სახალხო დამცველმა 5 ივლისიდან 2 თვის გასვლის შემდეგ ბრიფინგი გამართა და ამ დღეს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიების ხარვეზებზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიას ამ დრომდე არ აქვს წვდომა 5 ივლისს მომხდარი ძალადობების გამოძიების საქმის მასალებზე, თუმცა ღია წყაროებში, ძირითადად მედიასაშუალებებში გასული მასალების მიხედვით, თვლის, რომ გამოძიება არასაკმარისად ეფექტიანად მუშაობს და ამის თქმის საფუძველს პირველ რიგში აძლევს ის, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით გამოძიებას არც ერთი ბრალდებული არ ჰყავს იმის მიუხედავად, რომ გავრცელებულ კადრებში ნათლად იკვეთება რამდენიმე პირი, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ ძალადობრივ აქციას.
"5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან გავიდა 2 თვე. პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,
დაზარალებულად არის ცნობილი 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა 27 პირის მიმართ, მათ შორის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობით ბრალდებით, თუმცა, სამწუხაროდ, პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალები და ჩვენ მივიჩნევთ, რომ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა ორი პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა. ერთ შემთხვევაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მეორე შემთხვევაში კი ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწოდების ფაქტზე. სახალხო დამცველი არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, თუკი საქმის შესწავლის შემდეგ მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მე ეს უფლებამოსილება გამოვიყენე და უკვე მივმართე პროკურატურას, რომ ზურაბ მახარაძის და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა", - თქვა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დღეს დილიდან შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და დაიწყეს ჟურნალისტებზე ძალადობა, დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ამ დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტვ პირველის სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში, 9 ივლისს გარდაიცვალა.
იმის მიუხედავად, რომ ამ 30 პირის შემთხვევაში განაჩენი ჯერ არ დამდგარა და გამოძიება ისევ გრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 3 სექტემბერს განაცხდა, რომ ყველა მოძალადე დაკავებული და დასჯილია.