მოსკოვი აცხადებს, რომ ომს არ აპირებს და რომ უკრაინა პასუხს მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში მიიღებს. თუმცა, ექსპერტების აზრით, პროვოკაციების ინსპირირება თავად რუსეთსაც იოლად შეუძლია. პარალელურად, პროკრემლისტური ძალები მუდმივად იმეორებენ, რომ უკრაინას დასავლური შეიარაღება ვერაფერს უშველის და ყველაფერი რამდენიმე საათში დასრულდება.
- ომის შესაძლო სცენარები - თუ დაიწყება, როგორ და სად?
- რა შესაძლებლობებს აძლევს უკრაინას ნატოს ქვეყნების მიერ მიწოდებული შეიარაღება?
პარტიზანული ომი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის მდივანმა, ალექსეი დანილოვმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ უკრაინიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში 109 ათასი რუსი ჯარისკაცი და კიდევ, ძირითადი შემადგენლობის თანმხლები დაახლოებით 11 ათასი პირი დგას; თუმცა ეს რაოდენობა, მისი შეფასებით, არ არის საკმარისი უკრაინაზე თავდასხმისთვის და რომ საზღვარზე ვითარება „სრულად კონტროლდება“.
ბოლო დღეებში პანიკის ჩაცხრობასა და საზოგადოების ერთგვარ დამშვიდებას ასევე ცდილობდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი. ზელენსკიმ თქვა, რომ ბევრი გადაუმოწმებელი ან ცრუ ინფორმაციაც ვრცელდება, რაც ხალხის შეშინებას იწვევს; ხოლო შმიგალის თქმით, ამ ეტაპზე ძირითადი საფრთხე ქვეყნის ეკონომიკას ემუქრება.
ასევე ნახეთ „ედინაია როსია“ გამოვიდა ინიციატივით, დაიწყოს დონბასის სეპარატისტებისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდებაასეთი განცხადებები ზოგიერთთათვის ერთგვარ წინააღმდეგობაშია დასავლეთის გააქტიურებულ ძალისხმევასა და უკრაინისთვის იარაღის სწრაფი ტემპებით მიწოდებასთან.
უკრაინის რადის ყოფილმა დეპუტატმა, ბორისლავ ბერეზმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, რომ შესაძლოა მართლაც გადაჭარბებულია მოლოდინი ომის დღეს-ხვალ დაწყების შესახებ, მაგრამ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები პოლიტიკოსს აფიქრებინებს იმასაც, რომ „სამწუხაროდ, არასერიოზულად უდგებიან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლებლობებს“.
საექსპერტო წრეებში განიხილება ომის დაწყების შესაძლო სცენარები კიბერთავდასხმითა და წერტილოვანი სარაკეტო დარტყმებით, რასაც ქვეყნის გაურკვეველი დროით იზოლაცია მოჰყვება - მობილური კავშირისა და ინტერნეტის გარეშე.
რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ?
ბორისლავ ბერეზი ფიქრობს, რომ ომის საწყის ეტაპზე, შეჭრამდე, ქვეყანაში შესაძლოა უკვე მოქმედებდნენ ФСБ-სა და ГРУ-ს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები და დესანტი რუსეთმა შესაძლოა კიევის სამთავრობო კვარტალშიც გადმოსხას და „პუტინმა შესაძლოა ბოქსის რინგზე კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც გამოიწვიოს“, მაგრამ „უკიდურესად მცირეა პუტინის შანსი, რომ გაიმარჯვოს ამ ომში“ და პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მან დაზიანებებს აარიდოს თავი.
„პუტინს შეუძლია შემოიჭრას უკრაინაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, იქნება ომი გამოფიტვამდე, პარტიზანულ ომს დაიწყებს უკრაინა, დასავლეთის დახმარების პირობებში. შემიძლია გაგახსენოთ მძლავრი, ძლიერი საბჭოთა კავშირი, რომელმაც ვერ მოიგო ომი ავღანეთში. უკრაინაზე გამარჯვებაზე კრემლმა არც უნდა იოცნებოს. ეს უიმედო ისტორიაა“, - თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინასთან ომი „რუსეთის სიკვდილს ნიშნავს“.
ასევე ნახეთ უკრაინა ომის ზღვარზე - უფრო ძლიერი, შორს რუსეთისგან, ახლოს ნატოსთანბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსეთი „ელვისებურ ომს“ გეგმავს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს კიევის სწრაფად აღებაც.
რამდენიმე საათში?
„ელვისებურ ომზე“ რუსეთის მედია ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში წერდა. მაგალითად, „რია ნოვოსტი“ აღწერდა უსაფრთხოების ექსპერტის, მარკ ეპისკოპოსის პროგნოზს, რომ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ყველაფერი სწრაფად დასრულდებოდა:
„უკრაინას სწრაფად დაენგრევა მრეწველობა, სამხედრო ინფრასტრუქტურა. გაუნადგურდება ელექტოსადგურები, აეროდრომები, სამეთაურო შტაბები“.
პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი იაკობ კედმი, რომელიც პროკრემლისტური მედიის ხშირი სტუმარია, ტელეწამყვან ვლადიმირ სოლოვიოვს პასუხობს, რომ რუსეთი უკრაინაში „მთავარ პრობლემას რამდენიმე საათში გადაჭრის“ და ეს მოხდება „მოულოდნელად“, „არა იქიდან, საიდანაც ელოდებიან“ და „არა ის, რასაც ელოდებიან“.
კედმი „ელვისებურ ომზე“ უკვე კარგა ხანია ლაპარაკობს. ათიოდე დღის წინ, სხვა გადაცემაში იმავე სოლოვიოვს უთხრა, რომ - უკრაინისთვის საკმარისი იქნება „ერთი ძლიერი დარტყმა რაკეტებითა თუ არტილერიით“ და „როგორც კი განადგურდება კავშირგაბმულობისა და მეთვალყურეობის ყველა სისტემა, სატანკო-საარტილერიო დანაყოფები, მორჩა, უკრაინის არმია აღარ იარსებებს... და ის ბრბოდ გადაიქცევა“.
მისი ვარაუდით, ომი პროვოკაციით დაიწყება და, მისი ვერსიით, შესაძლოა ჭურვი მოხვდეს, მაგალითად, რუსულ საბავშვო ბაღს და მორჩა, რუსეთს თავშეკავება აღარ გამოუვა.
სხვა რუსი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „უკრაინა ვერ გაბედავს პროვოკაციებს“ ყირიმის მიმართულებით და კონფლიქტის გაღვივებას დონბასისკენ, ანუ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკებისკენ შეეცდება.
რუსეთისგან კი შეტევას ზოგიერთები უფრო ბელარუსის ტერიტორიიდან, ანდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მხრიდან მოელიან.
ასევე ნახეთ უკრაინის დაზვერვის ცნობით, დონბასში გასაგზავნად რუსეთი აქტიურად აწარმოებს „დაქირავებულთა შეკრებას“სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ყირიმიდან შეტევის შემთხვევაში, საზღვაო დესანტის გადასხმით, რუსეთმა უკრაინას ყველა პორტი წაართვას და შავ ზღვაზე გასასვლელი საერთოდ ჩაუკეტოს.
თუკი ფართომასშტაბიანი ომი დაიწყება, ალადაშვილის აზრით, შესაძლოა უკრაინის არმიას კიევის დასაცავად უკან დახევაც მოუწიოს.
ბელარუსიის მხრიდან შეტევის საფრთხეების არსებობაზე კი, ალადაშვილისთვის ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „რუსეთმა მთელი აღმოსავლეთის სამხედრო ოლქი, 200 ეშელონი, სწორედ ბელარუსში გადაიყვანა“.
ასევე ნახეთ საით მიჰყავს ბელარუსი რუსეთთან ინტეგრაციის „საგზაო რუკებს“?პუტინს მტკიცედ უჭერს მხარს ბელარუსის მმართველი ლუკაშენკაც, ხოლო პროკრემლისტური მედიასაშუალებებიდან ექსპერტები ხშირად უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ბელარუსისა და რუსეთის არმია ერთმანეთიდან რამ გაჰყო.
ბელარუსი რუსეთის სამხედრო ალიანსის - ОДКБ-ს წევრია და რუსეთს ის ბოლოს ყაზახეთშიც შეჰყვა, ხალხის მღელვარების ჩასახშობად.
შეიარაღება და შესაძლებლობები
ამერიკული წარმოების „ჯაველინები“ უკრაინას სხვადასხვა დროს გადაეცა და, ბოლო პერიოდში მიწოდებულის ჩათვლით, უკვე რამდენიმე ასეული დაუგროვდა. ეს მართვადი სარაკეტო სისტემა აშშ-ის სამხედრო შეიარაღების ნაწილია და მაღალი ეფექტიანობით ხასიათდება.
„ისროლე და დაივიწყე“ - ამ პრინციპით მოქმედი „ჯაველინის“ რაკეტა ერთხელ მიზანში ამოღებულ ტანკს, გადაადგილების შემთხვევაშიც კი, თავად პოულობს და, სითბური ხედვის რეჟიმის საშუალებით, 98%-იანი სიზუსტით რამდენიმე წამში აღწევს სამიზნემდე. მსროლელს შეუძლია სასწრაფოდ დატოვოს გასროლის ადგილი იმისთვის, რომ აირიდოს საპასუხო ცეცხლი.
მისი მოქმედება განსაკუთრებით ეფექტიანია, როცა ის ტანკს შედარებით თხელი და დაუცველი სახურავის მხრიდან უტევს.
თუმცა შესაძლებელია პირდაპირი დარტყმაც და ტანკების გარდა, „ჯაველინი “ იოლად უმკლავდება, მაგალითად, ვერტმფრენებსა და შენობების კედლებსა და სხვა მდგრად წინაღობებს. სროლის მანძილი საშუალოდ 2.5 კმ-ია; თუმცა „ჯაველინის“ უახლესი მოდელები 4 კმ-ზე მეტ მანძილზეც სწვდება.
არანაკლებ ეფექტიანად მიიჩნევა შვედურ-ბრიტანული წარმოების NLAW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, რომლებიც უკრაინას ბრიტანეთმა გადასცა. სამხედრო სფეროს სპეციალისტები მას „მინიჯაველინსა“ და „იაფ ჯაველინსაც“ უწოდებენ. NLAW „ჯაველინზე“ უფრო მსუბუქია (12.5 კგ).
„ის გამოიყენება პარტიზანული ბრძოლებისთვის, ქუჩის ბრძოლებისთვის. გადატანა შესაძლებელია როგორც ავტომობილით, ასევე მოტოციკლითაც... „ჯაველინისგან“ განსხვავებით, NLAW-ს გადასატანად ერთი ადამიანიც ჰყოფნის“, - გვიხსნის სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი.
ამ სისტემის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ სროლა დახურული სივრციდან, ვთქვათ - ოთახიდანაც შეიძლება. NLAW-ც „გაისროლე და დაივიწყე“-ს პრინციპით მოქმედებს და სამიზნეს ე.წ. მაგნიტომეტრის საშუალებით, დაახლოებით, 800 მეტრიდან ხვდება.
„ჩემი დათვლით, ამ ეტაპზე, ერთიანად, 15 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გამოსდით არსენალში უკრაინელებს. უხეშად რომ ვთქვათ, ამის მესამედი რომ მოარტყან მიზანს და 5000 ტანკი თუ სხვა ჯავშანტექნიკა რომ გამოიყვანონ მწყობრიდან, სერიოზული, საოცარი შედეგი იქნება...
ნებისმიერი საბრძოლო მოქმედების დროს, სამხედრო დანაყოფმა ჯავშანტექნიკის ნახევარი რომ დაკარგოს, ის ბრძოლის უუნარო გახდება და ვეღარ გააგრძელებს შეტევას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ალადაშვილმა.
ასევე ნახეთ ბაიდენი არ გამორიცხავს პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებასდაბომბვის შესახებ რუსეთიდან წამოსულ მუქარას თუ გავითვალისწინებთ, უკრაინელებს, ომის დაწყების შემთხვევაში, ამერიკული წარმოების საზენიტო-სარაკეტო „სტინგერებიც“ (Stinger) დასჭირდებათ. ამერიკის თანხმობით, ამ შეიარაღებას უკრაინას ბალტიის ქვეყნები დაჰპირდნენ.
„სტინგერის“ სამიზნეა, მაგალითად, თვითმფრინავები და შვეულმფრენები. რაკეტა თავად ეძებს სამიზნეს და 3800 მეტრში სწვდება მას. აშშ-ის შეიარაღებაში ეს კომპლექსი 1981 წლიდან არის.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ „მარტო რუსეთთან ომს უკრაინა კი არა, დღეს გერმანიაც ვერ მოიგებს“ და მთელი ეს პროცესი მხოლოდ რუსეთის დროებით შეკავებაზეა გათვლილი.
„მიმდინარე პოლიტიკურ-დიპლომატიური კამპანია და უკრაინისთვის თავდაცვითი საშუალებების მიწოდება ემსახურება ერთადერთ მთავარ მიზანს, რომ შეაჩეროს მოსალოდნელი თავდასხმა და თუკი ეს ვერ მოხერხდება, უკრაინას ჰქონდეს მტრის შეჩერების საშუალება მანამ, ვიდრე სხვა მექანიზმები ამუშავდება.
აგვისტოს ომის დროს საქართველოს ასეთი საშუალებები რომ ჰქონოდა, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, რადგან დახმარება საკმაოდ მალე მოვიდა, მაგრამ მანამდე ვერ შევძელით რუსეთის შეჩერება ისე, რომ, მაგალითად, არ დაგვეკარგა ახალგორი... ამიტომ ვფიქრობ, რომ აშშ და ნატოს ქვეყნები [შეიარაღების მოწოდებით] ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელი.
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უპრეცედენტო სანქციებით ემუქრებიან. ლაპარაკია ასევე ვლადიმირ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზეც.
ასევე ნახეთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ოპოზიცია და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენამ დროს საქართველოში
საქართველოს პარლამენტში ვერ შედგა პოლიტიკურ ძალთა შეთანხმება უკრაინის მხარდამჭერი, ექსპერტების აზრით - ისედაც დაგვიანებული, რეზოლუციის შინაარსის გარშემო.
"ქართულმა ოცნებამ" უარყო ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი; ხოლო ოპოზიციისთვის მიუღებელია თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ "ოცნების" ტექსტში რუსეთის აგრესია საერთოდ არ არის ნახსენები.
მმართველი პარტია განმარტავს, რომ ტექსტის შინაარსი და ფორმულირებები საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება სახიფათოდ პასიურობს სიტუაციაში, როცა "საფრთხე პირდაპირი და მყისიერია" და საქართველოს ხმა არ ისმის მაშინ, როცა, შესაძლოა, რუსეთმა ის უკრაინას "ხურდად მიაყოლოს".
"ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ხმალამოღებულები ყველა ტრიბუნაზე. სულ მინიმუმ, საერთაშორისო მედიაში ერთმანეთის მიყოლებით უნდა იბეჭდებოდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები, მოსაზრებები თუ ინტერვიუები. უნდა ვიყენებდეთ ორმხრივ ურთიერთობებს ყველა დონეზე და სხვადასხვა დედაქალაქს მაქსიმალურად უნდა ვაწუხებდეთ", - გვეუბნება თინა ხიდაშელი.
მისი შთაბეჭდილებით, საქართველო სწორედ ახლა კარგავს იმ შანსსაც, რომ უკრაინასთან ერთად მიიღოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად საჭირო შეიარაღება.
"სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ამ დახმარების ჯაჭვის ნაწილი გავმხდარიყავით", - ამბობს თინა ხიდაშელი.
26 იანვარს, ნატოს შტაბბინაში შეხვედრებს მართავდა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და, პრესსამსახურის ცნობით, ის სიტყვითაც გამოვიდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე არ ყოფილა ლაპარაკი საქართველოსთვის, უკრაინის მსგავსად, თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესახებ.
ამავე წყაროს ცნობით, კომისიის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს შეკითხვები რეგიონული უსაფრთხოების, „სასამართლო რეფორმისა და დემოკრატიის უკუსვლის“ თაობაზე.
ელჩებმა დაადასტურეს, რომ ნატო, რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, არ აპირებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვას, რომ მომავალში საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.