ვინ როგორ გამოიყენა მითი “გამოშიგნულ მუზეუმზე”

  • რატომ ემთხვევა ერთმანეთს პრორუსი აქტორების, ნაციონალისტური დაჯგუფებებისა და ახლა უკვე კულტურის მინისტრის რიტორიკა მუზეუმზე?
  • რას ემსახურება მუზეუმიდან დაკარგულ ნივთებზე საუბარი მაშინ, როცა არც მუზეუმის ძარცვა, არც არტეფაქტების გაყალბება და არც ექსპონატების გაქრობა არ დასტურდება?
  • რა ნივთები დაბრუნდა გასულ წლებში მუზეუმში და რისი დაბრუნება ვერ ხერხდება?

იდეა იმის შესახებ, რომ მუზეუმიდან ქართული ხელოვნების ძვირფასი ნივთები ქრება, რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს ექსპონატების განადგურებასა და გაყიდვაში ადანაშაულებდა, ფილოლოგი და პოლიტიკოსი, გურამ შარაძე იყო. 20 წლის წინ მას არ მოსწონდა მუზეუმის მაშინდელი დირექტორის, ნოდარ ლომოურის პოზიცია, რომელიც მიიჩნევდა, რომ რელიგიური შინაარსის ექსპონატები, რომელთა დაბრუნებასაც საპატრიარქო ითხოვდა, მუზეუმში უნდა დარჩენილიყო. ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის - „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და „ენა, მამული, სარწმუნოება“ - დამფუძნებელი გურამ შარაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მუზეუმის ძარცვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა 2002 წელს.

„ეს მუზეუმი, სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ხელოვნების მუზეუმი არის გამოშიგნული და ყველაფერს გავაკეთებთ მის აღსადგენად“, - თქვა 2021 წლის 26 მარტს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმზე საუბრისას. რამდენიმე თვეში, 2021 წლის 3 დეკემბერს კი, პარლამენტში გამოსვლისას დააზუსტა, რას გულისხმობდა: „2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული, ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53, სავარაუდოდ, დაკარგულია“, - თქვა მან და დაამატა, რომ დეტალური ანგარიში დაკარგული ექსპონატების შესახებ 2022 წლის გაზაფხულზე ექნებოდა. მინისტრმა არც გამოძიების დაწყების შესაძლებლობა გამორიცხა.

ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ამბობს, რომ მინისტრის ხმამაღალ ბრალდებებს მტკიცებულებები არ ახლავს და, შესაბამისად, ეს სხვა არაფერია, თუ არა „ფსევდოპატრიოტული რიტორიკით ყალბი შიშის თესვა“. მათი შეფასებით, ამ ბრალდებებს ორი მიზანი აქვს: პირველი ეროვნული მუზეუმის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ინსტიტუტისთვის ზიანის მიყენება და იოლი საკადრო თუ სტრუქტურული ცვლილებები, რაც კეტავს სივრცეს განვითარებისა და პროგრესისთვის. მხოლოდ 13-14 იანვარს ხელოვნების მუზეუმიდან სამი დიდი ფონდის კურატორი გაათავისუფლეს, 15 იანვარს რეორგანიზაცია დასრულდა. მუზეუმში „საკადრო წმენდის“ შემდეგ ითქვა ისიც, რომ ის ახლა ნამდვილად „გამოშიგნულია“ გამოცდილი კადრებისა და მეცნიერებისგან, რომლებიც არაერთი წლის განმავლობაში, ნახევრად დანგრეულ შენობაში იცავდნენ საგანძურს და ცდილობდნენ, კონსერვატიული დაწესებულება თანამედროვე სახელოვნებო ინსტიტუციად ექციათ.

მითი და რეალობა მუზეუმებიდან გამქრალი ტილოების შესახებ

დაკარგული ნამუშევრების დაბრუნების პროცესსა და მნიშვნელობაზე თეა წულუკიანი ხშირად საუბრობს. მინისტრის რანგში თავისი ერთ-ერთი პირველი პრესკონფერენციაც ჩეხეთში საქართველოს საელჩოდან დაბრუნებულ ფერწერულ ტილოებს მიუძღვნა.

2021 წლის მაისში ეროვნულმა მუზეუმმა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან საზღვარგარეთ გატანილი ნამუშევრებიდან 2012-21 წლებში 550-ზე მეტი დაუბრუნდა მუზეუმს. თუკი მუზეუმში დაბრუნებული ნივთების სიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათი თითქმის მესამედი, 200 ნამუშევარზე მეტი, ავტორებს ჰქონდათ გატანილი, ნაწილი - სხვა მუზეუმებს, სახელმწიფო უწყებებსა და საელჩოებს. ყოველწლიურად მუზეუმში საშუალოდ 50 ნამუშევარი ბრუნდება.

გიორგი თოთიბაძის ეს ნამუშევარი მუზეუმს 2017 წელს დაუბრუნდა

„მახსოვს, მთავრობა რომ შეიცვალა, მაგ დროისთვის უკვე ძალიან მომწიფებული იყო გარკვეულ ჯგუფში საუბარი იმაზე, რომ გაძარცვულია მუზეუმი, ოღონდ მაშინ ხელოვნების მუზეუმზე არ იყო ლაპარაკი, უფრო ზოგადად - ეროვნულ მუზეუმზე და წინაქრისტიანული ხელოვნების ფონდზე. ეს ფონდი გამთლიანებული იყო ექსპოზიციაში “კოლხური ოქრო”, მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში და იყო ალბათ ყველაზე წარმატებული საერთაშორისო სამუზეუმო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 2012 წელს, ამ საუბრის კონტექსტი იყო ის, რომ ეროვნული მუზეუმი მავნებელი და არაეროვნულია“, - იხსენებს რადიო თავისუფლებასთან ხელოვნებათმცოდნე, სოფო კილასონია.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, 2013 წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის, გურამ ოდიშარიას ბრძანებით, სპეციალური კომისია შეიქმნა იმის დასადგენად, რა ექსპონატები გადიოდა და შემოდიოდა 2004-2012 წლებში ეროვნულ მუზეუმში. კომისიის 12-მა წევრმა რამდენიმე თვე იმუშავა და დაასკვნა, რომ „ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“.

ასევე ნახეთ ნაპრალები კულტურაში - მუზეუმები ნახევრად დანგრეულ შენობებში

„კულტურის სამინისტროს გამოყოფის და თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაიწყო პირდაპირი შტურმი ეროვნულ მუზეუმზე და ის ადამიანები, ვინც ვიყავით მხარდამჭერები ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში ჩვენი მუზეუმის ყოფნისა… და ვემზადებოდით განვითარების იმ გეგმის შესასრულებლად, რაც იყო დასახული წლების განმავლობაში ეროვნული მუზეუმის მიერ, ის ადამიანები მოგვიშორეს.

მუზეუმში მოსვლისას თქვეს, რომ აქ მუქთახორები და უსაქმურები მუშაობდნენ, რომ მუზეუმი გამოშიგნულია. ჩატარდა შეჯერება და ძირითადად ყველაფერი ადგილზეა, რაც ადგილზე არ არის, დოკუმენტაციით არის გატანილი დროებით სადმე და რაც დაკარგულია, იმის დოკუმენტაციაც არსებობს. ეროვნული მუზეუმის შექმნის შემდეგ [2005 წელი] არაფერი ეგეთი დანაკარგი არ მომხდარა, როგორ საგანგაშოდაც აცხადებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნანა ბურჭულაძემ, შუა საუკუნეების ხელოვნების ფონდის ყოფილმა კურატორმა. ის ხელოვნების მუზეუმიდან 14 იანვარს გაათავისუფლეს.

ალექსანდრე მაღლაკელიძის ქანდაკებები მუზეუმს 2017 წელს დაუბრუნდა

ხელოვნების მუზეუმის კიდევ ერთი ყოფილი კურატორი, რომელიც ფერწერისა და გრაფიკის ფონდზე იყო პასუხისმგებელი არაერთი წლის განმავლობაში, ნინო ხუნდაძე, გვიყვება, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილების გაცნობამდე ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა მას ჰკითხა, რატომ არ წერდა წერილებს სამინისტროს მის ფონდებში დაკარგული ნამუშევრების შესახებ.

„დანაკარგები არსებობს და ეს დანაკარგები არის ძველი. ახლა რატომღაც ცდილობენ სურათი ისე დახატონ, თითქოს მხოლოდ ბოლო წლებში იყო დანაკარგები... ოფიციალურად არანაირი საქმე ამაზე აღძრული არ არის, არც მტკიცებულებებით გამყარებული დისკუსია უწარმოებიათ და არც დიალოგში მოგვყვებიან, რომ დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ [მუზეუმის გამოშიგვნაში]. ერთადერთი, რაზეც ლაპარაკობენ, არის საქართველოს საელჩოებში წარმოდგენილი ნამუშევრები, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტაციით იყო გაცემული მუზეუმიდან. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა“, - ამბობს სოფო კილასონია.

ეროვნული გალერეის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე იხსენებს მუზეუმიდან ჯერ გასულ საუკუნეში გატანილ აივაზოვსკის „ბაირონის ჩასვლას წმინდა ლაზარეს კუნძულზე“. ტილო გასული საუკუნის 70-იან წლებში ერევანში გაიგზავნა საგამოფენოდ და როცა მუზეუმმა მისი უკან დაბრუნება მოინდომა, აღმოჩნდა, რომ ერევნის მუზეუმის ბალანსზე ირიცხებოდა, რაც ვითარებას ართულებს.

ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრები მუზეუმს 2012-2014 წლებში დაუბრუნდა

დაკარგულ ნამუშევრებთან დაკავშირებით სხვადასხვა მუზეუმში სხვადასხვა პრაქტიკაა. თუკი ხელოვნების მუზეუმის კურატორებს პასუხს სთხოვენ ათწლეულების წინ გაუჩინარებულ ექსპონატებზე, ხელოვნების სასახლეში, 2009 წელს დაწყებული ინვენტარიზაციის შედეგად, სამინისტროს თანხმობით, ჩამოიწერა ადრეულ პერიოდში დანაკლისად აღიარებული და დაზიანებული ნივთები, ძირითადად წიგნები, ფოტოები, დისკები, ფირფიტები, ხელნაწერები და ქანდაკებები. სამხატვრო აკადემია კი თავის საკუთრებაში არსებული ექსპონატების შესახებ სრულ ინფორმაციასაც არ ფლობს, რაც მის ფონდებში დაცული ექსპონატების დაცვაზე კონტროლს შეუძლებელს ხდის.

რობერტ სტურუას ეს ნამუშევარი ეროვნულ გალერეაში ინახება. ის ფონდში 2014 წელს დაბრუნდა

ვის რისთვის სჭირდება “გამოშიგნულ მუზეუმზე” საუბარი

ხელოვნებათმცოდნეებისა და სამუზეუმო სფეროს სპეციალისტების დაკვირვებით, „გამოშიგნულ მუზეუმსა“ და „გაყიდულ საგანძურზე“ ძირითადად პოპულისტი არაპროფესიონალები, პრორუსი აქტორები ან ის ჯგუფები საუბრობენ, ვინც რელიგიური შინაარსის ექსპონატების ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს. ამ ჯგუფებს ის აერთიანებთ, რომ არ მოსწონთ ეროვნული მუზეუმის პოლიტიკა და არ ეთანხმებიან სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს. „ცრუ შიშების თესვა“ რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის გზაც არის და ინსტიტუციების რეპუტაციულად დამაზიანებელიც.

სოფო კილასონია თვლის, რომ ცრუ ბრალდებები დიდი პრობლემა მაშინ ხდება, როცა მას რიგითი ადამიანების ნაცვლად სახელმწიფო მოხელეები და ამ შემთხვევაში, კულტურის მინისტრი აჟღერებს.

„მტრის ხატის შექმნა და შიშის თესვა, რომ საფრთხე ემუქრება ქართული ხელოვნების კოლექციებს, ამ ეტაპისთვის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ქართული ხელოვნების დაცვას და განვითარებას აქვს პრობლემები და ეს არის დაბალი ხარისხის სახელოვნებო, სამუზეუმო, სამეცნიერო მდგომარეობა და ეს გამოწვეულია იმით, რომ კულტურის პოლიტიკაში საერთოდ არ არის გააზრებული სახელოვნებო განათლების გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო ცოდნითა და სტანდარტებით ახალ საფეხურზე აყვანა. ამის ფონზე საუბარი, რომ ძეგლებს ვიღაც იპარავს და სადღაც მიაქვს, ამ მითის პროპაგანდა, სულ მცირე, არის ინფანტილიზმი და სიბრიყვე, თუ არა მავნებლობა“, - ამბობს სოფო კილასონია. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კულტურულ ინსტიტუციაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც თანასწორუფლებიანი დიალოგი აქვს საერთაშორისო მუზეუმებთან, ამგვარი თავდასხმები შემთხვევით არ ხდება.

ხელოვნებათმცოდნეები არ დავობენ იმაზე, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და ექსპონატების საზღვარგარეთ გამოფენა. „დიმიტრი შევარდნაძემ, ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მოღვაწემ ქართულ კულტურასა და სამუზეუმო საქმეში, იცით, რითი დაიწყო მუშაობა? მცდელობით, ნიკო ფიროსმანის გამოფენა გაეტანა დრეზდენის გალერეაში - მაშინ მას ამის უფლება არ მისცა საბჭოთა რეჟიმმა, 1930 წელზეა საუბარი. მან და გიორგი ჩუბინაშვილმა მოახერხეს, რომ გაეკეთებინათ შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების გამოფენა გერმანიაში. დიდი მოღვაწეები ძალიან კარგად ხედავდნენ იმას, რომ ჩვენნაირმა პატარა ქვეყნებმა დიდი კულტურით, ეს კულტურა უნდა გააცნონ დანარჩენ სამყაროს. ეროვნული მუზეუმი რაზეც იღებდა ყველაზე დიდ დარტყმას წლების განმავლობაში, საერთაშორისო გამოფენები იყო“, - იხსენებს ეკა კიკნაძე.

სხვადასხვა დროს ნივთების დაკარგვის ან ფონდების განადგურების ბრალდებები ისმოდა სხვადასხვა მუზეუმის მისამართით.

  • 2015 წელს ზუგდიდში, დადიანების სასახლეში დაცული ფონდის მთლიანობაზე ეჭვებს საჯაროდ გამოთქვამდა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და მუზეუმში დაცული საეკლესიო ნივთების აღსაწერად კომისიის შექმნას ითხოვდა.
  • 2011 წელს საზოგადოების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ მესტიის მუზეუმის ექსპონატები დროებით საცავში ნადგურდებოდა. მაშინ თეა წულუკიანიც საზოგადოების ამ ნაწილის მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო. მაშინდელი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა სვანეთის საგანძურის განადგურების საფრთხეს „უსინდისო ტყუილად“ აფასებდა.
  • 2019 წელს, როცა ქართული საგანძური ფრანკფურტში იფინებოდა, ითქვა, რომ დაიკარგა ვანში აღმოჩენილი და ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის „12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა“.

თავდასხმების სამიზნე ყველაზე ხშირად მაინც ხელოვნების მუზეუმი იყო. ამის მიზეზი შესაძლოა იქ დაცული ქრისტიანული ხელოვნების ძეგლებია, შესაძლოა ის, რომ თავად მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ინსტიტუცია იყო წლების განმავლობაში.

გამოფენა: „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან". ეს იყო ბოლო გამოფენა ხელოვნების მუზეუმში, სანამ ის სარეაბილიტაციოდ დაიკეტებოდა დამთვალიერებლისთვის. 7 მარტი, 2017

„ხელოვნების მუზეუმი ყოველთვის იწვევდა გარკვეული ჯგუფების მხრიდან არაჯანსაღ ინტერესს და დამოკიდებულებას. ეს არის ალბათ დამახასიათებელი იმგვარი ქვეყნებისთვის, სადაც ინსტიტუციებისადმი ნდობა არის დაბალი და საქართველო, სამწუხაროდ, ასეთი ქვეყნების სიას მიეკუთვნება.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი მუზეუმი, რომელზეც ერთი სრულფასოვანი პუბლიკაციაც კი არ არსებობს, რომელიც ამ კოლექციებს ასახავს. ხელოვნების მუზეუმი ყოველთვის იყო ჩაკეტილი და გასაიდუმლოებული… სამეცნიერო შესწავლა, ინტეგრირებული კვლევა, კოლექციების მოქცევა საერთაშორისო, სამუზეუმო ბაზებსა და სამეცნიერო მიმოქცევაში არის მთავარი მიზანი, რაც სჭირდება ამ მუზეუმს და სწორედ ამას ეწინააღმდეგებოდნენ ეს ძალები“, - ამბობს ეკა კიკნაძე, ეროვნული გალერეის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ნიკა ახალბედაშვილმა 2021 წელს ლაბორანტად ჩამოაქვეითა.

ასევე ნახეთ ურმებით გაზიდული საგანძური და მეორე ექვთიმე

ეროვნულ მუზეუმზე ერთ-ერთი ყველაზე „სისტემატური თავდამსხმელი“ და „ხელოვნების მუზეუმის საგანძურის მცველი“ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილია. ის აწყობდა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად აქციებს ხელოვნების მუზეუმის ეროვნული მუზეუმიდან გამოყოფის მოთხოვნით და აგროვებდა „მტკიცებულებებს“ ხელოვნების მუზეუმის მიზანმიმართული განადგურების შესახებ.პატრიოტთა ალიანსი“ პროკურატურას ექსპონატების გაქრობისა და გაყალბების ფაქტების გამოძიებას სთხოვდა, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს კი - ხელოვნების მუზეუმისთვის დამოუკიდებლობის აღდგენას, ანუ ეროვნული მუზეუმის სისტემიდან გამოყოფას.

ნინო მიქიაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შენობასთან აქციას მართავს; 2019 წლის 16 ივლისი.

Youtube-ზე იძებნება 2014 წელს ნინო მიქიაშვილის გადაღებული ვიდეო, სადაც ის ხელოვნების მუზეუმიდან ეროვნულ გალერეაში ნამუშევრების გადატანის პროცესს „ხელოვნების მუზეუმის ძარცვად“ მიიჩნევს. ამ დროს მუზეუმიდან გალერეაში ნამუშევრები შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე გადაჰქონდათ გამოფენისთვის “პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში”.

მიქიაშვილი მინისტრ წულუკიანთან დაახლოებული პირია.

თეა წულუკიანი მინისტრად დანიშვნის შემდეგ თითქმის სრულად ასრულებს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ ყველა იმ მოთხოვნას, რაც პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს ჰქონდათ წლების განმავლობაში. ის უარს ამბობს ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებული დროებითი სივრცის გამოყენებაზე ხელოვნების მუზეუმის ფონდების გადასატანად და ფაქტობრივად გაათავისუფლა ხელოვნების მუზეუმი ეროვნული მუზეუმის მართვის სისტემიდან იქ ახალი მენეჯმენტის დანიშვნით, რომელიც უშუალოდ მინისტრს ექვემდებარება.

„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული მოძრაობა პუშკინის სკვერში აქციას მართავს; 2019 წლის 19 ოქტომბერი

„პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ხელოვნების მუზეუმთან მოთხოვნები აქვს საპატრიარქოსაც. ეკლესია სახელმწიფოს ანჩისხატის გადაცემას სთხოვს - არსებობს ვარაუდი, რომ ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაციის შემდეგი ეტაპი შეიძლება სწორედ ეკლესიის მოთხოვნების დაკმაყოფილება იყოს. თუკი ეს პროცესი დაიწყება, ანჩისხატი არ იქნება ერთადერთი ექსპონატი, რომელიც მუზეუმიდან გავა, შიშობენ სპეციალისტები.

ასევე ნახეთ მოსაყდრე შიომ პრემიერს შეახსენა, რომ ანჩისხატი საპატრიარქოს გადასცენ

რეალური პრობლემები სამუზეუმო ფონდების აღრიცხვისა და დაცვის სფეროში

„სინამდვილეში ჩვენი კულტურული ცხოვრება და გარემო ღარიბია იმის გამო, რომ ყველაფერი საცავებშია ჩაკეტილი და მუზეუმი ჩვენი ცხოვრების ნაწილი არ არის. კულტურის ინდუსტრია და კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა არ ვითარდება და ვერც განვითარდება, თუკი ინსტიტუციები გამოიშიგნება ინტელექტუალური რესურსისგან, თუკი სამინისტრო შეავსებს მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს ერთგულების და არა პროფესიონალიზმის ნიშნით, როგორც ახლა აკეთებს“, - ამბობს სოფო კილასონია.

სამუზეუმო სფეროში პრობლემები ვრცელი და ფართოა: არ არსებობს მუზეუმების მართვის გამართული სისტემა, ეროვნულ მუზეუმს წინააღმდეგობის ფონზე უწევდა წლების განმავლობაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, გაუმართავი და მოუწყობელია ფონდების უმეტესობა, საზოგადოების კავშირი მუზეუმებთან სუსტია და ცოდნაც ნაკლებია იმის შესახებ, რას ვგულისხმობთ კონკრეტულად, როცა ეროვნულ საგანძურზე ვსაუბრობთ. გამოწვევაა პროფესიონალი კადრების ნაკლებობა, მწირი ანაზღაურება და სახელოვნებო განათლების ხარისხი.

ეჭვებს „გამოშიგნული მუზეუმებისა“ და „გაყიდული საგანძურის“ შესახებ ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის სამუზეუმო სფეროში ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემის არარსებობა. 2020 წელს აუდიტის სამსახური წერდა, რომ ამგვარი სისტემის არარსებობა ხელს უშლის სამუზეუმო ექსპონატების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, შენახვასა და პოპულარიზაციას, ართულებს ინვენტარიზაციის პროცესს და ზრდის სამუზეუმო ფასეულობათა დაკარგვისა და უკანონო გამოყენების რისკებს; არ არსებობს არც ინვენტარიზაციის ერთიანი სტანდარტი და არც პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს ამა თუ იმ უწყებამ დანაკლისების შემთხვევაში.

2016 წელს, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დახმარებით, განათლების სამინისტრომ შექმნა „მუზეუმების კოლექციების ერთიანი საინფორმაციო სისტემა“, თუმცა 4 წლის შემდეგ, 2020 წელს, მასში საქართველოში არსებული 315 მუზეუმიდან ჩართული იყო მხოლოდ 21 (მთლიანი რაოდენობის 6%).

დღეს ამ სისტემაში სულ 24 მუზეუმის 44 598 ნამუშევარია გაერთიანებული, თუმცა სისტემა ფართო საზოგადოებისთვის დახურულია. დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს მხოლოდ მუზეუმების ჩამონათვალი, თითოეულის მიერ სისტემაში შეყვანილი ექსპონატების რაოდენობა და ის, თუ როდის განაახლა ბოლოს თითოეულმა მუზეუმმა ამ სისტემაში ინფორმაცია. მუზეუმების კოლექციების ერთიანი საინფორმაციო სისტემიდან ასეთი სურათი იხატება:

  • ყველაზე მეტი, 16 539 ექსპონატი, სისტემაში ხელოვნების სასახლეს აქვს შეტანილი, თუმცა ეს მისი ფონდის 10%-იც კი არ არის. ხელოვნების სასახლეს, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 700 000-ზე მეტი ექსპონატი ჰქონდა 2020 წელს.
  • ძირითადი ფონდის აღრიცხვა და ერთიან საინფორმაციო სისტემაში ექსპონატების განთავსება დასრულებული აქვს მხოლოდ 3 მუზეუმს: ივანე მაჩაბლის მუზეუმს, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმს. აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ძირითად ფონდში 38 ექსპონატია, დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმში 551, ივანე მაჩაბლის მუზეუმში კი - 21.
  • მუზეუმების ნაწილს წლებია არ განუახლებია მონაცემები მუზეუმების კოლექციების ერთიან საინფორმაციო სისტემაში. მაგალითად, მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმმა ბოლოს ინფორმაცია 2017 წლის 22 ნოემბერს განაახლა.

ხელოვნების ნიმუშების არასათანადო აღნუსხვა მხოლოდ ერთი ფრაგმენტია იმ დიდი პრობლემისა, რასაც საჯარო უწყებების მიერ საკუთარი აქტივების არაჯეროვანი ინვენტარიზაცია და მართვა ჰქვია. აუდიტის სამსახურიც სამუზეუმო ექსპონატების დაცულობის საკითხს ამ პრობლემის ჭრილში იკვლევდა.