სააკაშვილის მხარდამჭერები იშიმშილებენ მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს არ გაათავისუფლებენ. შიმშილობის მერვე დღეს მათთვის მიზნის მიღწევა კიდევ უფრო გართულდა.
24 დეკემბერია. სამი დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია. კახეთის გზატკეცილზე კი შენობის გარშემო 12 კარავი დგას. აქ შეკრებილებს რა უნდათ, ერთი შეხედვითაც მიხვდები. “თავისუფლება მიშას!”, “არა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას!” - ყველგან ბანერებია გაკრული.
“რამე კრეატიული…”
პატარა კარავში ისე შევდივარ, როგორც მეგობრების საკანში - 5 კაცი ხის პალეტებისგან და ლეიბებისგან “აწყობილ” საწოლებზე ზის. შიგნით ძალიან ცხელა. შემოსასვლელში შეშის "ფეჩი" დგას, სიღრმეში კი დენის გამათბობელი კიდია. მის ქვემოთ 45 წლის ზურა ჩინჩალაკაშვილი წევს. “მხნედაა”, თუმცა წოლა ურჩევნია. სულ სქროლავს და დრო ასე გაჰყავს. “სხვათა შორის, არ ვიცი, შეიძლება ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი… ფეისბუკზე სულ რესტორნების ფოტოები მხვდება, გოჭები და ამბები ხატია.”
ჩემ გვერდით მჯდომ კაცს ეცინება. ასარჩევად ნაირ-ნაირ ჩაის “ფერებს” მაწვდის. . . 48 წლის რამაზი ცხელ წყალს მისხამს და მეუბნება, რომ საჭმელზე მასაც ხშირად ეფიქრება.
რამაზი 2003 წლიდანაა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. იქამდე “იყო სრული კოშმარი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა რაღაც შველოდა ამ ქვეყანას. რა ვიცი, შეიცვალა ეს ამბავი და წავიდა, თან როგორი ტემპებით… იქამდე, ფაქტობრივად, სახელმწიფო არ იყო.”
ორივე, ზურაც და რამაზიც, “სახელმწიფოს შექმნას” ასახელებს მიხეილ სააკაშვილის მთავარ დამსახურებად. და კიდევ იმას, რომ 2012 წელს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს მშვიდობიანად გადააბარა.
პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ 22 დეკემბერს, მიტინგზე გამოაცხადა. თუმცა ჩემი ახალი ნაცნობები მეუბნებიან, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე ფიქრი გაცილებით ადრე დაიწყეს და მელია სწორედ მხარდამჭერების განწყობებმა “შთააგონა”.
ზურა მიხსნის, რომ მხარდამჭერია და არა “კულტისტი” - “დამიმტკიცოს სახელმწიფომ, რომ მიშა დამნაშავეა და შევწყვეტ შიმშილობას”.
ორივეს ჰყავს ცოლიც და შვილებიც. ზურას 15 წლის ქალიშვილი დაემუქრა, სახლში თუ არ დაბრუნდები, მეც დავიწყებ შიმშილობასო.
“მიშას როგორ მოექცნენ და თქვენ საერთოდ არ მოგისმენთ მთავრობა, უაზრობას აკეთებთო. რამე კრეატიულია საჭირო. არ მოჰყვა შესაბამისი რეაგირება ხალხში, გატრუხებული აქვთო, ბავშვი მეუბნება მაგას", - მიყვება ზურა, რომელიც შვილის გულწრფელობას აფასებს, თუმცა არ ეთანხმება: “მართლა ბომბებს ხომ არ ჩამოვიკიდებ და ხომ არ შევვარდები სადმე?”
4 დღის შემდეგ
ზურა და რამაზი ყოჩაღად ვეღარ დამხვდნენ... 28 დეკემბერს ტემპერატურამ 12 გრადუსამდე აიწია და კარვის წინ, შუადღის მზეზე გამოვედით.. თვალში მეცა ორივეს ფერმკრთალი სახე და შენელებული მოძრაობები.
ზურამ მითხრა, რომ უკვე რვა კილო დაიკლო. რამაზს კი კუჭი სტკიოდა და აიქოსს თითქმის ვეღარ ეწეოდა.
მთავარი მტერი
კარვებში სიარულისას ბევრჯერ შემხვდა თეთრხალათიანი ქალი. 35 წლის ფიქრია გვაზავა თავიდან შიმშილობას აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. მოშიმშილეთა ბანაკში ექიმი იყო საჭირო. რაც აქცია დაიწყო, დღეგამოშვებით, 24 საათით მედპუნქტში მორიგეობს. მოშიმშილეებს წნევას, წონას და შაქარს უზომავს. თუ რაღაც ისე ვერაა, სასწრაფო დახმარების მანქანა იქვე დგას და ბრიგადას ეძახის. 28 დეკემბერს აქციას უკვე ათზე მეტი ადამიანი გამოეთიშა.
ბევრ მოშიმშილეს კუჭი აწუხებს. განსაკუთრებით, მწეველებს.
“ისეთი შეგნებით შიმშილობენ, ავიწყდებათ, რომ ეს შიმშილობით გამოწვეული პრობლემებია. მერე იცინიან თვითონაც, მეშვიდე დღეა ვშიმშილობთო. ლოგიკურია, რომ მჟავიანობა და დისკომფორტი იწევს”, - მიხსნის ფიქრია.
მასავით მოხალისეა ლევან გოგუაძეც. ოზურგეთელ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს ძალიან უნდა, რომ მოშიმშილეებმა მოწევა შეწყვიტონ.
“გასტრიტი არის ჩვენი პირველი მტერი აქ. მაგრამ როცა ნერვული სისტემაც ჩართულია, კატეგორიულები ვერ ვიქნებით ექიმები.”
გამოცდილი მოშიმშილეები
მწეველები ბანაკში ბლომად არიან. 60 წლის დათო ქვათაძეს რომ გამოველაპარაკე, თავის კარავში ქართული სიგარეტის ბლოკი მიჰქონდა. სანტას ქუდი, ორი საყურე და შავი კეტები გამოარჩევდა.
16 წელი ამერიკაში იცხოვრა. აქ აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ 2013 წელს “მოუწია” - ცოლს გაშორდა. “კოშმარის” გადატანაში ის დაეხმარა, რომ პარტიული აქტივისტი გახდა.
“ადამიანები რომ არ შიმშილობდნენ, იმიტომ ვშიმშილობ მე. მიშა უნდა იყოს გარეთ, მეტი არაფერი არ მაინტერესებს. და მიშა თუ გარეთ გამოვა, ყველაფერი დაბალანსდება და გასწორდება”, - მითხრა დათომ.
ორი კაცი მოგვიახლოვდა. ორივე დათოს ჩაეხუტა. როგორ ხარ, ჩემო უფროსო მეგობაროო, - ჰკითხა ერთ-ერთმა.
“მე არ მაწუხებს შიმშილობა, იმიტო რო ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ეროვნული მოძრაობიდან. როცა კარვები არ არსებობდა და როცა პარლამენტის შენობის კიბე რომაა, იმის ფორმა გვქონდა მიღებული. მაშინ სად იყო კარვები, პლედები გვეხურა და ეგ იყო”.
სანამ ვლაპარაკობთ, კარავში ჩაის აპარატს ცვლიან. ორი ბიჭი მეუბნება, რომ ცხელი წყალი რიგ-რიგობით ყველა კარავში მიაქვთ.
დათო “ჭერქვეშ” კიდევ ერთ “გამოცდილ” მოშიმშილესთან ერთად ცხოვრობს. თენგიზ მამფორიას 4 სტენტი აქვს ჩადგმული.
1989 წელს საარჩევნო რეფორმებს ითხოვდა - ეროვნულ საბჭოში დეპუტატთა რაოდენობის 450-დან 250-მდე შემცირებას და მაშინ, იმ არეულ დროს, მიზანს ხუთ დღეში მიაღწია. ამჯერად სწრაფი გამარჯვების იმედი არ აქვს...
წელს თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და ზუგდიდის საკრებულოს წევრი გახდა. როგორც საჯარო მოხელეს ვკითხე, წარმოუდგენია თუ არა თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასთან”? კი. ოღონდ რთულადო.
“რაღაც თანხმობამდე უნდა მივიდეთ, ქვეყნის საკეთილდღეოდ. მტერიც რომ იყოს, შეიძლება მასთანაც რაღაც თანხმობაზე წახვიდე”, - თქვა მან.
“ჰეპი ენდის” გარეშე
შესაძლო შერიგებაზე და სამომავლო გეგმებზე ბანაკში ბევრს კამათობენ. მთავარი სადისკუსიო სივრცე, რა თქმა უნდა, “კურილკაა”, ოფისის შესასვლელთან. აქ აქტივისტები, პარტიის წევრები, ჟურნალისტები, თავად მოშიმშილეები და მათი მეგობრები ერთმანეთს ენაცვლებიან.
მწეველებში ირევიან ზაალ უდუმაშვილი, გიგი უგულავა, ნიკა მელია. “ბირჟას” ცოტა ხანს გაამაგრებენ, ხალხს გამოელაპარაკებიან, ჟურნალისტებს ჩაეწერებიან და ოფისში შედიან, ზოგჯერ კი კარვებისკენ მიდიან.
“ოპოზიცია ხომაა, იმათ ხომ ჰყავთ მხარდამჭერები? სად არიან?” - ამბობს ერთ-ერთი მწეველი.
“მაგასაც ლაპარაკი უნდა… შენ კი არ უნდა დაგიჯდეს. თემა უნდა იყოს ისე მოწოდებული და ნალაპარაკები… თემატიკა უნდა აწყობდეს. ლაპარაკია საჭირო, სხვაც რომ მოვიდეს და დაჯდეს”, - პასუხობს მეორე.
სულ რამდენი არიან? ზუსტ პასუხს ვერავინ მცემს... “150-ზე მეტნი”, - მითხრა პარტიის რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა. ისიც შიმშილობს.
მოშიმშილეების ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. კარვებში უსამართლობის განცდამ და დაღლამ მოიყვანათ. ზოგმა სამსახურიც დაკარგა საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო.
როდემდე მოუწევთ აქ ყოფნა? მყისიერი “ჰეპი ენდის” ილუზია არავის აქვს. იციან, რომ შიმშილობის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა თავის დროზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამორიცხა. “არა და არასდროს”, - თქვა მეხუთემ მესამის შეწყალებაზე.
ასევე ნახეთ შეიწყალებს თუ არა მეხუთე მესამეს?თუმცა მას შემდეგ თვეები გავიდა და ახლა პრეზიდენტი “საყოველთაო შერიგებაზე” მუშაობს. მის ინიციატივას “ნაციონალურ მოძრაობაც” მიესალმება. ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილსაც კი შეხვდა.
მაგრამ ხომ არ შეუშლის ხელს მასობრივი შიმშილობა პოზიციასა და ოპოზიციას შორის ნამდვილი დიალოგის დაწყებას?
პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ არა. მათ შორისაა გიორგი ბოტკოველიც. იგი თან შიმშილობს, თან მათ, ვინც შეუძლოდაა, არწმუნებს, რომ სახლში წავიდნენ. სააკაშვილის გათავისუფლების გარდა, სამართლიან სასამართლოსაც მოითხოვს. იგივე გამიმეორა კიდევ რამდენიმე მოშიმშილემ.
მაგრამ სამართლიანი სასამართლო აბსტრაქტული მიზანია საშიმშილოდ. რა უნდა მოხდეს, იგი შესრულებულად რომ ჩათვალონ? ეს კითხვა ჰაერში რჩება. მით უმეტეს, რომ “ქართული ოცნება” წლებია ვერ ელევა ხელისუფლების სასამართლო შტოზე კონტროლს, რომელიც მემკვიდრეობით ერგო. სანამ კახეთის გზატკეცილზე შიმშილობენ, მმართველი გუნდი ცვლის კანონებს და, როგორც მოსამართლეების ნაწილი აცხადებს, კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება.
P.S. 29 დეკემბერს, სანამ ეს რეპორტაჟი იწერებოდა, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში დააბრუნეს. ზურასთვის ეს დამატებითი მოტივაციაა, თუმცა ასევე ნიშანი იმისა, რომ მისი და სხვა ადამიანების შიმშილობა "ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს".
ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს