Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

DRI: ლაშქარავას საქმის გაჭიანურება მოძალადეებზე ხელის დაფარების მცდელობა შეიძლება იყოს


"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" "TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების გამოუძიებლობას, ჟურნალისტებზე 5 ივლისს მასობრივი ძალადობაში ჩართული დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების მცდელობადაც განიხილავს. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვალებიდან ხუთი თვის გასვლის შემდეგ, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ლექსო ლაშქარავასთვის 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ფიზიკურ დაზიანებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საბოლოო შედეგები, ასევე, ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შესახებ.

"სამედიცინო ექსპერტიზის მიერ მიღებულ დაზიანებებსა და 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემა ამ შედეგისათვის პროცესუალურად გამოირიცხება, ხოლო, მათი განმეორებითი მსჯავრდება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისათვის, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ და სხვა საგამოძიებო ორგანოებმა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირებულობა საქმის მიმდინარეობის შესახებ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ისევ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თვის თავზეც არ აქვს ექსპერტიზის პასუხი, რომელსაც უნდა დაედგინა, რა გახდა ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი.

ლაშქარავას გარდაცვალების საქმე მაღალი საჯარო ინტერესის მატარებელია - ის 2021 წლის 11 ივლისს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სიძულვილის ჯგუფების მასობრივი ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ის 5 ივლისს 53 დაშავებულ ჟურნალისტს შორის ერთ-ერთი დაზარალებულია.

XS
SM
MD
LG