„პირველ რიგში, სწორედ ინფრასტრუქტურის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ის უნიკალური ფონდები, ხელნაწერი იქნება ეს, ფოტო თუ სხვა მასალა, რომელსაც ეს მუზეუმი მრავალი წელია უვლის და ინახავს, იყოს გამოფენილი, იყოს ხელმისაწვდომი და ჰქონდეს ამას არა მხოლოდ სამუზეუმო, არამედ საგანმანათლებლო დანიშნულებაც”, - თქვა მინისტრმა წულუკიანმა ლიტერატურის მუზეუმში სტუმრობის შემდეგ და დაამატა, რომ ბიუჯეტის გადასინჯვაზე იფიქრებს.
ლიტერატურის მუზეუმის შენობის მძიმე მდგომარეობაზე დიდი ხანია საუბრობს მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე. ძველი შენობაზე ბზარები კიდევ უფრო გაფართოვდა, რაც მუზეუმის მახლობლად მრავალსართულიანი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო.
მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში, ჭანტურიას და თაბუკაშვილის ქუჩების კვეთაზე სასტუმრო „თორის” ადგილას 14-სართულიანი სასტუმრო შენდება, რომელიც „რედისონის” ქსელის ნაწილი იქნება.
კიდევ ერთი მუზეუმი, სადაც მინისტრს კედლებზე ნაპრალები და დახეთქილი იატაკი დახვდა, ხალხური საკრავების მუზეუმია.
„ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმები 2019 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები გახდნენ და ორივე მუზეუმს აქვს როგორც შენობის, ასევე საცავების მნიშვნელოვანი პრობლემა”, - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმი 2019 წელს კულტურის სამინისტრომ მის დირექტორთან კონსულტაციის გარეშე შეუერთა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს - ხალხური საკრავების მუზეუმის მდგომარეობა ამ გაერთიანების შემდეგ არ გაუმჯობესებულა.
ერთადერთი მუზეუმი, რომლის დაზიანებული შენობის განახლება დაიწყო, ხელოვნების მუზეუმია, რომელიც 2017 წლიდან დახურულია დამთვალიერებლისთვის. ხელოვნების მუზეუმის შენობის აღსადგენად უკვე გამოცხადდა ტენდერი, რომლის მიზანიც კვლევის და საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაა. სახელმწიფო ამ დოკუმენტებში, რომლებიც 5 თვეში უკვე მზად უნდა იყოს, 170 000 ლარს იხდის.
კვლევებმა და პროექტმა უნდა აჩვენონ, რამდენად მოხერხდება მეცხრამეტე საუკუნეში აგებული მუზეუმის შენობის აღდგენა და რა დაჯდება ეს პროცესი. ხელოვნების მუზეუმის შენობის რღვევა წლების წინ დაიწყო. 2018 წელს უკვე დოკუმენტურად იყო აღრიცხული შენობის ყველა ნაპრალი, არსებობდა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შენობის დაზიანებები მესამე კატეგორიის სიმძიმის დაზიანებებად იყო შეფასებული.
„გასულ წლებში განხორციელებული მონიტორინგის მიუხედავად, ვიზუალური შესწავლით ფიზიკურად ვერ ხერხდება განვითარებული დეფორმაციების კონკრეტული სიდიდეების დაზუსტება. სააგენტოს სპეციალისტების შეფასებით, შენობაში წარმოქმნილი დეფორმაციული სურათი თვალნათლივ პროგრესულად ვითარდება”, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტების დასკვნაში, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის შედეგად შეიქმნა. დასკვნა ერთგვერდიანია და მას სამი სპეციალისტი აწერს ხელს.
მუზეუმების შენობებს და სახელოვნებო ინსტიტუციებს პრობლემები აქვთ არა მხოლოდ სიძველისა და მოუვლელობის, არამედ ცუდად ჩატარებული სარეაბილიტაციო ან სამშენებლო სამუშაოების გამოც. მაგალითად:
- თელავის ისტორიული მუზეუმის საცავში რამდენიმეწლიანი რემონტის და რეკონსტრუქციაში დახარჯული 14 მილიონი ლარის შემდეგ 2018 წელს საცავში წყალმა გაჟონა და ექსპონატები დააზიანა.
- ქუთაისში, ხარაზოვის ბაღში მდებარე ყოფილი ნიღბების თეატრის შენობის 4-წლიანი რემონტის შემდეგ გაირკვა, რომ ისე განახლდა, სახურავიდან წყალი ჩადიოდა და ვენტილაციის სისტემა არ უმუშავებდა. ამ შენობის განახლებაში 2014 წელს სახელმწიფომ 555 000 ლარი დახარჯა.
ზოგიერთი მუზეუმი მხოლოდ ახალი შენობების აშენების დაპირებების იმედადაა და ეს დაპირებები „მემკვიდრეობით გადაეცემათ” ხელისუფლების ახალ-ახალ წევრებს. მაგალითად ონის მუზეუმისთვის ახალი შენობის აშენების პირობა 2016 წელს დადო ბიძინა ივანიშვილმა, 2019 წელს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 2021 წლის 13 მაისს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თქვა, რომ წლის ბოლოს ეს პროექტი აუცილებლად დასრულდება. 1952 წელს აშენებული ონის მუზეუმისთვის ჯერჯერობით არაფერი იცვლება და დამთვალიერებელს ძველ, ავარიულ შენობაში მასპინძლობს - აქვეა განთავსებული მისი საცავი.
კულტურის სამინისტრო, როგორც ცალკე უწყება, წელს გაზაფხულზე შეიქმნა, მანამდე ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. იმის მიუხედავად, რომ მინისტრი თეა წულუკიანი უფლებამოსილების შესრულებას 2021 წლის მარტიდან შეუდგა, ქვეყანას 2012 წლიდან ის პოლიტიკური ძალა მართავს, რომელსაც მინისტრი წულუკიანი წარმოადგენს და ამ წლების განმავლობაში მცირედითაც კი არ გაუმჯობესებულა იმ დაწესებულებების შენობების მდგომარეობა, რომელთაც მინისტრი ახლა სტუმრობს. 2012 წლიდან ამ დრომდე, კულტურის სამინისტრომ არაერთი ისეთი ძვირადღირებული პროექტი დააფინანსა, რომელთა ნაცვლად მუზეუმების შენობების განახლება შესაძლოა უფრო შედეგიანი ყოფილიყო.
- 2017 წელს ინდოეთიდან საქართველოში ჩამოიტანეს და 6 თვის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ატარეს ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები - ამ პროცესს კულტურის და საგარეო საქმეთა სამინისტროები მართავდნენ და ქვეყნის ბიუჯეტს 343 000 ლარი დაუჯდა.
- 2019 წელს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად მთავრობამ ბიუჯეტიდან 800 000 ლარზე მეტი დახარჯა.
- მხოლოდ 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებულ და შემდეგ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარ „ბლექ სი არენაზე” ჩატარებული 8 კონცერტის ორგანიზებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 4,5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.