საყოველთაოდ ცნობილია 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის გამო, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენისა და დაბრუნების ისტორია, მაგრამ ცოტას თუ ახსოვს, რომ საქართველოდან არანაკლები ღირებულებისა და მნიშვნელობის საგანძური იქნა გატანილი რუსეთში, საიდანაც მხოლოდ ნაწილის დაბრუნება მოხერხდა, თანაც მოხერხდა ცალკეული ადამიანების უდიდესი ძალისხმევის ფასად.
მეორე ექვთიმე
შალვა ამირანაშვილი, რომლის სახელსაც ატარებს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სულ რაღაც 24 წლის იყო, როცა თავის პედაგოგზე, ექვთიმე თაყაიშვილზე არანაკლები მამულიშვილობა გამოავლინა.
1923 წელს, რუსეთში ყოფნისას, სწორედ შალვა ამირანაშვილმა და იური მარმა (ნიკო მარის შვილმა) შეადგინეს სია იმ ქართული ხელნაწერებისა, რომლებიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სააზიო მუზეუმში ინახებოდა და, რომელთა დიდი ნაწილი დღეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებს ამშვენებს.
საქმე ისაა, რომ ერთი წლით ადრე, 1922 წლის 20 ივნისს საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას უბრუნებდნენ სამუზეუმო და საარქივო კოლექციებს, რომლებიც, დადგენილების ტექსტის მიხედვით, „წამოღებული იყო მეფის მთავრობის მიერ და ინახებოდა რუსეთის საცავებში“.
შალვა ამირანაშვილი თავისი მივლინების შესახებ 1968 წელს დაწერილ სტატიაში იხსენებს რუსეთის განათლების სახალხო კომისრის მოადგილის, პროფესორ პოკროვსკის სიტყვებს:
„მეფის ხელისუფლება ავიწროებდა საქართველოს, ითვისებდა და იტაცებდა ერის კულტურის განძს, საბჭოთა ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს ეს შეცდომა და განამტკიცოს რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობა“.
თუმცა, ამგვარი გულისმოსაგები და გაცხადებული ხელგაშლილობის მიუხედავად, ახალგაზრდა მეცნიერს ნამდვილი ბრძოლების გადატანა მოუხდა საქართველოდან გატაცებული ყოველი ნივთის მოძიებისა და დაბრუნებისთვის.
„მოსკოვში მუშაობის დროს განსაკუთრებით მაინტერესებდა მიხაილ ბოტკინის კოლექციის ბედი. კოლექცია შედგებოდა ქართული მინაქრების ბრწყინვალე ნიმუშებისგან, რომელთა დიდი ნაწილი მოტაცებული იყო საქართველოს საგანძურიდან: გელათიდან, მარტვილიდან და ჯუმათიდან“, - იხსენებდა წლების შემდეგ შალვა ამირანაშვილი, - „აღმოჩნდა ბოტკინის კოლექცია მთლიანად იყო ჩამორთმეული მთავრობის მიერ და ინახებოდა სახელმწიფო საგანძურში. მე დაუყოვნებლივი მივმართე ამ დაწესებულების დირექტორს, რომელმაც მაცნობა, რომ მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეუძლია მოგვცეს გარკვეული პასუხი - ინახება თუ არა მათ საგანძურში ბოტკინის კოლექცია“.
ეს უარის ტოლფასი პასუხი იყო...
ამხანაგ სოსოს ზარი
შალვა ამირანაშვილი იხსენებს, რომ სასოწარკვეთილს კრემლთან შემთხვევით შეხვდა ალიოშა სვანიძე, რომელთანაც სტუდენტობის დროინდელი კარგი ნაცნობობა აკავშირებდა. ბედად, სვანიძე მარტო არ იყო, თან ახლდა სტალინი და აბელ ენუქიძე.
„თავაზიანად გააცნო ჩემი საქმიანობა სტალინს და მკითხა, როგორ მიმდინარეობდა კოლექციების მიღების საქმე. მე დაწვრილებით მოვახსენე საქმის ვითარება და კერძოდ შევჩერდი იმ დაბრკოლებაზე, რომელიც აფერხებდა ბოტკინის კოლექციების მიღების საქმეს. სვანიძემ მაშინვე მიმართა სტალინს: ამხანაგო სოსო, გთხოვთ დაეხმაროთ ამ ახალგაზრდას. სტალინმა უბის წიგნაკი ამოიღო, თავისი ტელეფონის ნომერი ჩაწერა, ფურცელი გადმომცა მითხრა: ხვალ დილის 11 საათზე დამირეკეთ და მაცნობეთ საქმის ვითარება“.
სტალინის ჩარევის შემდეგ (სატელეფონო საუბარი „დაწესებულების“ ჭირვეულ ხელმძღვანელთან) აჩვენეს კოლექცია და გაირკვა, რომ ქართული მინაქრების კოლექცია მთლიანია:
„კოლექციაში აღმოჩნდა გელათიდან წაღებული ღვთისმშობლის ხატი მინაქრისა, რომელიც ერთ დროს ამშვენებდა ხახულის კარედი ხატის ცენტრალურ ნაწილს; იქ იყო აგრეთვე ჯუმათისა და შემოქმედის ტაძრების მინაქრის ხატები, ჯვრები და სხვა განძეულობა“.
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შალვა ამირანაშვილმა ეს განძეულობა საქართველოში ჩამოიტანა და ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
ისტორიკოს ბონდო კუპატაძის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს სამუზეუმო განძეულობის დიდი ნაწილი რუსეთში აღმოჩნდა.
„ქართული საეკლესიო საგანძურის გატანამ განსაკუთრებულად ორგანიზებული სახე მიიღო 1811 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. სხვადასხვა შეფასებით გატანილი იქნა 150 მლნ რუბლის ფასეულობა. გაძარცვული ეკლესიების უმეტესობა დაიხურა, დანარჩენში კი სლავურად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ამგვარმა პოლიტიკამ 1818-1819 წლებში დასავლეთ საქართველოში აჯანყებაც კი გამოწვია“, - უთხრა ბონდო კუპატაძემ რადიო თავისუფლებას.
შალვა ამირანაშვილმა მოსკოვის სახელმწიფო საისტორიო მუზეუმში ასევე მიაკვლია საფარის ეკლესიის კანკელის (XI ს) ფილებს შემკულს რელიეფური ქანდაკებებითა და ჩუქურთმებით, რომლებიც რუსეთში ჩაიტანა ცნობილმა არქეოლოგმა პრასკოვია უვაროვამ. იქვე იყო ფრაგმენტი წებელდის კანკელისა და ბედიის ქანდაკებათა ნიმუშები. შალვა ამირანაშვილის ძალისხმევით (რაშიც მეცნიერულ კამათში გამარჯვებაც იგულისხმება), საფარის კანკელის, წებელდისა და ბედიის ტაძრის ქანდაკებანი საქართველოში დაბრუნდა.
არქივი - საჭურჭლე, გოდორი, დავთარხანა
საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივის ძველი აქტების განყოფილებაში დაცულია 900-მდე ქართული ხელნაწერი წიგნი და 26 ათასამდე საბუთი, ხოლო ხელნაწერთა ცენტრში - 10 ათასამდე ხელნაწერი წიგნი და 37 ათასამდე საბუთი V საუკუნიდან XVIII საუკუნემდე.
საქართველოს არქივები ისევე მრავალსაუკუნოვანია, როგორც ქართული დამწერლობა და წერილობითი ძეგლები. ძველი ქართული დამწერლობის ნიმუშებმა ჩვენამდე მოაღწიეს მატერიალური კულტურის ძეგლებზე წარწერებისა და პალიმფსესტების სახით, XI საუკუნიდან კი უკვე მოგვეპოვება ქაღალდზე ნაწერი წიგნები და საბუთები: ცურტაველის „წმინდა შუშანიკის წამება“, რომელიც XI საუკუნეშია გადაწერილი... სასულიერო ხასიათის ხელნაწერები: ადიშის ოთხთავი (897 წ), ჯრუჭის ოთხთავი (936 წ), ალავერდის ოთხთავი (1054 წ), მამათა ცხოვრება (XII). საერო ხასიათის ძეგლებიდან ხელნაწერები: „ქართლის ცხოვრება“ (XV-XVIII), ვეფხისტყაოსანი (XVII-XVIII), რუსუდანიანი (XVII), როსტომიანი (XVII), ყარამანიანი (XVIII), ვახტანგ VI კანონები, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი და “მოგზაურობა ევროპაში” (XVII). აქვეა იურიდიული ხასიათის სიგელ-გუჯრები, მათ შორის ბაგრატ IV-ის სიგელი მიჯნაძორელ მამებისადმი (XI), დავით აღმაშენებლის ანდერძი (XII), თამარ მეფის სიგელი გელათის მონასტრისადმი (1189 წ), ხელმწიფოს კარის გარიგება (XIV) და ა.შ.
საქართველოში საარქივო საქმის განვითარებაზე მეტყველებს ისიც, რომ, სპეციალისტების თქმით, ძირძველი ქართული სიტყვა “საჭურჭლე“ ესადაგებოდა საქართველოს გვიანდელ დროში დამკვირდრებულ უცხო ტერმინ „არქივს“, ხოლო „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ირკვევა, რომ ზარდახანის საბუთსაცავს, სადაც ინახებოდა ოფიციალური დოკუმენტები, „გოდორი“ რქმევია, არქივისტს კი - „მეგოდრე“.
ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, XIII საუკუნეში, მონღოლთა ბატონობის დროს საქართველოში სახელმწიფო დავთარხანა ყოფილა, რომელშიც ხალხის აღწერის და შემოსავლის დავთრები ინახებოდა.
ვინ რა წარიღო...
საქართველოს სამეფო არქივები არაერთი ისტორიული უბედურების მომსწრეა. ისტორიკოს ბონდო კუპატაძის თქმით, უხეში გათვლებითაც კი, შემორჩენილია წერილობითი საგანძურის მხოლოდ 5-10%. ასევე მრავლისმეტყველია ქართული ხელნაწერების გაფანტვის გეოგრაფია, რომელიც თითქმის მთელ დედამიწას მოიცავს.
„პირველი ცნობა საქართველოდან ქართული ხელნაწერების გატანის შესახებ გვხდება იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“, საიდანაც ვიგებთ, რომ თემურ ლენგმა ორი ურემი ხელნაწერი გაიტანა“, - ამბობს ბონდო კუპატაძე.
„მეისტორიენი და მოგზაურნი კაცნი იტყვიან და მსმენიეს მე თვით, რომელ ლანგთემურმა, რაიცა საღრმთო ანუ სხვანი წერილნი წარიღო საქართველოდამ თურქისტანსა შინა, გააკეთებინა ქვიტკირისა დიდი სახლი და რკინისა ფანჯარანი და კარნი შეასხა, და მას შინა დასდო ყოველივე წერილნი და წიგნნი და დასდო წყევა, რომელ არავინ განიღოს მუნიდგან იგი წერილნი, და არც აწცა ისევ ისე დაკრძალული“, - ვკითხულობთ იოანე ბატონიშვილთან, რომლის ამ ნათქვამს, ბონდო კუპატაძის თქმით, ისტორიკოსები სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ცნობილი ირანისტი დევი კაციტაძე ჰყვებოდა, რომ ავღანეთში ინტერვენციის დროს თითქოსდა საბჭოთა ოფიცრებს ჰერათის ერთ-ერთ მეჩეთში უნახავთ ქართული ხელნაწერები...
საქართველო ასევე პირწმინდად გაიძარცვა შაჰ-აბას I-ის ცნობილი ლაშქრობის (1616 წ) დროსაც. ბონდო კუპატაძის თქმით, იმდენად მასშტაბური და დაუნდობელი იყო მომხვდური, რომ ხალხმა გარეჯის გაუდაბურებასაც კი ამ შემოსევას დაუკავშირა, რაც, ცხადია, სინამდვილეს არ შეესაბამება.
„მაშინაც დიდი რაოდენობით ხელნაწერი და საეკლესიო საგანძური იქნა გატანილი. ძირითადად ეს ხელნაწერები იყო სახარების ტექსტები, მაგრამ იყო სხვა ტიპის ტექსტებიც. ყველა ხელნაწერი იყო მდიდრულად შემკული ძვირფასი თვლებით, მოჭედილი ოქროსა და ვერცხლის ფურცლებით“, - ამბობს ბონდო კუპატაძე.
საქართველოს საეკლესიო საგანძურისა და ხელნაწერების ნაწილი გაიტანეს ევროპელმა მისიონერებმა და მოგზაურებმა, საგანძურის ნაწილი რუსეთი გაიყოლა ვახტანგ VI-მ და მისმა ამალამ, თუმცა, როგორც ბონდო კუპატაძე ამბობს, ყოველივე ეს ახლოსაც კი ვერ მივა იმასთან, რაც XIX საუკუნეში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დაიწყო.
ურმებით გაზიდული განძი
ცნობილ ქართველ ისტორიკოსს, თედო ჟორდანიას 1884 წელს გამოცემულ „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთ (ცარიელ) ფურცელზე ჩაუწერია:
„მცხეთის დეკანოზმა მიამბო მე, თედო ჟორდანიას: 1882 წელს რომ მცხეთაში გაუგზავნიათ ვითომ ნამესტნიკის ბრძანებით ყაზახები და ყაზახის აფიცრები. მოუთხოვნიათ საარქეოლოგიო ნივთები ახლად გახსნილი ტფილისის მუზეუმისთვის. დეკანოზს მოუთხოვია, რომ სიით წაეღო, მაშინ ყაზახის აფიცერმა შეუტია თურმე და მათრახი მოუქნია, როგორ უბედავ ნამესტნიკს ხელწერილის ჩამორთმევასო... დეკანოზს დაუნებებია: ორი ურემი წიგნები, უმეტესი ტყავისა, ხატები, კვერთხები, თვალ-მარგალიტი. დეკანოზის ნათქვამი დაამტკიცა მიხეილ პავლეს საბინინმა, რომელსაც თვით ენახა ეს ამბავი, საქვეყნოთ წარმოსთქვა მან ესე საეკლესიოდ მუზეუმში ჩვენთან მრავალჯერ... ეს ნივთები ახლა ყველა გამქრალა და არ მოიპოვება რა. თურმე რადეს გაუყიდნია. საბინინს უნახავს ბრილიანტის ჯვარი ქართული წარწერით ლაიპციგის მუზეუმში, მიუნხენში. პარიზისა და ვენის მუზეუმებშიც. ბევრი ნივთი უნახავს, რაც თბილისის მუზეუმში ყოფილა წინეთ შენახული. ქართული წიგნები უმეტესად გაყიდულია შვეიცარიაში, ინგლისში, ლონდონში და პარიზში. პარიზის სამეფო მუზეუმში უნახავს ნიქოზის ეკლესიის კუთვნილი ოქროთი ნაწერი ძველი წირვა წმინდის იაკობის“.
ცხადია, ამ ორი ურმით არც დაწყებულა საქართველოს ძარცვა და არც - დასრულებულა. ნიკოლოზ დურნოვო (1876-1936) იმ თავის ცნობილ ნაშრომში, „ქართული ეკლესიის ბედი“, თვალსაჩინოდ აღწერს, როგორ მიზანმიმართულად იძარცვებოდა და შემდეგ იხურებოდა ქართული ეკლესია-მონასტრები რუსი ეგზარქოსების ხელში:
„1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია...ამას ემატება ქართული მონასტრებისა და სალოცავების ძარცვა. ნაძარცვი ათეულობით მილიონობით მანეთს შეადგენს. ხაზინამ წაიღო 150 მილიონ მანეთად ღირებული ქართული საეკლესიო ქონება... გელათის მონასტრის საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა; მათ შორის იყო: 1) ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანქრით გაწყობილი XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება, რომელიც ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა, რომელმაც მოხსნა ოქროს მოჭედილობა და იგი შეცვალა საზიკოვის იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით. ამჟამად ეს ძვირფასი ოქროს მჭედლობა ინახება პეტერბურგში, სტროგანოვის მუზეუმში, სადაც იგი გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი. ინგლისელები სახარების ოქროს მოჭედილობაში იძლეოდნენ ასი ათას ფუნტ სტერლინგს. 2) ოქრომკედით მოქარგული და მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი იმერეთის კათალიკოსების პატრიარქის შესამოსელი... ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდების დასამზადებლად... განძეულის დატაცებასა და შეცვლაში ადანაშაულებდნენ გრაფ პანინსა და გენერალ ლევაშევს, რომლებმაც ნებართვა ეგზარქოს ევსევისგან აიღეს. ...ზუსტად ასევე გაქრა აურაცხელი ძვირფასეულობა: ოქროს ჭურჭელი, ჯვრები და სხვა განძეული მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. ამათ მიჰყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედისა და სხვა მონასტრებიდან...“
ბონდო კუპატაძის თქმით, კერძო კოლექციონერები (ზვენიგოროდსკი, ბოტკინი და სხვები) იაფად ყიდულობდნენ რუსი მღვდლებისგან ქართულ საეკლესიო საგანძურს (ჯუმათის მონასტრის ძარცვის ისტორია), რომელშიც შედიოდა ყველა სახის ნივთი, მათ შორის ხელნაწერებიც.
„ის, რაც ახლა ევროპისა და მსოფლიოს სხვა მუზეუმებშია დაცული, ძირითადად რუსი კოლექციონერების მიერ არის საქართველოდან გატანილი და გაყიდული“, - ამბობს ბონდო კუპატაძე, - „რუსეთის სახელმწიფო მუზეუმებიც ცდილობდნენ მათ ხელში ჩაგდებას, თუმცა კოლექციონერები ევროპაში გატანით მეტ სარგებელს ნახულობდნენ“.
საქართველოს საეკლესიო საგანძურის გადინების შეჩერება მხოლოდ პირველმა რესპუბლიკამ შეძლო. 1920 წლის 28 მაისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ გამოსცა დეკრეტი საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და სხვა საკულტო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვის თაობაზე. ამ დეკრეტის მეორე პუნქტით, რესპუბლიკის განათლების მინისტრის ნებართვის გარეშე იკრძალებოდა გაეტანათ შემდეგი ნივთები: ყოველგვარი საეკლესიო ნივთი და სამკაული, ხატი, ჯვარი, ჭურჭელი, შესამოსელი, ნაკერ-ნაქარგი ნივთები, ხელნაწერი და ძველი ნაბეჭდი წიგნები, სიგელ- გუჯარნი, ქანდაკებანი, ჩუქურთმიანი ქვები და სხვა ჩუქურთმიანი ნივთები.
საქართველომ 2006 წელსაც სცადა რუსეთიდან სამუზეუმო განძეულობის დაბრუნება, როცა ისეთი კანონის მიღებაზე დაიწყო მსჯელობა, რომელიც უკანონოდ გამოაცხადებდა 1801 წლიდან რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული რელიგიური პოლიტიკას და, რომელიც რუსეთში გატანილი საეკლესიო საგანძურის უკან დაბრუნების შესაძლებლობას შექმნიდა, თუმცა, როგორც კანონპროექტის ავტორმა მანანა ჯებაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დეპუტატებმა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. ქართული სამუზეუმო საგანძურის ამგვარი გზით დაბრუნება შეუძლებლად მიაჩნიათ ისტორიკოსებსაც. ბონდო კუპატაძის თქმით, ბევრი სხვა გარემოების გარდა, მუშაობს ე.წ. სამუზეუმო ფსიქოლგიაც: არ აქვს მნიშვნელობა რა გზით მოხვდა ნივთი მუზეუმში, თუ მოხვდა, უკვე მუზეუმის საკუთრებად მიაჩნიათ!
„დამალვასაც არ თაკილობენ. გიორგი XII-ის ნივთები ერმიტაჟმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოაჩინა“, - უთხრა ბონდო კუპატაძემ რადიო თავისუფლებას.