ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ, დუნია მიატოვიჩმა 28 დეკემბერს გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ და განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ის ზიანს მოუტანს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას. მან კანონმდებლებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა. განცხადება ევროპის საბჭოს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღებისგან, რომლის მიზანია გააუქმოს სახელმწიფო ინსპექციის სამსახური, დამოუკიდებელი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დაცვისთვის და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი გარკვეული დანაშაულების გამოძიებისთვის.
ეს საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორისა და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას სამსახურიდან. მიღების შემთხვევაში ეს კანონპროექტი მხოლოდ დაასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების ფუნქციონირებას,“ ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
პარლამენტის ბიურომ 27 დეკემბერს მსვლელობა მისცა უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ამასთან, ბიურომ მხარი დაუჭირა მის დაჩქარებული წესით განხილვას.
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ფიქრობს, რომ მისი სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამო პარლამენტმა, "ქართულმა ოცნებამ", ამ უწყების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ლონდა თოლორაიას მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არა აქვთ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეჭვების გასაფანტად მას "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" მუშაობა შესთავაზა.