Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ნატო გამოეხმაურნენ რუსეთის წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ


თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ საკი.
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ საკი.

აშშ და ნატო გამოეხმაურნენ შეთანხმებების პროექტებს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, რომლებიც რუსეთმა გამოაქვეყნა 17 დეკემბერს.

რუსეთის სიტყვებზე, რომ მოსკოვი მზად არის, „ნებისმიერ დროს“ დაიწყოს მის მიერ წამოყენებული წინადადებების შესახებ მოლაპარაკებები, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გაეცნო პირობებს, მაგრამ თავისი მოკავშირეების გარეშე არ გამართავს „არავითარ მოლაპარაკებებს ევროპის უსაფრთხოების შესახებ“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „მოსკოვთან ნებისმიერი დიალოგი ასევე უნდა შეეხოს ნატოს შეშეფოთებას რუსეთის მოქმედებებს“ უკრაინის მახლობლად დიდძალი სამხედრო ძალის თავმოყრის კონტექსტში.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ „ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ თუკი რუსეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბულობის შესასუსტებლად, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ნდობის შემუშავების ზომებზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. როგორც აცხადებენ, ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, კარენ დორნფილდს, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით.

ხელშეკრულების რუსულ პროექტში ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები კისრულობს ვალდებულებას, გამორიცხოს ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის შემდგომი გაძლიერება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს ამბობს ალიანსში იმ ქვეყნების მიღებაზე, რომლებიც წინათ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ,“ ასევე არ შექმნის სამხედრო ბაზებს წინათ სსრკ-ს შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან ნატოს შემადგენლობაში, არ გამოიყენებს მათს ინფრასტრუქტურას ნებისმიერი სამხედრო საქმიანობის საწარმოებლად, ასევე არ განავითარებს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. ლაპარაკია აგრეთვე შეიარაღების განთავსების შეზღუდვებზე, მათ შორის საშუალო და მცირე რადიუსის სახმელეთო ბაზირების რაკეტებისა, ასევე ქვეყნის გარეთ ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.

ვალდებულებების უდიდესი ნაწილი აშშ-ს ეხება. რუსეთის რაიმე ცალმხრივ ვალდებულებებზე დოკუმენტში ლაპარაკი არ არის.

ნატოსთან შეთანხმების პროექტშიც ლაპარაკია ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრთა ვალდებულებაზე, გამორიცხონ ნატოს გაფართოება, „მათ შორის უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების“ მიერთება, აგრეთვე ის, რომ უარი თქვან „ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ და საზღვრის მახლობლად მსხვილი სამხედრო სწავლების ჩატარებაზე.

2008 წელს ნატოს წევრებმა ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტეს, რომ მომავალში უკრაინა და საქართველო კავშირის წევრები გახდებიან. მათთვის დღემდე არ გაუგზავნიათ ფორმალური მიწვევა, მაგრამ ნატო აღნიშნავს, რომ კარი ღია რჩება და კიევსა და თბილისს საჭირო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას დახმარებას უწევენ შეიარაღებული ძალების მომარაგებაში, აშშ კი კიევს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას აწვდის. ნატოში აღნიშნავენ, რომ უკრაინასთან თანამშრომლობა არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.

XS
SM
MD
LG