ადამიანის უფლებების დარღვევის 5 ფაქტი 2021 წელს

ჟურნალისტების ცემა, ლგბტ ადამიანების დევნა, უკანონო მოსმენები, ქალებზე ძალადობა, ძალადობა ბავშვებზე - ეს 2021 წელს დარღვეულ უფლებათა მხოლოდ ნაწილია. რადიო თავისუფლება გასულ წელს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე დაწყებულ (და დაუსრულებელ) გამოძიებებს, დისკრიმინაციის შემთხვევებს, აქტივიზმის შედეგად მიღებულ ცვლილებებსა და საერთაშორისო გამოხმაურებებს აჯამებს.

ნინოწმინდის პანსიონში გამოკეტილი ბავშვები

2021 წლის ივნისში, რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეუშვეს.

იმ მომენტისთვის პანსიონს უკვე ახალი მმართველი ჰყავდა, რომელიც პირობას დებდა, რომ დაწესებულების კარი გაიღებოდა მონიტორინგისთვის. ასეთი შედეგი მოიტანა საზოგადოებრივმა პროტესტმა და მედიის დაინტერესებამ, თუმცა, აი, რა ხდებოდა მანამდე.

ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა ამისა, ომბუდსმენი ბოლო დროის თითქმის ყველა ანგარიშში მიუთითებდა, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურებოდა, დასჯის მეთოდები კი მათ უფლებებს არღვევდა.

ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი საკმარისი საფუძველი იყო დაუყოვნებელი მონიტორინგისთვის, თუმცა ეს შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა. დაწესებულებაში, მისი დირექტორის, ეპისკოპოს სპირიდონის მითითებით არ უშვებდნენ არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არც სოციალურ მუშაკს.

ეპისკოპოსმა სპირიდონმა ბავშვთა სახლის ჩაკეტვის მიზეზებს ვრცელი ვიდეომიმართვა მიუძღვნა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის უარის თქმის მიზეზი ასე ახსნა:

„არ შევუშვით იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას! მაგ ხალხის შეშვება არ შეიძლება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში. წაბილწავენ იქაურობას“.

მან სოციალურ ქსელში პანსიონის აღსაზრდელების ვიდეოებიც გაავრცელა, სადაც ის მათი თანდასწრებით ურეკავდა ბავშვების მშობლებს და შვილების წაყვანის შესახებ აზრს ეკითხებოდა. ვიდეოში ჩანდნენ ატირებული, დაბნეული ბავშვები.

ბავშვთა სახლიდან გავრცელებული ვიდეოები, უფლებადამცველების შეფასებით, კიდევ ერთი დარღვევის მტკიცებულება იყო.

საზოგადოების პროტესტის შედეგად, საპატრიარქომ ეპისკოპოსი სპირიდონი პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა

ასე გაიღო ჩარაზული კარი ომბუდსმენისთვის. ამის შემდეგ ბავშვების ნაწილმა დაწესებულება დატოვა, ზოგი საკუთარ ოჯახში დაბრუნდა, ზოგიც საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში გადავიდა. ნოემბრის მონაცემებით, ბავშვთა სახლში 15 აღსაზრდელი რჩებოდა.

“პანსიონი იყო პირქუში და სევდიანი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ლომჯარიამ მოგვიანებით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მონახულების შემდეგ.

“წარსულში მომხდარ ამბებზე ჩვენ საკმარისი ინფორმაცია მივიღეთ უკვე იმ ბავშვებისგან, ვინც პანსიონიდან წავიდნენ. ეს საკმარისია, რომ გვქონდეს მყარი ვარაუდი წარსულში იქ არსებული არასწორი აღზრდის მეთოდებზე. გუშინ ამ საკითხებზე ჩვენ ამ ბავშვებთან არ გვისაუბრია. არ დავძაბეთ ისინი და ვილაპარაკეთ იმაზე, რაზეც მათ სურდათ საუბარი. შესაძლოა, მათ ჰქონდათ ეს შიში, რომ სწორედ ამით დავიწყებდით მათთან ლაპარაკს, მაგრამ წინ კიდევ არაერთი შეხვედრაა, გვექნება ამის დროც”, - თქვა ლომჯარიამ.

წლის ბოლოს სახალხო დამცველმა მოამზადა 40 გვერდიანი ანგარიში, რომელშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც აღსაზრდელების, მათ შორის ყოფილი აღსაზრდელების, ნაამბობიდან გამოიკვეთა.

ანგარიშში მოხვდა დამამცირებელი და ღირსებს შემლახავი დასჯის მეთოდები, არასრულფასოვანი კვება, აკრძალვა პანსიონიდან გასვლაზე, ბავშვთა რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და სხვა ძალადობრივი ეპიზოდები.

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის სისტემატურ ხასიათზე მიუთითებს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ შესწავლილ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული გამოკითხვის ოქმებიც.

  • პანსიონში იყენებდნენ დასჯის მეთოდად ჭამისა და ძილის გამოტოვებას;
  • ღამე, უნებლიე შარდვის გამო ერთ-ერთი აღსაზრდელი შიშველი დააყენეს დერეფანში;
  • ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა;
  • საკვების მიღებაზე უარის გამო, ერთ ბავშვს ჩაი დაასხეს თავზე და შემდეგ დაბანის უფლება არ მისცეს;
  • იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს საწოლებიდან ლეიბები ააღებინეს, ფიცრებზე დააწვინეს და ზემოდან ლეიბები დააფარეს;
  • ერთ-ერთი აღსაზრდელი ამბობს, რომ დღემდე ტირილის შიში აქვს, რადგან ძალადობისას ტირილი ეკრძალებოდათ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის იმ ფაქტების გამოძიება, რომლებიც 2021 წელს გახდა ცნობილი, ერთიანად ხვდება ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმეების მასალების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა არაერთი დარღვევა თავად გამოძიებაში: ბავშვების საუკეთესო ინტერესების იგნორირება, პროცესის წლობით გაჭიანურება და დაგვიანებული რეაგირებაც კი. მაგალითად, ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთ ფაქტზე გამოძიება შეტყობინებიდან 2 თვის თავზე დაიწყო, ერთზე - უცნობია რამე რეაგირება მოხდა თუ რა საერთოდ.

უკვე წლებია გაეროს გაიდლაინები ქვეყნების მთავრობებს ურჩევს, რომ დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია და ბავშვები მათი საუკეთესო ინტერესებისთვის გადაიყვანონ ოჯახებში ან საოჯახო ტიპის ზრუნვის ცენტრებში. ეს არაერთი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

ასევე ნახეთ ბიჭი ნინოწმინდის პანსიონიდან

5 ივლისი - წლის ყველაზე ძალადობრივი დღე თბილისის ქუჩებში

5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებული ღირსების მარშის დღე რომ მშვიდად არ ჩაივლიდა, ამის სულ მცირე სამი ნიშანი არსებობდა:

  • ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი განცხადებები. გურამ ფალავანდიშვილმა 4 ივლისს თქვა: „მინდა გითხრათ, რომ მოსალოდნელია მსხვერპლი, შეიძლება ჩვენგანაც იყოს ისეთი, რომ გადააჭარბოს ძალას. თუ მსხვერპლი არ გვინდა, მათ ნუ გამოიყვანენ“;
  • სახელმწიფოს მიერ ანთებული “მწვანე შუქი”. 5 ივლისს, დილით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა, რომელშიც თქვა, რომ “თბილისი პრაიდის” აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდა, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მარში მიუღებელი იყო და შესაბამისად, იგი მიიჩნევდა, რომ აქცია რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარებულიყო. მისი განცხადება ბევრმა სწორედ ძალადობრივი ჯგუფების წახალისებად ჩათვალა და მათ შორის იყო სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც;
  • სასულიერო პირების მოწოდებები. რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიურ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირებიც. ერთ-ერთი იყო დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ - იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“- ამბობდა ის საჯარო გამოსვლაში.

ასე დაიწყო ძალადობა თბილისის ქუჩებში. ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჯერ რუსთაველზე გაშლილი კარვები დაარბიეს, შემდეგ გადავიდნენ “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისების დარბევაზე, ორგანიზაციის წევრების დევნასა და ჟურნალისტების ცემაზე.

“ღირსების მარში” გაუქმდა, თუმცა ძალადობა გაგრძელდა. იმ დღეს სხვადასხვა დროს, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს. მათ შორის იყვნენ რადიო თავისუფლების რეპორტიორები დათო ქორიძე და თორნიკე მანდარია.

განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა “ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთვი 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისში მუშაობა. ოფისის დარბევის დროს ის ჯგუფურად სცემეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, ოპერატორი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზისა და გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.

ასევე ნახეთ DRI: ლაშქარავას საქმის გაჭიანურება მოძალადეებზე ხელის დაფარების მცდელობა შეიძლება იყოს

5 ივლისს ძალადობის შეჩერება პოლიციამაც ვერ შეძლო. მასობრივი ძალადობის წინააღმდეგ სამართალდამცველებს არ გამოუყენებიათ სპეციალური საშუალებები მაშინ, როცა ბოლო წლების განმავლობაში პოლიციამ არაერთხელ მიმართა სპეციალურ ზომებს საპროტესტო აქციების დროს.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დროს საჭირო იყო მინიმუმ 20 ათასი პოლიციელის გამოყვანა, რისი საშუალებაც არ ჰქონდათ.​

ამ დრომდე 5 ივლისის საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული. მათგან არც ერთი - ორგანიზებისთვის. 22 დეკემბერს სამი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი. ისინი “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმის ეპიზოდში არიან ბრალდებული.

გასულ წელს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც მოუწოდეს, რომ მოხდეს იდენტიფიცირება იმ ადამიანებისა, ვინც წააქეზა 5 ივლისს ძალადობა, თუმცა პროცესი მას მერე შორს არ წასულა.

ორგანიზაცია Amnesty International-მა კი თქვა, რომ “საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო ლგბტ აქტივისტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება”.

5 ივლისს განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად ასახა „პუბლიკამ” თავის ვიდეოში. ამ მასალაში ჩანს, როგორ კოორდინირებულად მოქმედებდნენ ძალადობრივი ჯგუფები და როგორ არ უშლიდა მათ ხელს პოლიცია. ამავე კადრებში ჩანს, როგორ უთმობს პოლიცია “სირცხვილიას” შესასვლელ გზას ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ კონსტანტინე მორგოშიას და მის თანმხლებ პირებს.​

ჰომოფობიური და ძალადობრივი პროტესტის კიდევ ერთი ორგანიზატორი იყო ტელეკომპანია "ალტ-ინფო". ცოტა ხნის წინ ამ ჯგუფმა სახელმწიფოს მართვის ამბიციით პოლიტიკური პარტია დააფუძნა. გამოძიება გრძელდება…​

სამოქალაქო აქტივისტების დევნა და დაკავებები

მთელი დღე ეძებდნენ ოჯახის წევრები 10 ნოემბერს დაკავებული აქტივისტების ნაწილს, რომლებიც პოლიციამ თბილისში, საპროტესტო აქციაზე დააკავა. სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შსს-მ მხოლოდ დღის ბოლოს შეატყობინა მათი ადგილსამყოფელი.

დაკავებულები ოთხ სხვადასხვა ქალაქში - მცხეთაში, ხაშურში, გორსა და საგარეჯოში გადაიყვანეს. დაკავებულები ხელბორკილებით საათობით ისხდნენ პოლიციის ავტომანქანებში. მეორე დღეს კი მათ ადვოკატებთან დაკავშირების პრობლემაც ჰქონდათ.

ადამიანის უფლებათა დამცველებმა ამ დაკავებებს რეპრესიები უწოდეს. „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა თქვა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები დაუსაბუთებლად დააკავეს. 2021 წელს აქტივისტებს, როგორც წესი, ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ, თუმცა გასულ წელს სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის, სისხლის სამართლის წესით დაკავებამ კითხვის ნიშნები გააჩინა ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკაზე.

მუმლაძე 14 აპრილს “ქართული ოცნების” ოფისთან იმ დროს დააკავეს, როდესაც მინაწერის გაკეთებას ცდილობდა, ის გალში მცხოვრებთა სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდა. შსს-ს განცხადებით, დაკავებისას მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული და სისხლის სამართლის ნორმის ამგვარი განმარტება თვითნებურია.” - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ GDI-მ (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) ამ ფაქტთან დაკავშირებით.

2021 წელს კანონიც უფრო მკაცრი გახდა სამოქალაქო აქტივისტებისთვის. სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ ცვლილებად აღიქვა არასამთავრობო სექტორმა პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. აპრილის ბოლოს, მესამე მოსმენით დამტკიცებული კანონის მიხედვით, გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, ასევე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებით, ადმინისტრაციული კოდექსი ამ ცვლილებების შემდეგ უფრო რეპრესიული გახდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კი მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციის დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ისევ გვისმენენ - სუს-ის ფაილების ამბავი

12 სექტემბერს რამდენიმე რედაქციამ ანონიმური წყაროსგან ელექტრონულ ფოსტაზე სპეციფიკური ვებგვერდის ბმული მიიღო. აღმოჩნდა, რომ ამ მისამართზე ატვირთული იყო ასობით დოკუმენტი, სავარაუდოდ ფარული ჩანაწერები, რომლებშიც ფიგურირებდნენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და ძირითადად, სასულიერო პირები. სავარაუდოდ, ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ჯგუფის მიერ იყო გაკეთებული. ფოლდერებში ძირითადად სამი ტიპის დოკუმენტაცია ინახებოდა - სატელეფონო საუბრების ტრანსკრიპტები, თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და ცალკეულ სასულიერო პირებზე შეგროვებული მასალების კომპილაცია.

გამოქვეყნებული მასალების ნაწილმა ავთენტიკურობის ტესტი მალევე გაიარა, როცა არაერთმა ფიგურანტმა, მათ შორის ჟურნალისტებმა საკუთარი სატელეფონო საუბარი ამოიცნეს. მათ შორის იყვნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

ჩანაწერებიდან გავიგეთ რომ:

  • სულ მცირე იმ პერიოდში, როცა ეს ჩანაწერები გაკეთდა, სავარაუდო ფარულ მიყურადებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. მასალები ათასობით ფაილს მოიცავს. უცნობია პროცესი ისევ გრძელდება თუ არა;
  • სავარაუდოდ, სუსი არღვევდა პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის გარანტირებულია ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობით;
  • სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასურველი ადამიანის მოსმენას ძალიან სწრაფად - სასამართლოს გვერდის ავლით იწყებდა;
  • თუ ამ ჩანაწერების ავთენტიკურობა დადასტურდება, გამოვა, რომ უწყება არღვევდა ვენის კონვენციას, როცა უსმენდა დიპლომატებს.

პროკურატურამ აქ საქმეზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო: კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

გამოძიება ისევ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები სავარაუდოდ სუსში გაკეთდა, თანამდებობაზე რჩება უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი. ის არც გამოძიებას დაუკითხავს.

გასულ თვეებში ე.წ “სუსის ფაილების” ამბავი სხვა პოლიტიკურმა მოვლენებმა უკან მოიტოვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მომხდარი კვლავ ახსოვთ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს. 17 დეკემბერს ესტონური მედიასაშუალება “დელფის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაი კალასმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს თბილისში ესტონეთის საელჩოს უკანონო მიყურადებაზე გამოძიების ამბავი ჰკითხა და აღნიშნა, რომ მეგობრები ერთმანეთს არ უნდა უსმენდნენ.

ასევე ნახეთ ევროკავშირი სუს-ის სავარაუდო ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი "სუს-ის ფაილებზე": საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს

მოტყუებული ექსპრეზიდენტი და უკანონოდ გავრცელებული ვიდეომასალა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის და შიმშილობის მეორმოცე დღეს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას ყველაზე მეტად არ უნდოდა მოხვედრა. აქ ის 8 ნოემბერს, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, კანონდარღვევით გადაიყვანეს.

რუსთავის ციხიდან გლდანში ყოფილი პრეზიდენტი ისე წაიყვანეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ მისი ოჯახის წევრებმა. ასევე არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ სააკაშვილის არცერთ ადვოკატს. უფრო მეტიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თავად მიხეილ სააკაშვილმაც არ იცოდა, რომ ის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მიჰყავდათ.

მოგვიანებით ყოფილი პრეზიდენტი იტყვის, რომ იგი მოატყუეს - უთხრეს, რომ სამედიცინო კონსილიუმის გადაწყვეტილებით იგი სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, ამიტომ თავად ჩაალაგა პირადი ნივთები და მოემზადა წასასვლელად. ​

პაციენტთა კანონის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობაა პაციენტის ან მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის კიდევ ერთ ფაქტზე, ვიდეო კადრების გავრცელებაზე იუსტიციის სამინისტრო 2 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება დამონტაჟებულ მასალას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის პროცესია ასახული.

„მისი ამგვარ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, უნდა იქნას მიჩნეული მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად”, - წერია ინსპექტორის დასკვნაში.

ინსპექტორმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს კადრების სოციალური ქსელებიდან და ოფიციალური გვერდებიდან აღებაც დაავალა, თუმცა ისინი პენიტენციურ სამსახურს დღემდე არ წაუშლია.

გასულ წელს სახელმწიფო უწყებებმა არაერთხელ მიმართეს ვიდეო მასალების გავრცელების პრაქტიკას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საბაბით. ასე მოხდა ივლისში, “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას შემთხვევაშიც. მისი გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროა. სახელმწიფო ინსპექტორმა ამ შემთხვევაშიც უწყების მიერ კანონის დარღვევა დაადგინა.

წლის ბოლოს კი სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ახალი ამბებიდან შეიტყო, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა მისი უწყების გაუქმების შესახებ. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად, უნდა შეიქმნას ორი სამსახური გამოძიებებისთვის და პერსონალური მონაცემების დასაცავად.

არასამთავრობო სექტორი ამ ინიციატივას დამოუკიდებელ ინსტიტუტზე ხელისუფლების იერიშად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის საკითხის საიდუმლო რეჟიმში მომზადდება “საკანონმდებლო თვითნებობაა”. კანონპროექტზე დაჩქარებული წესით მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო.