ის, რომ იესო მხოლოდ ებრაელთა მიერ იყო აღიარებული მესიად, ცნობილია. ის, რომ იესოს სიცოცხლეში მისი მიმდევრები მხოლოდ ებრაელები იყვნენ, ის, რომ მათი წმინდა წიგნები მეორე ტაძრის იუდაიზმის წმინდა წიგნები იყო - ესეც ბანალური რეალობაა. მაგრამ ტაძრის დანგრევა ბედის ბორბალს შემოატრიალებს: ტიტუსის ლეგიონების მიერ შექმნილ ძალაუფლების ვაკუუმში ორი ჰეტეროდოქსული მოძრაობა გამოვა გამარჯვებული და დაიწყებს ბრძოლას ებრაელთა გულებისათვის. პროტოქრისტიანული მოძრაობა დამარცხდება ამ ბრძოლაში და აქცენტს არაებრაელებზე გადაიტანს. პარალელურად ეს ორი მოძრაობა ჩაერთვება საკუთარი თავის თვითგანსაზღვრის პროცესში, რითაც გააღრმავებს მათ შორის თეოლოგიურ თუ სოციოლოგიურ განხეთქილებას. ამგვარად, პროტოქრისტიანობა დაიწყებს საკუთარი თავის იუდაიზმის საპირწონედ განსაზღვრას.
არადა, რომ გადარჩენილიყო მეორე ტაძრის იუდაიზმი, დიდია ალბათობა, რომ ადვილად „მოინელებდა“ საკუთარ წიაღში როგორც პროტოქრისტიანულ, ისე ფარისევლურ ჰეტეროდოქსულ მოძრაობას.
რა თქმა უნდა, ფარისევლური მიმდინარეობა ერთ ღამეში არ გადაქცეულა რაბინისტულ იუდაიზმად, არც იესოს დაფუძნებული მოძრაობა გახდა თვალის დახამხამებაში არაებრაელთა რელიგია, მაგრამ ტაძრის დაცემა ის წყალგამყოფი იქნება, რომელიც შეუძლებელს გახდის უკუქცევას.
ამრიგად, ტიტუსის ლეგიონებმა სამუდამოდ შეცვალეს მსოფლიოს რელიგიური რუკა...
ტაძრის დანგრევის ექოს ჩვენ სახარებებში ვნახულობთ. მათეს სახარების მიხედვით, ტაძრის დანგრევა არის ის ფასი, რომელიც ისრაელმა გადაიხადა იესოს უარყოფისათვის. შემდგომში „ვარიაციებს“ თემაზე „ისრაელის დასჯა“ მრავალი ქრისტიანი ავტორი აიტაცებს დიდი ენთუზიაზმით.
რაც შეეხება რაბინისტულ ლიტერატურას, იქ შეიმჩნევა აზრთა სხვადასხვაობა, თუ რამ გამოიწვია „ღმერთის რისხვა“ - სრულიად ებრაელი ხალხის თუ მხოლოდ ტაძრის სამღვდელოების ცოდვებმა.
რომაელ ისტორიკოსებს, კერძოდ ტაციტუსს, ძალიან რაციონალური მიზეზები მოჰყავთ ებრაელ აჯანყებულთა დამარცხების ასახსნელად: რომის სამხედრო უპირატესობა, შუღლი და უთანხმოება ებრაელთა სხვადასხვა ჯგუფს შორის და ა.შ. თუმცა, ბოლოს ეს რომაელი ინტელექტუალი თხრობას ამ გასაოცარი სიტყვებით ამთავრებს: „და უეცრად ტაძრის საკურთხევლის კარი გაიღო და ხმამ, უფრო მაღალმა, ვიდრე ადამიანისამ, გამოაცხადა, რომ ღმერთები ტოვებდნენ იქაურობას. და ამავდროულად გაისმა ტაძრიდან გამოსვლის ხმა“.
სხვათა შორის, აქ ტაციტუსი იმეორებს რომაელების წინააღმდეგ ამ ომში მებრძოლი იოსებ ფლავიუსის სიტყვებს: „ვინაიდან, ჩემი აზრით, ღმერთმა, სძულდა რა მათი უღმერთოება, ზურგი აქცია ჩვენს ქალაქს, რადგან ტაძარი აღარ იყო უმწიკვლო სამყოფელი. ამგვარად, ღმერთმა აღძრა ჩვენ წინააღმდეგ რომაელები, რომლებმაც როგორც ქალაქს, ასევე იერუსალიმის ბინადართ, მათ ცოლებსა და შვილებს, აწვნიეს განწმენდის ცეცხლი“. ეს ებრაელი ავტორი სწორედ ამ ანტიებრაული სიტყვებისთვის, გახდება ქრისტიანების ყველაზე საყვარელი არაქრისტიანი ავტორი!
მომდევნო საუკუნეებში ნებისმიერმა ქრისტიანმა ერუდიტმა - რომში ცხოვრობდა ის თუ სხვაგან - იცოდა, თუ რამდენად გარდამტეხ მომენტს წარმოადგენდა ტაძრის დანგრევა 70 წელს. საუკუნეების მანძილზე ქრისტიან ავტორებს მუდამ აინტერესებდათ ტიტუსის მიერ იერუსალიმიდან რომში წამოღებული საკულტო საგნების ადგილსამყოფელი. მე-6 საუკუნეში პროკოფი კესარიელისგან ვიგებთ, რომ ბელიზარიუსმა, იმპერატორ იუსტინიანეს ბრწყინვალე გენერალმა, აფრიკიდან ჩამოიტანა იერუსალიმის ტაძრის სიწმინდეები, რომლებიც ვანდალების მეფე გენსერიკმა მოიპარა რომიდან 455 წელს. სხვათა შორის, ტაძრიდან წამოღებული საგანძურის ადგილსამყოფელზე მედიტაციები დღესაც არ დამთავრებულა. შვიდი წლის წინ იერუსალიმის რაბინმა, იონათან შტენცელმა, სთხოვა ისრაელში ვატიკანის წარგზავნილს, რომ „ეკლესიას გაეთავისუფლებინა ტაძრის სიწმინდეები, მათ შორის მენორა“. თავის პასუხში არქიეპისკოპოსი ჯუზეპე ლაცაროტო კიდევ ერთხელ დაადასტურებს ეკლესიის პოზიციას, რომ „ვატიკანს არ აქვს ინფორმაცია ტაძრის სიწმინდეების ადგილსამყოფლის შესახებ“. ამის შემდეგ რაბინი შტენცელი შიმონ პერესს, ისრაელის მაშინდელ პრეზიდენტს, გაუგზავნის წერილს თხოვნით, ეს საკითხი დაეყენებინა პაპ ფრანცისკესთან მოახლოებული შეხვედრის დროს.
ეს ყველაფერი ბევრს ამბობს თანამედროვე ებრაულ-ქრისტიანულ ურთიერთობებზე... მაგრამ ნუთუ გასაკვირია ეს - მაშინ, როცა ქრისტიანობა მიითვისებს ებრაულ მემკვიდრეობას და საკუთარ თავს ჭეშმარიტ ისრაელად გამოაცხადებს?! მაშინ, როცა თექვსმეტი საუკუნის განმავლობაში ასაღებდა რა თავს იესოს სულიერ მემკვიდრედ, ეკლესია დევნიდა იესოს ხორციელ მემკვიდრეებს...
ეს ყველაფერი ნათელია, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ოქტომბრის იმ შუადღეს, კოკისპირული წვიმისას, რაბინთა ჯგუფს არ ვკითხე, მათაც თუ სჯერათ, რომ ვატიკანი საკუთარ სარდაფებში მალავს ტიტუსის მიერ ტაძრიდან მოპარულ მენორას...
ასევე ნახეთ
საშობაო მედიტაციები რომში (ნაწ. 1)საშობაო მედიტაციები რომში (ნაწ. 2)ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.