რუსეთში ტოყაევის ოჯახის ქონების შესახებ რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისა და ამავე მედიასაშუალების რუსულენოვანი მაუწყებლობის, Current Time-ის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან ჩანს, რომ ერთ დროს ერთმანეთზე გადაჯაჭვული საქმიანი ინტერესები ყაზახეთის ამჟამინდელ და ყოფილ პრეზიდენტებს შორის შესაძლოა ირღვეოდეს.
საიდუმლოებით მოცული ცოლი, ნაჩქარევი განქორწინება
ყაზახეთის საპრეზიდენტო ვებგვერდის თანახმად, ტოყაევი განქორწინებულია და ჰყავს ერთი ვაჟი, ტიმური. როცა ტოყაევი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე დაინიშნა 2019 წელს, ყაზახეთის მედიასაშუალებებმა აღნიშნეს, რომ მას საქორწინო ბეჭედი ეკეთა, თუმცა ბეჭედი რამდენიმე დღეში გაქრა მისი თითიდან.
ადგილობრივი მედიის თანახმად, დაახლოებით იმავე დროს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ცოლი იყო რუსეთის მოქალაქე, ნადეჟდა ტოყაევა. ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ტოყაევა რეგისტრირებული იყო მოსკოვში 2005 წელს, როგორც „კერძო მეწარმე“, რომლის მთავარ საქმიანობას უძრავი ქონების გაქირავება წარმოადგენდა.
რეგისტრაცია 2009 წელს გაუქმდა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული საძიებლის მიხედვით, ტოყაევას პასპორტის ნომერი კვლავაც მოქმედია.
2020 წელს ცნობილი გახდა, რომ 2011 წელს ტოყაევა გაეროს ქალთა გილდიის საპატიო პრეზიდენტად ირიცხებოდა მაშინ, როცა ტოყაევი იმავე დროს იყო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჟენევაში.
ყაზახეთის მედიის ვარაუდით, ტოყაევი ნაჩქარევად გაშორდა ცოლს, ნადეჟდას, რუსული მოქალაქეობის გამო. მისი ვაჟი, ტიმური, რომელიც 1984 წელს დაიბადა, სავარაუდოდ, არასდროს ყოფილა რუსეთის მოქალაქე.
2021 წლის დეკემბერში, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის, ანტიკორუფციულმა ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ბევრი გავლენიანი რუსის სახელი ამოიღო საკუთრების შესახებ მონაცემთა სხვადასხვა ბაზიდან და ჩაანაცვლა სიტყვებით - „რუსეთის ფედერაცია“.
ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ჩასწორებამდელი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ნადეჟდაც და ტიმურიც დარეგისტრირებულნი იყვნენ, როგორც დიდი ბინების მფლობელები მოსკოვში. რედაქტირებულ მონაცემთა ბაზაში კი, ეს ბინები მითითებულია, როგორც „რუსეთის ფედერაციის“ საკუთრება.
რადიო თავისუფლებისა და Current Time-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ფარდა ახადა იმას, რომ მოსკოვის გარეთ არსებული კერძო საკუთრება, არაერთი ობიექტი, რომელიც ახლა „რუსეთის ფედერაციაზეა“ გაფორმებული, ადრე ნადეჟდა ტოყაევას ქონებად იყო რეგისტრირებული.
ერთ-ერთი მათგანია სახლი პრესტიჟულ დასახლებაში, აბრამცევოში, რომელიც 2008 წელს შეიძინა მოსკოველი ჟურნალისტის ევგენი ლავუტისა და კინორეჟისორ ევგენია გინდილისას ოჯახმა. ევგენი ლავუტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გაყიდვისას, ტოყაევამ დაიჩივლა იმის შესახებ, რომ სახლი ძნელად თბებოდა და აღნიშნა, რომ თავად ყირიმში აპირებდა გადასვლას საცხოვრებლად.
მოულოდნელად წარმატებული ვაჟი
რადიო თავისუფლების გამოძიებამ გამოავლინა ინფორმაცია, რომელიც ტოყაევის ვაჟს, ტიმურს ეხება. უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის, „მაიაკის“ 2016 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ტიმურ ტოყაევი მისი დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. კომპანია ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც „მაიაკის“ ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი მოსკოვის გარეუბანში, ხიმკიში. პროექტმა - როცა მის შესახებ გამოცხადდა 2014 წელს - ადგილობრივი მოსახლეობის რისხვა გამოიწვია იმის გამო, რომ უნდა აშენებულიყო ადგილობრივი, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, ფეხბურთის სტადიონის ადგილზე.
„მაიაკის“ წლიური ანგარიში შეიცავს იქამდე გამოუქვეყნებელ ინფორმაციას უმცროს ტოყაევზე, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ ის სწავლობდა დიუ ლემანის კოლეჯშიც და უებსტერის უნივერსიტეტშიც შვეიცარიაში, და რომ მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის სამეცნიერო ხარისხი მიიღო პოლიტოლოგიაში.
დიპლომატიურ აკადემიაში 2009 წელს დაწერილი დისერტაციის სათაურია: „ყაზახეთის რესპუბლიკის სტრატეგია დასავლეთთან მიმართებით: ეროვნული ინტერესები, პრიორიტეტები, მიმართულებები“. ნაშრომის 215 გვერდზე „ნაზარბაევი“ 112-ჯერ არის ნახსენები.
„რუსეთი ყაზახეთის ერთადერთი მოკავშირეა“, - კატეგორიულადაა აღნიშნული დისერტაციაში.
„მაიაკის“ 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, კომპანიის აქტივები 541 მილიონ რუბლს (7 მილიონ დოლარს) შეადგენდა. რადიო თავისუფლებამ და Current Time-მა ვერ შეძლეს უფრო ახალი ცნობების მოპოვება, და ამიტომ უცნობია, ტიმურ ტოყაევი კვლავაც არის თუ არა დაკავშირებული ამ ფირმასთან. თუმცა, 2016 წლის ანგარიში შეიცავს დამატებით ინფორმაციას ტოყაევის საქმიანი ურთიერთობის შესახებ მათ შორის იმ ფიგურებთან, რომლებიც ხშირად ნაზარბაევთან იყვნენ დაკავშირებული.
ორი ყაზახური კლანი
ტიმურ ტოყაევი ქემელ ტოყაევის საქველმოქმედო ფონდის - რომელიც პრეზიდენტ ტოყაევის მამის სახელს ატარებს მისი პატივისცემის ნიშნად - მმართველი საბჭოს წევრია. ბიზნესის მონაცემთა ბაზაში, SPARK-Interfax-ში, მითითებულია ასევე, რომ ტოყაევი არის თანამფლობელი ორი მცირე კომპანიის, რომლებიც გეოლოგიური და ტექნიკური ანალიზით არიან დაკავებული.
მონაცემთა იმავე ბაზაში უმცროსი ტოყაევი მითითებულია, როგორც თანამფლობელი ფირმისა სახელწოდებით Salish-ი, რომელსაც ადრე Abi Petroleum Kepital-ი ერქვა და რომელიც ცოტა ხნის წინ დაიშალა. ყაზახური მედიის თანახმად, ტოყაევი ირიცხებოდა თანამფლობელად მაშინ, როცა კომპანია შეიქმნა - 2002 წელს და ის მხოლოდ 18 წლის იყო. მისი შექმნიდან მალევე, ფირმას მიენიჭა უფლება, ატირაუს რეგიონში „გრიადოვოეს“ ნავთობის საბადოზე ნავთობი მოეპოვებინა.
იმ დროს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. Abi Petroleum Kepital-ის მეორე თანამფლობელი იყო მუხამედ იზბასტინი, ვაჟი ყაზახი დიპლომატის, ტემირტაი იზბასტინისა, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტის სიძეა.
2005 წელს Abi Petroleum Kepital-მა „გრიადოვოეს“ გეოლოგიური კვლევა შეუკვეთა კომპანიას სახელწოდებით Kazakhstankaspiishelf, რომლის ნახევრის მფლობელი იყო Sat & Company. Sat & Company დააარსა კენეს რაკიშევმა, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა ყაზახეთში, რომელიც მედიამ „ნაზარბაევის ბანკირად“ მონათლა.
Abi Petroleum Kepital-მა 2012 წელს 50 მილიონი დოლარის მოგება ნახა. ორი წლის წინ ის უკვე წაგებით მუშაობდა და 2020 წელს დაიხურა.
Sat & Company-ი კი დაკავშირებულია მოსკოვის დეველოპერულ კომპანია „მაიაკთან", რომელმაც 2016 წელს დირექტორთა საბჭოში შეიყვანა ტიმურ ტოყაევი.
„მაიაკის“ გენერალური დირექტორია მუჰმუდჟონ ერმატოვი, მოსკოვში ერთ მისამართზე დარეგისტრირებული ათამდე კომპანიის თანამფლობელი და გენერალური დირექტორი. ამ ყველა ფირმის დასახელებაში არის სიტყვა „Sat“ და ყველას ერთი და იგივე აქციონერები ჰყავს. მათგან ერთი, Sat Oil-ი, Маяк-ის საიტზე მოხსენიებულია როგორც „პარტნიორი“.
მედიის ცნობით, ამ კომპანიებს, პირდაპირ თუ ირიბად, აკონტროლებს რაკიშევი, რომლის მთავარი ბიზნესი ყაზახეთში იყო Sat & Company, სანამ 2018 წელს მას სახელი არ შეუცვალეს და Fincraft Resources უწოდეს.
„მაიაკის“ მფლობელია ნიდერლანდში რეგისტრირებული ფირმა Dostyk Investments B.V, რომელსაც ყაზახი ოლიგარქი ტიმურ კულიბაევი აკონტროლებს.
კულიბაევი ნაზარბაევის შვილის, დინარას ქმარია და ის ნაზარბაევის ეპოქაში ითვლებოდა ყაზახეთის „ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად“.
2018 წელს Scanner Project-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, ტიმურ ტოყაევს ეკუთვნოდა ბინა შვეიცარიაში, ჟენეთის Chemin Gilbert-Trolliet-ის კომპლექსში. იმავე კომპლექსში ჰქონდა ბინა სემიონ ვინოკუროვს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძეს, დის ქმარს. ყაზახეთის გამოცემა Kz.expert-ის ვარაუდით, ტოყაევის ბინა ჟენევაში 2019 წელს ღირდა ორი მილიონი ამერიკული დოლარი. გამოცემა წერდა, რომ ჟენევის გარეუბანში მოზრდილი ვილა ჰქონდა ნაზარბაევის შვილს, დინარას და აღნიშნავდა, რომ „ეს ქალაქი სახლი იყო“ ორივესთვის, პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევისა და ასევე, მეორე პრეზიდენტის, ტოყაევის ოჯახებისთვის.
„მაიაკის“ შესახებ 2016 წლის რეპორტაჟის შემდეგ, ტიმურ ტოყაევის რუსული ბიზნესინტერესების შესახებ საჯარო ცნობები აღარ გამოჩენილა.
2019 წლის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გვარი „კემელად“ გადაიკეთა, ალბათ, თავისი პაპის პატივსაცემად. 2016 წლის შემდეგ რუსეთის ბიზნესის მონაცემთა ბაზაში არ იძებნება არც „ტიმურ ტოყაევი“ და არც „ტიმურ კემელი“.
ასევე ნახეთ
დიდი სახლები და სავსე ჯიბეები - ნაზარბაევის ოჯახის ოფშორული იმპერიამღელვარებები ყაზახეთში - გაფრთხილება და გამოცდა ავტოკრატი მეზობლებისთვისსიღარიბე, კორუფცია და ცრუ დაპირებები - რა ხდებოდა ყაზახეთის ამბოხებამდე "მოხუცო, წადი" - როგორ გადაიზარდა სოციალური პროტესტი პოლიტიკურ გამოსვლებში და რას ამბობს "ყაზახეთის გაკვეთილი"?"ყაზახეთის აღება" - როგორ შევიდა და რა ამოძრავებს რუსეთს?