ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება

ცხინვალი

საქართველოს 5 მოქალაქე ახალ წელს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა. თითოეულ მათგანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აქვს წაყენებული.

ოჯახის წევრებს და მეგობრებს ყველაზე მეტად მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობა აშფოთებთ. ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, ამიტომ ახლობლები ფიქრობენ, რომ ის ფიზიკური ზემოქმედების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მეგობრებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჩხიკვაძე ნაცემია და მასთან ამის გამო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებსაც არ უშვებენ. ყოფილი ჯარისკაცის მეგობარი გიორგი ჟამურელი ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებულის მეგობრები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ, გასული წლის 12 დეკემბერს გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე ცნობა გაავრცელა. ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის, რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს უნდა მიეწოდებინა, თუმცა როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, საოკუპაციო ძალებმა ამისთვის კიდევ 20 დღე ითხოვეს. ქაცარავა ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს დრო გაჰყავთ.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ჩხიკვაძის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მიმართა და პასუხიც მალევე მიიღო. სასამართლოს მიერ გამოგზავნილ წერილში წერია:
„სასამართლომ გადაწყვიტა რუსეთის მთავრობას მოსთხოვოს, 54-ე მუხლის მე-2 (ა) მუხლის მიხედვით, წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

არის თუ არა მამუკა ჩხიკვაძე ამჟამად დაკავებული? თუ ეს ასეა, მთავრობას შესთავაზა სასამართლოს წარუდგინოს ინფორმაცია მისი დაკავების გარემოებების შესახებ, პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი, პატიმრობის პირობები, და მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე, წარადგინოს მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. მთავრობას ეთხოვა ამ ინფორმაციის წარდგენა 2022 წლის 4 იანვრამდე“.

ასევე ნახეთ ყოფილი სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, ცხინვალის ციხეში მყოფთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლოს


რუსეთის ფედერაცია ინფორმაციის გაცემას აგვიანებს, ასევე აგვიანებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც, რომლის წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ვერ მოინახულეს. დაკავებულთა ოჯახებს მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ეკონტაქტებიან. სოფელ ავლევის მცხოვრებ ზაზა მეგრელიშვილის ცოლს, ელზა ბაქრაძეს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე დაუკავშირდა და მხოლოდ ის აცნობა, რომ დაკავებულის მდგომარეობა ნორმალურია.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის მცხოვრებლები ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 15 დეკემბერს ოკუპირებული ლოპანის მიმდებარე ტყეში დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა მათ კონტრაბანდული ტვირთების გადატანასაც ედავებიან, ოკუპირებული ზნაურის სასამართლომ მეგრელიშვილსა და გოგიჩაშვილს ორთვიანი წინაწარი პატიმრობა შეუფარდა. ავლეველები დაკავებული თანასოფლელების გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ტყე, სადაც ისინი დააკავეს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორია იყო, თუმცა ახლა იქ შიშით ვეღარ გადიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონოდ დაკავებულთა გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება
სუს-ის განცხადებით, „უკანონო დაკავების მომენტიდან მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია ცხელი ხაზით. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 24 დეკემბრის მონაცემებით, 2021 წელს აფხაზეთის მიმართულებით 11 მოქალაქე დააკავეს, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 67.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართება, სადაც საქართველოს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებენ.