Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში დაპატიმრებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით გორში აქცია გამართეს


გორში საპროტესტო აქცია გამართეს ყოფილმა ჯარისკაცებმა. ისინი ცხინვალის იზოლატორში მყოფი მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. ქალაქის ცენტრიდან აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ ოფისთან გადაინაცვლეს და ხელმძღვანელობისგან მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ, თუმცა მათ არავინ გამოხმაურებია. მათთან მხოლოდ პოლიციელები მივიდნენ და შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

„ერთადერთი ის მოვისმინეთ, რომ შენობას 20 მეტრის რადიუსში არ უნდა მივუახლოვდეთ. სამწუხაროდ, სხვა მეტი პასუხი არ ისმის, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი მეგობარი მამუკა ჩხიკვაძე და ისიც კი არ ვიცით, ამჟამად ცოცხალია თუ არა. ჩვენ დაველოდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება და ამის შემდეგ გადავწყვიტავთ, რა სახის პროტესტს მივმართავთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ჟამურელმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე ცნობა გაავრცელა.

ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს.

14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. ამ დრომდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დაკავებულის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა.

XS
SM
MD
LG