Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო მედიტაციები რომში (ნაწ. 1)


25 დეკემბერს ჩვენი პლანეტის დაახლოებით ნახევარი აღნიშნავს შობას. პლანეტის მთელი მოსახლეობა კი ცხოვრობს იმ კალენდრის მიხედვით, რომელიც მეექვსე საუკუნეში ერთმა რომაელმა ბერმა დაადგინა და რომელიც სათავეს არა რომის დაარსებიდან, არამედ იესოს დაბადებიდან იღებს. მაგრამ ამ რომაელმა ბერმა, რომაული კალენდრის გაუქმებასთან ერთად, ყველაფერი აურ-დაურია - ვერც იესოს დაბადების წელი და ვერც დღე სწორად ვერ გამოითვალა. თუმცა, ისიც ნათელია, რომ იგი თეოლოგიური პრინციპით მოქმედებდა, როცა იესოს დაბადების დღედ 25 დეკემბერი აირჩია. ისე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თვით იესოსაც (რომის იმპერიის განაპირას მცხოვრებ ამ მარგინალ ებრაელს), სცოდნოდა საკუთარი დაბადების თარიღი.

ანატოლ ფრანსის მოთხრობა „იუდეის პროკურატორი“, კარგად აჩვენებს, თუ რა მარგინალური ადგილი ეკავათ იესოს და მის მოძრაობას პირველ საუკუნეში. მოთხრობის მიხედვით, მოქმედება ხდება ჩვენი წელთაღრიცხვით 57 წელს, სამხრეთ იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც არისტოკრატი ელიუს ლამია შემთხვევით გადააწყდება თავის ძველ მეგობარ პონტიუს პილატეს. ლამიასთან საუბარში აწ უკვე ხანში შესული პილატე იხსენებს იერუსალიმში გატარებულ წლებს, მეამბოხე იუდეველებს და სხვა ნაკლებად სასიამოვნო მოვლენებს. პილატესგან განსხვავებით, ლამიას ახსენდება ერთი იერუსალიმელი ქალი, რომლის სექსუალური ცეკვა მას უფრო ხიბლავდა, ვიდრე ბერძნული ღვინო და რომლის უცაბედად გაქრობა მას დიდ საგონებელში ჩააგდებს: „მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით გავიგე, რომ ის შეუერთდა მამაკაცთა და ქალთა მცირე ჯგუფს, რომელსაც სათავეში ახალგაზრდა გალილეველი სასწაულთმოქმედი ედგა. ის საკუთარ თავს იესო ნაზარეველს უწოდებდა და ის ჯვარზე აცვეს რაღაც დანაშაულის გამო. პონტიუს, გახსოვს ეს კაცი?

პილატე წარბებს შეჭმუხნის და ხელს ისე დაიდებს შუბლზე თითქოსდა ვიღაცას ეძებდა მეხსიერებაში. „იესო? იესო ნაზარეველი? არა, არ მახსოვს“.

და რა გასაკვირია, რომ პილატეს არ ახსოვდა მის მიერ ჯვარცმული ვინმე იესო?!

მე ყოველთვის მაგდებდა საგონებელში ფაქტი, თუ როგორ გახდა ამ მარგინალი ებრაელის მიერ დაფუძნებული მოძრაობა რომის იმპერიის რელიგია... ხშირად მიფიქრია, თუ რომელმა საბედისწერო შემთხვევითობამ ან მოვლენამ ითამაშა ამაში გადამწყვეტი როლი... იყო ეს ჯვარცმის თარიღი, რომელიც დაემთხვა ებრაულ აღდგომას და, შესაბამისად, უბიძგა იესოს პირველ მიმდევრებს, მისი სიკვდილი აეხსნათ როგორც მსხვერპლშეწირვა კაცობრიობის ცოდვების გამო? ან იქნებ თეოლოგიას არანაირი როლი არ უთამაშია და მიზეზები რომის პოლიტიკურ ძალაუფლებაში უნდა ვეძიოთ? კი, მაგრამ რომელმა მოვლენამ ითამაშა საბედისწერო როლი? იყო ეს კონსტანტინეს ტახტზე ასვლა (306 წლის 25 ივლისი)? იყო ეს კონსტანტინეს გამარჯვება მილვიანის ხიდის ბრძოლაში (312 წლის 28 ოქტომბერი)? თუ ეს მაშინ მოხდა, როდესაც კონსტანტინემ გაიმარჯვა ლიცინიუსზე (324 წლის 18 სექტემბერი)? ან იქნებ კონსტანტინე არაფერ შუაშია და მთავარი როლი თეოდოსიუსის ედიქტმა შეასრულა (380 წლის 28 თებერვალი)? ან იქნებ ეს კიდევ უფრო გვიან მოხდა (391-392 წლებში), როდესაც თეოდოსიუსმა აკრძალა ე.წ. წარმართული კულტები?

და რომელ მოვლენას შეეძლო ბედის ბორბალი უკუღმა შემოეტრალებინა? მაგალითად, what if, რომ არ მოეკლათ ბრძოლაში ახალგაზრდა იმპერატორი ივლიანე განდგომილი 363 წლის 26 ივნისს? შეძლებდა ივლიანე ქრისტიანობის აღზევების შეჩერებას, როგორც ეს მას სურდა? ვინაიდან, დავუშვათ, რომ ქრისტიანობა ისეთი შინაგანი მუხტით იყო დაჯილდოებული, რომ მის გავრცელებას ვერაფერი შეაჩერებდა, ალბათ მცდარია - კონსტანტინეს გარდაცვალებიდან სულ რაღაც სამი საუკუნის შემდეგ, ყოფილი რომის იმპერიის პროვინციების ნახევარში (ეგვიპტეში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სირიასა და ანატოლიაში), ქრისტიანობას ხომ ისლამი ჩაანაცვლებს?!

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ დღეს, რომში მოგზაურობამ მეც what if-ის ახალ ვერსიამდე მიმიყვანა.

რომში ჩემი მოგზაურობა ტიტუსის თაღთან დაიწყო. ტიტუსის თაღი დგას Via Sacra-ზე, კოლოსეუმიდან არც თუ ისე შორს. წმინდა პეტრეს ბაზილიკა, გუშინდელი ქრისტიანობის და დღეს კი კათოლიციზმის გული, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთით, ტიბრის მეორე ნაპირზე. ფეხით სულ რაღაც ერთი საათის სავალი - არასრული ოთხი კილომეტრი - ყოფს რომის ამ ორ ცნობილ ძეგლს ერთმანეთისგან.

იმ ოქტომბრის დღეს რომში კოკისპირულად წვიმდა. ჩემ გვერდით, ისრაელელი რაბინების ჯგუფი ათვალიერებდა ტიტუსის თაღის სამხრეთ ფეხის ბარელიეფს. რამაც გამაოცა, ის იყო, რომ ყველა მათგანი ბინოკლით იყო აღჭურვილი. სხვათა შორის, თავიდან ვერც კი შევამჩნიე მათი მოახლოება - გატაცებული ვიყავი მოპირდაპირე, ჩრდილოეთ ფეხის ბარელიეფით, რომელზეც გამოხატულია „ღვთაებრივი ტიტუს ვესპასიანე ავგუსტუს ვესპასიანეს ძის“ ტრიუმფალური მსვლელობა ებრაელ აჯანყებულებზე გამარჯვების შედეგად. ქალღმერთი ვიქტორია, დაფნის გვირგვინით შემკული და ეტლზე ამხედრებული ტიტუსი... ამ ბარელიეფზე ყველაფერი ხაზს უსვამს რომის სამხედრო ძალას, ყველა დეტალი მიანიშნებს, რომ ღმერთები მფარველობენ ქალაქ რომს, მის იმპერატორ ვესპენსიანესა და მის დე ფაქტო ვიცე-იმპერატორ ვაჟ ტიტუსს.

როგორც გითხარით რაბინების ბინოკლები მიმართული იყო მეორე, სამხრეთ ფეხის ბარელიეფზე. უცნაურია, რომ ვერცერთი რაბინი ვერ ბედავდა თაღის ქვეშ შემოსვლას, საიდანაც უკეთესად დაათვალიერებდნენ ბარელიეფს, განსაკუთრებით ამ კოკისპირული წვიმის დროს. „ნუთუ მათ არ იციან, რომ რომის მთავარმა რაბინმა ჯერ კიდევ 1948 წელს გააუქმა ძველი აკრძალვა ებრაელებისთვის ამ ‘დაწყევლილი’ თაღის ქვეშ გავლის შესახებ“ - გავიფიქრე ჩემთვის. ამ აკრძალვის გაუქმება ხომ 1997 წელსაც დაადასტურა რომის მორიგმა მთავარმა რაბინმა?!

რას უყურებდნენ ისინი ასეთი ინტერესით? ტიტუსის თაღის ყველაზე ცნობილი მარმარილოს ბარელიეფი ხომ აცოცხლებს 2000 წლის წინ რომაელი ლეგიონერების მიერ იერუსალიმის ტაძრიდან მოპარული ნადავლის სცენას! იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებულმა უზარმაზარმა საგანძურმა საშუალება მისცა ტიტუსის მამა ვესპასიანეს, დაეფინანსებინა კოლოსეუმისა და მშვიდობის ტაძრის მშენებლობა. იმ მშვიდობის ტაძრის, რომელსაც პლინიუს უხუცესმა, არც მეტი და არც ნაკლები, მსოფლიოს საოცრება უწოდა და იმ კოლოსეუმისა, რომლის სიდიადე დღესაც სახტად გვტოვებს. ტიტუსის ნადავლს შორის გამოირჩეოდა დიდი მენორა (შვიდფეხიანი სასანთლე), წმინდა საყვირები და ოქროს მაგიდა, რომელზედაც მღვდელმთავრები ათავსებდნენ შესაწირავ პურს. ბარელიეფზე ლეგიონერების მსვლელობას თორას გრაგნილი ასრულებს. ამ საოცარი ბარელიეფის ყოველი დეტალი ხაზს უსვამს, რომ რომმა გაიმარჯვა ისრაელის ღმერთზე და გაანადგურა მისი სახლი.

რაბინების ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ კოკისპირულ წვიმაზე უფრო 20 საუკუნის წინანდელი მოვლენების გახსენებამ დათრგუნა, ჩუმად ტოვებს ტიტუსის თაღს და piazza d'Aracoeli-ს მიმართულებით მიეშურება. ცოტა ხნის განმავლობაში ჩვენი გზა ერთმანეთს ემთხვეოდა და მე უკნიდან თვალს ვადევნებდი როგორ თავჩაქინდრული, ჩუმად აგრძელებდნენ გზას რაბინები. ბოლოს მათ მარცხნივ გადაუხვიეს - ეჭვგარეშეა, ჰოლოკოსტის მუზეუმის ან დიდი სინაგოგისკენ. მე კი გზა გავაგრძელე ტიბრის სანაპიროზე, ვიქტორ-ემანუელ II-ის ხიდისკენ, წმინდა პეტრეს ბაზილიკის მიმართულებით. მთელი ამ გზის განმავლობაში სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი, გარდა რაბინების ტანჯული სახეებისა, რაც ებრაულ-რომაული ომით (66-70 წწ.) იყო გამოწვეული.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG