ბორელი საქართველოში რუსეთის ქმედებებს ასახელებს ევროპაში ვითარების დამძიმების ერთ-ერთ მიზეზად

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხება რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნას.

ბორელი წერს, რომ რუსეთის მიერ გამოქვეყნებული შეთანხმების ორი პროექტი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება.

ასევე ნახეთ რუსეთმა გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აშშ-სთან და ნატოსთან შეთანხმებების პროექტები
ასევე ნახეთ აშშ და ნატო გამოეხმაურნენ რუსეთის წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, დღეს ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. ჟოზეპ ბორელის თანახმად, ევროკავშირი სრულად ერთგულია ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი, რომელიც ეფუძნება თავდაუსხმელობის და სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ძირითად პრინციპებს.

ბორელის შეფასებით, რუსეთის ქმედებებმა გამოიწვია ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრად გაუარესება - კერძოდ, ყირიმის უკანონო ანექსიამ, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღვივებაში რუსეთის როლმა, მისმა ქმედებებმა საქართველოსგან მოგლეჯილ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე, დნესტრისპირეთში და ლუკაშენკას რეჟიმის მხარდაჭერამ. ჟოზეპ ბორელის განცხადებით, სულ ახლახან, უკრაინასთან საზღვარზე და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდამ შექმნა ახალი საფრთხეები და შეჭრის საშიშროება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს ნატოს წინადადებას, რუსეთის მიერ გამოქვეყნებული პროექტების პასუხად ჩატარდეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. ჟოზეპ ბორელის თანახმად, ნატო გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფაში. ევროკავშირის სურვილია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების სფეროში შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად.

ასევე ნახეთ იან სტოლტენბერგი რუსეთ-ნატოს საბჭოს სასწრაფოდ ჩატარების წინადადებით გამოდის

ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ევროკავშირს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მტკიცე რეაგირება ექნება უკრაინის სუვერენიტეტის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე. ამასთან, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დიალოგი, მოლაპარაკებები და თანამშრომლობაა სადავო საკითხების გადაწყვეტის და მშვიდობის დამყარების ერთადერთი საშუალება და ევროპის უსაფრთხოების საკითხების ნებისმიერი, რეალური განხილვა უნდა ეფუძნებოდეს ეუთოს და გაეროს ვალდებულებებს. ჟოზეპ ბორელი წერს, რომ ევროკავშირი აშშ-თან და ნატოსთან ერთად იმოქმედებს, რათა რუსეთთან ნებისმიერი, შესაძლო დისკუსიისას უზრუნველყოს საკუთარი ინტერესების წარმოდგენა.

ასევე ნახეთ აშშ და რუსეთი უსაფრთხოების საკითხებზე, სავარაუდოდ, იანვარში გამართავენ მოლაპარაკებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აშშ-თან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ასევე ნახეთ მაიკლ მაკფოლი: რუსეთის მომზადებულ შეთანხმებას მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის ვალდებულება უნდა დაემატოს