ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საკუთარ ვებსაიტზე აქვეყნებს მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად კი, მიხეილ სააკაშვილის მორიგი დაპირების თაობაზე, რომ ის საქართველოში დაბრუნდება.
ვიოლა ფონ კრამონი თვლის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა არჩევნების დღეს დაძაბულობას გაზრდის და ქვეყანას კიდევ ერთ, არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისს მოუტანს. ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველოში დაპირისპირება და ძალადობა უკვე აღწევს საშიშ დონეს და ამ ვითარებაში არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. კრამონის შეფასებით, საქართველოსა და ქართველ ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ სჭირდება და არაფერში წაადგება.
"ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი, იმყოფებოდეს თავის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად.
ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.
ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებს პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას", - ვკითხულობთ ევროპარლამენტარის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.