ბოლო დღეებში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ოცნებას“ აშკარა პოლიტიკური უხერხულობა შეუქმნა კოალიციური მთავრობის საჭიროებასთან დაკავშირებული მოსაზრებით, რომელიც მან ფრანგულ გამოცემა "კვირის ჟურნალთან" (JDD) ინტერვიუში გაახმაურა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია პრეზიდენტს იმდენად აღარ ენდობა, რომ მისგან ესპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც მოელის და თადარიგის დაჭერას ცდილობს.
წინასწარი ინფორმაციით, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, სააკაშვილი საქართველოში 2 ოქტომბერს ბრუნდება. მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს „ოცნება“ დაჭერით ემუქრება. ენმ-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სააკაშვილის პატიმრობა ხანმოკლე იქნება.
- მოელის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას?
- რამდენად რეალისტურია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი?
- კიდევ რა გზები და ხერხები არსებობს იმისთვის, რომ, დაკავების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილმა ციხე მოკლე დროში დატოვოს?
ნიკა მელიას არ უთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება გადაწყვეტილი აქვს. ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან უფრო „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის მიმართ უნდობლობასა და სააკაშვილის დაბრუნების ამბით „ოცნების“ შეცბუნებას გაუსვა ხაზი.
მან „ძალიან სარწმუნო“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „პროკურატურაში „ტოპ“ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება“ - სწორედ იმ შემთხვევისთვის, თუკი პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს.
უპასუხოდ დარჩა შეკითხვები, რომლებითაც რადიო თავისუფლებამ როგორც გენერალურ პროკურატურას, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა. თავად სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.
შეწყალება და სხვა გზები
იურისტების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში, მისი გათავისუფლების ყველაზე სწრაფი და იოლი გზა სწორედ პრეზიდენტის შეწყალების აქტი იქნებოდა. ამასთან, პრეზიდენტს შეწყალება იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუკი მსჯავრდებული მას ამგვარი თხოვნით არ მიმართავს.
მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე პატიმრობა ორ საქმესთან დაკავშირებით აქვს მისჯილი:
- 2018 წელს მას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - „სანდრო გირგვლიანის საქმის“ ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალებისთვის.
- ასევე 2018 წელს, მას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პარლამენტის ყოფილ წევრზე, „ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმის“ ფარგლებში. იმავე წელს განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
2014 წლიდან მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისა (მათ შორის - ე.წ. „პიჯაკების საქმე“) და 2007 წლის 7 ნოემბერს „მომიტინგეთა მასობრივი დარბევისა“ და „ხელში ჩაგდების“ მიზნით „ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებთან“ დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების პერსპექტივას ვერ ხედავს „ქართული ოცნება“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა 28 სექტემბერს უთხრა ჟურნალისტებს, მმართველ გუნდში ამგვარი მოლოდინი არ არსებობს.
თუმცა პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და „ოცნებას“ შორის ბოლო პერიოდში შესამჩნევი მზარდი დაძაბულობის ფონზე, პოლიტიკური ექსპერტების ერთი ნაწილი არც სავარაუდო „სიურპრიზებს“ გამორიცხავს.
ამ მოლოდინს ზურგს უმაგრებს ის, რომ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მიზეზით, პრეზიდენტმა არაერთი პირი შეიწყალა, რომელთა საქმეშიც პოლიტიკური შემადგენელი დომინირებდა და ასე მაგალითად:
- 2020 წლის მაისში პრეზიდენტმა შეიწყალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი - საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით 2020 წლის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ;
- 2021 წლის აპრილში პრეზიდენტმა შეიწყალა „მთავარი არხის“ მოწილე, გიორგი რურუა - ასევე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ;
- 2021 წლის ივლისში პრეზიდენტმა, კიევის თხოვნის საფუძველზე, შეიწყალა - ორი უკრაინელი მეზღვაური და მათთან ერთად იახტაზე დაკავებული მიხელ ბატურინი - მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ საქართველოში დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აუცილებლად დააკავებს; თუმცა იმისაც სჯერათ, რომ „ძალიან სწრაფად მოხდება მისი გათავისუფლება“.
როგორ? იგულისხმება თუ არა "სწრაფად გათავისუფლებაში" პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება?
„არა. შეწყალების ალბათობა ძალიან მცირეა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი რომან გოცირიძე. ის უფრო ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მოქალაქეების ზეწოლის შედეგად, სააკაშვილი შესაძლოა უფრო - ამნისტიით გაათავისუფლონ.
„შეუძლებელია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი პრეზიდენტის ციხეში ყოფნას შეეგუონ საერთაშორისო პარტნიორები და ის ქვეყნები, რომელთა დახმარების გარეშეც არც სახელმწიფო ბიუჯეტი გვექნებოდა და არც ლარი“ - გვეუბნება გოცირიძე.
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განმარტებით, არჩევნების დღეს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება „არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს“, გაზრდის დაძაბულობას და კიდევ უფრო შეარყევს საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს, რომელმაც „ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად“.
გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადებას გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილიც და სამშობლოში არდაბრუნების მოწოდებას „სულ მცირე, ამორალური“ უწოდა.
უკრაინის შესაძლო ჩართვა
კონსტიტუციონალისტმა ლევან ალაფიშვილმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, რომ სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში, პროცესში უკრაინაც ჩაერთვება და თუკი მას პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ შეიწყალებს, კიევს აქვს უფლება პატიმრის ექსტრადირებაც მოითხოვოს.
„უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში, პირველ რიგში ამოქმედდება უკრაინის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც უკრაინა თავის მოქალაქეს ყველგან მფარველობს. უკრაინა ჩართული იქნება ყველა საკითხში და მათ შორის შეწყალების საკითხშიც.
კიევს აქვს უფლება მოითხოვოს ასევე ექსტრადირება, რომ სასჯელი სააკაშვილმა უკრაინის ტერიტორიაზე მოიხადოს... მაგრამ შემდეგ, მოახდევინებენ თუ არა მას იქ სასჯელს, ეს არავინ იცის.
ექსტრადირების შემდეგ, შესაძლებელია სასჯელისგან სრულად გათავისუფლებაც. თუკი ექსტრადირების პროცესები დაიწყო, სასამართლო განხილვებს, სავარაუდოდ 6 თვიდან ერთ წლამდე მაინც დასჭირდება“ - გვეუბნება ალაფიშვილი.
ორი უკრაინელი მეზღვაურისა და საქართველოს მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით, უკრაინამ, როგორც თავად ამბობენ - მაქსიმალური აქტიურობის პირობებში, მიზანს 8 თვეში მიაღწია.
კოალიციური მთავრობა?
ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, ტვიტერზე 29 სექტემბერს კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც - საქართველოს პრეზიდენტს მომდევნო კვირებში შესაძლოა „გადამწყვეტი როლი“ დაეკისროს.
ეს კომენტარი უკავშირდება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ის საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროებაზე ლაპარაკობს.
- მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 28 სექტემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ კოალიციის საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის და რომ ამას ამომრჩეველი 2024 წლის არჩევნებზე გადაწყვეტს;
- 29 სექტემბერს კი, ზურაბიშვილის მოსაზრებას „არარელევანტური“ უწოდა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა. ის ამბობს, რომ „2024 წლამდე კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს“.
მართალია, ექსპერტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წრეებში ხშირად ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ განზრახვაზე, რომ სამომავლოდ კოალიცია შექმნას ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან; მაგრამ მოცემულ ეტაპზე, როცა თვითმმართველობის არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის იმედი აქვს, პრეზიდენტის მხრიდან კოალიციაზე ლაპარაკი, ბევრის აზრით, სწორედ - ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს.
- ოპოზიციას იმედი აქვს, რომ "ოცნების" მხრიდან "შარლ მიშელის შეთანხმების" ცალმხრივად ანულირების მიუხედავად, ეს დოკუმენტი ძალაში რჩება და თუკი მმართველი პარტია 43%-იან ზღვარს ვერ გადალახავს, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
- ოპოზიციონერი ლიდერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ პროცრესში მათ საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვთ.
ენმ-ის წარმომადგენელი, რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილს „ოცნების“ რეალურ ოპონენტად არ განიხილავს, მაგრამ ფიქრობს, რომ რიგგარეშე არჩევნების გარდაუვლობას პრეზიდენტიც გრძნობს და ამას ის საერთაშორისო პარტნიორებს უბრალოდ არ უმალავს.
ბოლო პერიოდში დაგროვდა არაერთი ფაქტი, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ პოზიციას იკავებს.
ბოლო თვეებში მან ევროპული გზიდან საქართველოს გადახვევის საფრთხეზეც რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება - "შარლ მიშელის შეთანხმების" ცალმხრივად ანულირებისა თუ ევროკავშირის იაფ სესხზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ნათქვამი უარის კომენტირებისას.
პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხელისუფლებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა "თბილისი პრაიდთან" და 5 ივლისის ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებითაც. მაშინ, როცა როცა „ქართული ოცნება“ ძალადობის პროვოცირებაში დაზარალებულებს ადანაშაულებდა, საქართველოს პრეზიდენტმა ნაცემი ჟურნალისტები საავადმყოფოში იმავე ღამით მოინახულა.
მანამდე კი, 2021 წლის 9 აპრილს, პარლამენტში გამოსვლისას, ასევე პირველად სწორედ სალომე ზურაბიშვილი ალაპარაკდა დიდი ხნით ადრე თბილისში გამოხმობილი ელჩის უკრაინაში დაბრუნების აუცილებლობაზე და 23 აპრილს კიევში ჩასულმა თქვა, რომ ამიერიდან ორმა ქვეყანამ საერთო ამოცანებს უნდა მიხედოს.