„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ პირველი საპროტესტო აქცია ომბუდსმენის ოფისთან გამართა

"ალტ-ინფოს" ჯგუფმა, როგორც პოლიტიკურმა პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“, პირველი აქცია გამართა და 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვა. სასამართლომ 22 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ "თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდამსხმელი 3 პირი გაათავისუფლა. წინასწარ პატიმრობაში რჩება 29 მონაწილე.

ახალდაარსებულმა პრორუსულმა პოლიტიკურმა პარტიამ, "კონსერვატიულმა მოძრაობამ" აქცია სახალხო დამცველის ოფისთან გამართა. აქციაზე ითქვა, რომ სახალხო დამცველი შერჩევით არჩევს "დასაცავ ადამიანებს" და წარმოადგენს საქართველოში "დასავლურ ინსტიტუტებს", ამიტომ აუცილებელია "ხალხის რისხვის სწორი მიმართულებით მიმართვა".

აქციას 300-მდე ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად შუა ხნის კაცები. იყვნენ ქალებიც, საყვირებით და პარტიის მცირე ზომის დროშებით. შეკრებილებს პარტიის ლიდერებმა და "ალტ-ინფოს" წამყვანებმა მიმართეს.

"რაც 5 ივლისის შემდეგ მოხდა, საქართველოში იღებს ორგვარ შეფასებას: ერთი, ამ დაწესებულების, ენჯეო სექტორის, ჩვენი მთავრობის, უცხოელი ელჩების და ჩვენი მედიასაშუალებების მიერ გაკეთებული შეფასებაა, რომლისთვისაც 5-ში მომხდარი არის კატასტროფა, იმიტომ, რომ მათი წარმოდგენა იმაზე, რა მოახერხეს მათ საქართველოში, თავზე დაენგრათ და არის მეორე შეფასება, ჩვეულებრივი ხალხის შეფასება, რომლისთვისაც 5-ში ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყნის ღირსება, შევუნახეთ ქვეყანას ნამუსი. ბიჭები, რომლებიც დაკავებულები არიან, დაკავებულები არიან ზუსტად იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში, ქაშუეთის ეზოში არ დაუშვეს გარყვნილების პროპაგანდა, არ დაუშვეს საკუთარი სამშობლოს, ღირსების შეურაცხყოფა. ეს ორი შეფასება ვერ შეთანხმდება", - თქვა ზურაბ მახარაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. მან სახალხო დამცველი შერჩევით მიდგომაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის არ იცავს მათ დაპატიმრებულ მხარდამჭერებს, რომლებიც პოლიციამ მტკიცებულებების გარეშე დააკავა.

ასევე ნახეთ ომბუდსმენი ითხოვს ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას

შოთა მარტინენკომ, ასევე პარტიის წევრმა და "ალტ-ინფოს" ერთ-ერთმა წამყვანმა, მხარდამჭერებს აუხსნა, რომ მათი მიზანი იმგვარი ინსტიტუტებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებაა, რომლებიც საქართველოში დასავლეთის ინტერესებს ატარებენ.

"ჩვენი ძალები არ არის თანასწორი იმისა, რაც მოწინააღმდეგე მხარეს დგას. შეიძლება ჩვენ უმრავლესობაში ვართ, მაგრამ მათ მხარეს არის კოლოსალური მხარდაჭერა დასავლეთიდან და მნიშვნელოვანია სწორი მიმართულებით დავსვათ აქცენტები, ვის უნდა დავარტყათ და რა ინსტიტუტებს, რა მიმართულებას უნდა მივაყენოთ დარტყმები. ჩვენ თუ ხალხის რისხვა არ მივმართეთ სწორი მიმართულებით, ისე ისინი უკან არ იხევენ. ჩვენ დარტყმები უნდა მივამართოთ სწორად და შევარჩიოთ სწორი დრო...რაც შეიძლება მეტს უნდა გავაგებინოთ, რომ სახალხო დამცველი, ევროკავშირის და ამერიკის საელჩოები დგას ამ ყველაფრის უკან და მომავალში ჩვენი დარტყმის მიმართულება უნდა მიიმართოს აქეთ ", - უთხრა მან სახალხო დამცველის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს. ომბუდსმენის ოფისთან შეკრებილი იყო პოლიცია. ისინი აქციის მონაწილეებს და სახალხო დამცველის ოფისის შესასვლელს ცოცხალი ჯაჭვით მიჯნავდნენ.

აქციაზე ითქვა ისიც, რომ 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულების გათავისუფლება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ხალხმა მათ მხარდაჭერაზე უარი არ თქვას.

"5 ივლისი იყო დიდი გამარჯვების დღე. გამარჯვების დღე, რომელიც რომ არ შემდგარიყო, ისეთი ნიჰილიზმი დაისადგურებდა ჩვენს ქვეყანაში საკუთარი სახელმწიფოს მმართველი სისტემის მიმართ, რომ ამ ნიჰილიზმის შემობრუნება გაუგებარია, როგორ მოხერხდებოდა. ყველას დიდი ღვაწლი მიუძღვის, ვინც იქ იყო, 5 ივლისის დიდ გამარჯვებაში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი დღესდღეობით, მაგრამ 5 ივლისს ლიბერასტულმა სისტემამ აიყვანა ტყვეები ჩვენი რიგებიდან, ეს ხალხი ახლა ციხეში ზის და ცდილობენ მათ მიაკერონ მოძალადის სტატუსი და ამით გატეხონ განწყობა ხალხში.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ეს ხალხი არიან არა მოძალადეები, არამედ ისინი არიან მეომრები. მათი ნაბიჯის, მათი პოზიციის ჩვენ არათუ გვრცხვენია, არამედ გვეამაყება...თუ ჩვენ ახლა ამ ხალხს მივატოვებთ გასაჭირში, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ ღირსები არც იმ გამარჯვების, რასაც მივაღწიეთ და არც მომავალში შეგვეძლება იგივეს გამეორება ”, - თქვა შოთა მარტინენკომ აქციაზე.

დღესვე, საქალაქო სასამართლოში გაიმართა "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებული 6 ადამიანის სასამართლო პროცესი. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისის ერთ-ერთი დაშავებულია, რომელსაც მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ "სირცხვილიას" ოფისთან. ის 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ლექსოს კოლეგა, ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც სასამართლოში ლექსოს გამოსახულებიანი მაისურით მივიდა.

"ბრალდებულების მხრიდან არაერთხელ გამიგია, რომ ისინი ქვეყანას იცავდნენ, მაინტერესებს, ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?" - ამ სიტყვებით მიმართა ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, დაზარალებულმა მირანდა ბაღათურიამ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს.

ასევე ნახეთ "ზედოზირებაზე" ლექსო ლაშაქარავას ექსპერტიზის პასუხი 4 თვის თავზეც არ არსებობს

დღესვე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მესამედ მიმართა "სირცხვილიამ", 5 ივლისის დარბევის გამო დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით.

ასევე ნახეთ ვიყავით და ისევ წავალთ რუსეთში - "ალტ-ინფოს" პარტია პოლიტიკაში მოვიდა

5 ივლისს ძალადობრივი ფაქტების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 53 ჟურნალისტი. ამ დღეს მომხდარი ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის.

5 ივლისის ძალადობრივ თავდასხმებში მონაწილე ჯგუფის, "ალტ-ინფოს" წევრებმა პოლიტიკური პარტია დააარსეს. ამ პოლიტიკურ ძალას სწორება „რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე“ აქვს.