავსებული, ხოლო ორი აინზაცკომანდო (Einsatzkommando) პასუხიმგებელი იქნება არმიათა ჯგუფ ჩრდილოეთის ზურგის საერთო არეალზე. არტურ ნებეს Einsatzgruppe B სანადიროდ არმიათა ჯგუფ ცენტრის უკან ბელორუსიის ტერიტორიას ჩაიბარებს. გარდა ორ-ორი ზონდერ და აინზაცკომანდოსი, არტურ ნებე მიიღებს კიდევ ერთ სპეციალურ დანაყოფს, სახელად „მოსკოვს“. უკრაინის ტერიტორიისათვის ორ აინზაცჯგუფს Einsatzgruppe C-ს და Einsatzgruppe D-ს მიავლენენ. ოტო რაშის დაქვემდებარებაში მყოფი აინზაცჯგუფი C დაკავებული იქნება ჩრდილო და ცენტრალური უკრაინის ტერიტორიებით. აინზაცჯგუფ D-ს (ოტო ოლენდორფი) მისია კი სამხრეთ უკრაინისა და ყირიმის „დასუფთავება“ იქნება.
ეს დანაყოფები და ქვედანაყოფები იქნება 100%-ით მოტორიზირებული, აღჭურვილი რადიოტექნიკით, შტაბით, თარჯიმნებით, მძღოლებით, მეკავშირე ოფიცრებით და აშ. თითოეული Einsatzgruppe მოიცავდა 600-დან 1000-მდე მსუბუქი იარაღითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულ კაცს.
საბჭოთა კავშირი არ იქნება პირველი ტერიტორია, სადაც აინზაცჯგუფები შევლენ. ისინი ჩაატარებენ ოპერაციებს ავსტრიაში 1938 წელს, როდესაც გერმანია მას შთანთქავს; სუდეტის ოლქში 1938 წლის ოქტომბერში, საიდანაც ისინი ჩეხ მოსახლეობას განდევნიან; ბოჰემიასა და მორავიაში 1939 წლის მარტში, სადაც ისინი 10 000-მდე რაიხის „მტერს“ დააპატიმრებენ; პოლონეთში - 1939 წლის სექტემბერში; ნორვეგიაში - 1940 წლის აპრილში; საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდსა და ლუქსემბურგში 1940 წლის მაისსა და ივნისში; იუგოსლავიასა და საბერძნეთში 1941 წლის აპრილსა და მაისში. მათი მისია პოლიტიკური ხასიათის იქნება: დააპატიმრონ რაიხის მტრები - პოლიტიკური და პროფკავშირების თუ რელიგიური ლიდერები, ჟურნალისტები, გერმანელი ემიგრანტები, მასონები, სოციალისტები.
იუგოსლავიასა და საბერძნეთში Einsatzgruppen-ის კლასიკურ სამიზნე ჯგუფებს შეემატებიან „დივერსანტები“, „ტერორისტები“, კომუნისტები და ებრაელები. პოლონეთში ადგილობრივი ელიტის განადგურებით მათი მისია უფრო სისხლიან განზომილებას მიიღებს - საქმე შეეხება არა ზოგადად პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დატყვევებას, არამედ, მომავალი Lebensraum-ის (ე.წ. საარსებო სივრცის) მოწყობას „არიული რასისთვის“.
თუ პოლონეთსა და სერბეთში, აინზაცჯგუფის მკვლელები მიიღებენ კარტ ბლანშს, საფრანგეთში, ნიდერლანდსა და ნორვეგიაში, ჰაიდრიხის მოთხოვნის შედეგად, ისინი ყოველგვარი ძალადობისგან შეიკავებენ თავს - მათი რადიკალურობა ნაცისტური ოკუპაციის სისასტიკის პირდაპირპროპორციული იქნება.
საიდან მოდიოდნენ აინზაცჯგუფის მკვლელები? 1941 წლის ივნისისათვის მათი საშუალო ასაკი 40-42 წელი იყო. ძირითადად ესენი იყვნენ გერმანული საზოგადოების საშუალო ფენების წარმომადგენლები... კარგად განათლებულები, აინზაცჯგუფებისა და აინზაცკომანდოების მეთაურების უმეტესობას ჰქონდა დოქტორის ხარისხი, ძირითადად იურისპრუდენციაში (მათ შორის ერთი-ორს ორი დოქტორის ხარისხიც კი ექნება).
საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აინზაცჯგუფების უშუალო ხელმძღვანელები იქნებიან SS-ისა და პოლიციის (HSSPF) სამი მაღალი თანამდებობის პირი. ერიხ ფონ დემ ბახ-ზელევსკი, ფრიდრიხ იეკელნი და ჰანს-ადოლფ პრიუცმანი, რომლებიც, თავის მხრივ, ჰიმლერისა და ჰაიდრიხის პირდაპირ დაქვემდებარებაში იყვნენ.
საბჭოთა კავშირში შესვლისას აინზაცჯგუფები არ მიიღებენ არანაირ ბრძანებას - არც წერილობითს, არც ზეპირს - ნაცისტური ხელმძღვანელობისგან ებრაელების როგორც ბიოლოგიური ჯგუფის განადგურების შესახებ. მეტიც, 2 ივლისს ჰაიდრიხი წერილში შეახსენებს აინზაცჯგუფებს, რომ განადგურებულები უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ ებრაელები, რომლებსაც თანამდებობა ეკავათ საბჭოთა სისტემაში.
მწირი რესურსების - 3000 კაცი, რომელთაგან მხოლოდ ნახევარს ჰქონდა მკვლელის ფუნქცია - განთავსება უზარმაზარ ტერიტორიაზე საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ 1941 წლის 22 ივნისს ნაცისტების ხელმძღვანელობის მიზანი არ იყო 2-დან 3 მილიონამდე საბჭოთა ებრაელის განადგურება.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ათიათასობით ებრაელის განადგურება, რომელიც ბევრად სცილდება აინზაცჯგუფების პირველად მიზანს - კომუნისტ მამაკაც ებრაელებს - მათივე ინიციატივით არის განპირობებული? მხოლოდ ნაწილობრივ. აინზაცჯგუფებისა და ქვეჯგუფების ლიდერებს დიდი თავისუფლება ჰქონდათ. ბრძანებების ბუნდოვნება - ვინ იყო ტერორისტი ან დივერსანტი - მათ ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევდა. ეჭვმიტანილების რაოდენობას ამა თუ იმ ქალაქსა თუ დაბაში ისინი საკუთარი ნების მიხედვით ადგენდნენ - ეს რიცხვი შეიძლება ყოფილიყო 10, 100 ან 500. რწმენა ნაცისტურ იდეოლოგიაში, ებრაელების სიძულვილი, იერარქიის წინაშე წარმოჩენის სურვილი, ამბიცია, გათვლა, კარიერიზმი, ერთმანეთს შორის კონკურენცია, სადიზმი - დამოკიდებულებების, გრძნობებისა და განწყობების მთელი რიგი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს აინზაცჯგუფების რადიკალიზაციაში.
როდესაც ჰიტლერი განმარტავს, რომ „ბარბაროსას ოპერაცია“ იქნება „რასობრივი ომი“, „განადგურების კამპანია“, „სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ორ შეუთავსებელ მსოფლმხედველობას შორის“, SS-ის და SD-ს ხელმძღვანელები (ჰიმლერი და ჰაიდრიხი) ამ სიტყვებიდან შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ. უკვე ადგილზე, ამ ჯგუფებისა და ქვეჯგუფების ლიდერები გადათარგმნიან ამ ბუნდოვან, ალუზიურ, ევფემისტურ ბრძანებებს სამხედრო ვითარების გადმოსახედიდან - გამომდინარე მომხდარი ინციდენტებიდან, ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობიდან და აშ.
თანდათანობით, როდესაც აინზაცჯგუფების „მიღწევების“ რაოდენობა ორ, შემდეგ სამ და ოთხციფრიან რიცხვს მიაღწევს, ჰიტლერი მიხვდება, რომ მისი უტოპიის ჰორიზონტი გამოჩნდა, რომ ესქატოლოგიური პერსპექტივა თვალსაწიერშია.
ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (1). ხსოვნა vs ისტორია ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (2). ჰიტლერი და „ებრაული საკითხი“ ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (3). შოა და „ბარბაროსას ბრძანება“ ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (4). შოა და ვერმახტი ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (5). შოა და ნკვდ-ს ტერორი