საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა „TV პირველის“ ეთერში გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ. მისი ინფორმაციით, მმართველი პარტია სათადარიგო გეგმას ამზადებს იმ შემთხვევისთვის თუ პრეზიდენტი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.
„გაგანდობთ ერთ ინფორმაციას, სანდო წყაროდან მოპოვებულს. სალომე ზურაბიშვილს, იმდენად აღარ ენდობიან ამ ქალბატონს, რომ პროკურატურაში „ტოპ“ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში, იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს სათადარიგო გეგმა. ესეც სასოწარკვეთის მანიშნებელია. ეს ძალიან სარწმუნო ინფორმაციაა“, - აცხადებს ნიკა მელია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების დღეს გეგმავს.
დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეზე სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე კი 3 წელი აქვს მისჯილი.