მინისტრი თეა წულუკიანი აწყობს ბრიფინგებს, სადაც არ უშვებენ მედიის ნაწილს და მათაც, ვისაც უშვებენ, არ აძლევენ კითხვის დასმის საშუალებას. ჟურნალისტები, რომლებიც მაინც ახერხებენ მისთვის კითხვის დასმას, პასუხად დაცინვას, შეურაცხყოფას ან თავდასხმას იღებენ. ასეთი სიტუაციაა იმ 9 თვის განმავლობაში, რაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოეყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის ხელმძღვანელად თეა წულუკიანი დაინიშნა.
რამდენიმეთვიანი ინფორმაციული ვაკუუმის გასარღვევად PUBLIKA-ს ჟურნალისტი ქრისტინე მუჯირი 2 დეკემბერს პარლამენტში მივიდა. ეს იყო მისი ერთადერთი შესაძლებლობა, შეხვედროდა მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც იმ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა.
ჟურნალისტი მინისტრს პარლამენტის ავტოფარეხთან დახვდა. მას სურდა, თეა წულუკიანისთვის პირადად ეკითხა, რატომ ვერ იღებს თვეებია პასუხს მისი უწყებიდან. მინისტრის დაცვამ ჟურნალისტს კითხვის დასმის საშუალება არ მისცა. ქრისტინემ და მისმა ერთმა კოლეგამ მთელი დღე გაატარეს პარლამენტში, მაგრამ კითხვაზე პასუხი მაინც ვერ მიიღეს. ისინი ცდილობდნენ, პარლამენტისა და მთავრობის პრესსამსახურების დახმარებით ეპოვათ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლები და მათთვის მაინც ეკითხათ, რატომ ვერ იღებენ პასუხს, თუმცა ვერც ეს მოახერხეს.
„სად არის სამართალი, სად წაიღო მინისტრმა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ინფორმაციის თავისუფლების? რატომ გვართმევს იმის უფლებას, ვაკონტროლოთ საჯარო უწყებები და ვიცოდეთ, რა გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება? თუ, წულუკიანი რადგან არის, თვითონ არის სამართალი და არავის კითხვა არ უნდა გაუჩნდეს? - აღმაშფოთებელია ასეთი დამოკიდებულება!“ - ამბობს ქრისტინე მუჯირი.
კითხვა, რომელიც მას ამ სამინისტროსთან დაუგროვდა, ბევრია: დაწყებული სამინისტროს საშტატო ნუსხით, დამთავრებული მინისტრის ბრძანებებითა და განკარგულებებით. მაგალითად, სამინისტროს თავის დაქვემდებარებულ უწყებებში სპეციალური წარმომადგენლების გაგზავნის და დანიშვნის შესაძლებლობას აქვს, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა „ოდეერების“ მივლენის მსგავს პრაქტიკას შეადარეს. გაურკვეველია ისიც, რა ნიშნით არჩევს მინისტრი თეატრებს, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელებს თვითონ ნიშნავს, ან ამ პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ფაქტების დაზუსტება სჭირდება მინისტრის იმ განცხადებებსაც, სადაც ის სავარაუდო დანაშაულებზე საუბრობს.
3 დეკემბერს მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან მუზეუმებიდან დაკარგულ ნამუშევრებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა, თუმცა არც დაკარგული ნამუშევრები და არც სავარაუდო დანაშაულში ჩართული პირები არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ უკვე ვიცით მაგალითისთვის, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, - ძირითადად, ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, - 53 სავარაუდოდ დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება“, - თქვა მინისტრმა პარლამენტში მოხსენებისას. თეა წულუკიანი დაკარგულს უწოდებს სხვადასხვა საელჩოსა და სახელმწიფო უწყებებში გამოფენილ ფერწერულ ნამუშევრებსაც, რომლებიც უკვე დააბრუნა მუზეუმში, თუმცა მის ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. მინისტრის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ საელჩოებში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მათი ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად ერთ-ერთი გზაა.
გარდა ამისა, 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, რომელსაც ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხი უნდა შეესწავლა, ვინაიდან მოსაზრებები „დაკარგული ნივთებისა“ და „გამოშიგნული მუზეუმის“ შესახებ, მაშინაც განხილვის საგანი იყო, დასკვნაში დაწერა, რომ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“.
მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ისიც თქვა, რომ მწერალთა ნაწილს „არ უშვებენ“ მწერალთა სახლში - ამ ბრალდებას მწერალთა სახლის დირექტორი არ იზიარებს და ამბობს, რომ ამ უწყების კარი ღიაა ყველა მწერლისთვის.
„რას ეყრდნობა მინისტრი, როცა მკვახე, მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს და ლანძღავს ყველას არგუმენტების გარეშე. ასე მარტივად არ დავიჯერებთ ამ ყველაფერს...“ - ამბობს ჟურნალისტი ქრისტინე მუჯირი.
ასევე ნახეთ თეას შემოღობილირადიო თავისუფლებას თავის გამოცდილებას უყვება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-ის დამფუძნებელიც. ნინო ბაქრაძე ამბობს, რომ არაერთხელ მიმართა სამინისტროს კითხვით, თუ რა ხდებოდა იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ დახურულ გელათში. გამომძიებელი ჟურნალისტის სიტყვებით, სამინისტრომ დრო უარისთვისაც კი ვერ გამონახა.
„სახელმწიფო მოხელეებთან პირად ინტერვიუზე ხომ ვეღარც ვოცნებობთ, წერილობით ინტერვიუზეც თანახმა ვიყავით. ინტერვიუს ეს წერილობითი ფორმა ხელ-ფეხს უხსნის საჯარო მოხელეებს, შენ იქ არ ხარ და დამატებით კითხვებს ვერ უსვამ, მერე თუ დაზუსტებას მოითხოვ, შეუძლიათ აღარც გიპასუხონ, ან შეთანხმებული პასუხები მოგწერონ - რეალურად ეს ძალიან კომფორტული ფორმატია საჯარო მოხელეებისთვის, მაგრამ კულტურის სამინისტროდან წერილებზე პასუხიც ვერ მივიღეთ. სრული სიჩუმეა“, - ამბობს ნინო, რომელიც სტატიას რადიო თავისუფლების ცენტრალური ოფისის ახალი ამბების განყოფილებისთვის ამზადებდა.
„აიფაქტმა“ თხოვნა გააგზავნა არა მარტო უშუალოდ მინისტრის და სამინისტროს სახელზე, არამედ სცადა ინფორმაცია მიეღო უწყებას დაქვემდებარებული სამსახურებისგანაც, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან. თანამშრომელი, რომელიც სააგენტოში მედიასთან კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნამდე, ჟურნალისტების ზარებს უპასუხოდ არ ტოვებდა. ახლა აღარც მასთან გამოდის კომუნიკაცია.
„ზარებს რომ არ პასუხობდეს, ეგეთი სხვა არცერთი შემთხვევა არ მახსენდება. ხომ შეიძლება, ის მაინც მოგვწერონ, “შეხვედრაზე ვარ”. სრული იგნორირებაა. მნიშვნელობა არ აქვს, რა თემაზე ურეკავ ან რას კითხულობ, უბრალოდ ჯიბრში ჩაუდგა მინისტრი მედიას და არ მგონია, ეგ ვითარება შეიცვალოს“, - ამბობს ნინო ბაქრაძე.
რადიო თავისუფლებამაც არაერთ საკითხზე ითხოვა ინფორმაცია და ინტერვიუ სამინისტროსგან, თუმცა უშედეგოდ. გვაინტერესებდა, როგორ მიმდინარეობს ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია და როგორ გააქვთ ექსპონატები ავარიული შენობიდან, სად გადააქვთ ოქროს ფონდი, კონკრეტულად რომელი ნამუშევრები დაიკარგა მუზეუმებიდან, რომლებზეც კულტურის მინისტრმა რამდენჯერმე საჯაროდ აღნიშნა. სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა ჩვენი კითხვა მუზეუმების ფონდების სისრულის შემსწავლელი კომისიის შესახებაც - ისევ არ ვიცით, ვინ შედის ამ კომისიაში და რას აკეთებს. კითხვები გვქონდა ოსტატთა რეესტრის შესახებაც - შეიქმნებოდა თუ არა კირითხუროების, ხითხუროებისა და ქვითხუროების ონლაინპლატფორმა, სადაც სამინისტროს მიერ გადამზადებული ოსტატების და მათი ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა ექნებოდა საზოგადოებას. არ ვიცით, რა ისწავლეს შერჩეულმა კანდიდატებმა გადამზადების პროცესში, რა დაჯდა ეს სწავლება და რა ბედი ელით მათ, ვინც პირველ ეტაპზე სამინისტროს წვრთნა ვერ გაიარა.
სამინისტრომ მხოლოდ ერთ საკითხზე გვიპასუხა - რა მიზნით ატარებდა უწყება თანამშრომელთა ტესტირებას, თუმცა ეს პასუხიც ზოგადი და მოკლე იყო.
ასევე ნახეთ კულტურის სამინისტრო თანამშრომელთა ახალი ტესტირებისთვის ემზადება? - რა ვიცითასეთივე გამოცდილება აქვს თითქმის ყველა მედიასაშუალებას. ცნობილია კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ორი თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაცია, ისინი კი სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს თითქმის არასოდეს უპასუხებენ. თუ ვინმეს სცემენ პასუხს, ეს კომუნიკაცია იშვიათად მთავრდება კვალიფიციური ინფორმირებით.
„ფორმულას“ გადაცემა „მე-17 სართულის“ ჟურნალისტმა, ანი ვაშაგაშვილმა ათობით წერილი გააგზავნა სამინისტროში. მას სურდა, განემარტათ, რატომ გადადის ფონდების ნაწილი გალერეის შენობიდან შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ავარიულ შენობაში, რომლის ევაკუაციაც დღე-დღეზე უნდა დაწყებულიყო. სამინისტრომ რესპონდენტად შეარჩია ნინო გედევანიშვილი, ეროვნული გალერეის საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი. ანი გვიყვება, რომ მართალია, მისმა რესპონდენტმა არ უპასუხა მთავარ კითხვებს ფონდის ავარიულ შენობაში უსაფრთხოდ გადატანის შესახებ, მაგრამ ინტერვიუს დასრულების შემდეგ ანის კოლეგებს დაურეკა ტელევიზიაში საყვედურით, „რატომ ჰქონდა ჟურნალისტს ამდენი კრიტიკული კითხვა“.
ანი ამბობს, რომ რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, არათუ სამინისტროდან და მისი დაქვემდებარებული სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიღება და მოქმედი საჯარო მოხელეების ჩაწერა გართულდა, ნელ-ნელა დავიწროვდა კულტურის სფეროს წარმომადგენლების წრეც, რომლებიც ღიად „ბედავენ“ პრობლემებზე ლაპარაკს. ტელევიზიებისთვის პრობლემაა სამინისტროს ან მასზე დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლების პირდაპირ ეთერში მიყვანაც - ხელისუფლებისადმი მკვეთრად ლოიალურად განწყობილი ტელეარხების გარდა, ისინი ღია ეთერში არ სხდებიან.
სამინისტროს ისევ არ აქვს საიტი, სადაც განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია ბიუჯეტის, სტრუქტურის, თანამრომლების, შესყიდვების შესახებ. დოკუმენტებს, რომლის გასაჯაროებასაც სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, Google Drive-ის ბმულებით აზიარებს Facebook-ის გვერდზე. ესაა ერთადერთი პლატფორმა, სადაც სამინისტროს 9-თვიანი ისტორიის ნახვაა შესაძლებელი.
თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ წაშლილია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ძველი საიტიც - რომელიც საარქივო მასალებს ინახავდა. კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტროების გაერთიანებამდე, კულტურის სამინისტრო ამ ფორმით არსებობდა.
„ჩვენ იძულებული ვიყავით, მიგვემართა სასამართლოსთვის, მაგრამ ჯერ სხდომაც არ ჩანიშნულა“, - ამბობს სულხან სალაძე, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე და ხელოვნების მუზეუმის გადარჩენისთვის გაერთიანებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის წევრი. მან არაერთი წერილი მისწერა მუზეუმების გაერთიანებას, რომლითაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას ითხოვდა. სასამართლოს ახლა სწორედ იმას სთხოვს, დაავალდებულოს სამინისტრო, შეასრულოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება და გასცეს ინფორმაცია მოქალაქეებზე, როცა ამას ითხოვენ. მიუხედავად სასამართლოში შეტანილი სარჩელისა, სულხანს არ აქვს იმედი, რომ ინფორმაციას, რომელსაც ითხოვს, მიიღებს. ის ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე სამინისტროს პასუხები ან საერთოდ არ აქვს, ან იმდენად ცუდი პასუხები აქვს, რომ ამის ხმამაღლა თქმა არ სურს.
ასევე ნახეთ რაც მუზეუმში ხდება, მუზეუმში რჩება„არც კი ახსენა ის ბრძანება, რომელიც ივლისში მიიღო მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის შესახებ და რომელიც არ სრულდება“, - ამბობს სულხან სალაძე და მხედველობაში აქვს მინისტრ თეა წულუკიანის საჯარო გამოსვლა პარლამენტში „მინისტრის საათზე“. „ისევე, როგორც არ ახსენებს სიტყვა დანაშაულს, რომელიც ჩადენილია გელათის შემთხვევაში. გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და იქ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულიც კი დასჯადია. არ არქმევენ სახელს ფაქტებს და არ ამბობენ სიმართლეს, რაც ხდება კულტურის სფეროში… სისტემას მართავს ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობა. ან კიდევ უარესი - იქ რაღაც ისეთი საშინელება ხდება, რომ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება“, - ამბობს სულხან სალაძე.
სანამ კულტურის სამინისტროს კარი მედიისთვის დაიკეტებოდა და ამ უწყების პრესსამსახური უარს იტყოდა ჟურნალისტებისთვის პასუხის გაცემაზე, წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დახურული საჯარო ინსტიტუტი იუსტიციის სამინისტრო იყო, რომელსაც თეა წულუკიანი 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ სხვა უწყებებს წლების განმავლობაში არაერთი სასამართლო დავა დაუგროვდათ, მათ შორის, გაუცემელი საჯარო ინფორმაციის გამო. თუმცა, წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე არ ყოფილა ისეთი აგრესიული ჟურნალისტების მიმართ, როგორც კულტურის მინისტრის რანგშია.
ასევე ნახეთ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს 31 მილიონზე მეტი ლარის სასამართლო დავები აქვთ - აუდიტი„დაგვამუნჯა იმან, რაც კულტურის მინისტრმა გააკეთა. ეს აბსოლუტურად არ ახასიათებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს“, - თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მინისტრ წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევის შემდეგ. მინისტრი ამ დღეს ჟურნალისტს ცინიკურად სთხოვდა, მიკროფონში ეთქვა „გაუმარჯოს ბატონ ბიძინას!“.
მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისა და სხვისი ნივთის წართმევისთვის სამართალდამცველ სტრუქტურებს შეეძლოთ გამოძიება დაეწყოთ მინისტრის ამ საქციელზე, წულუკიანის თავდასხმა ჟურნალისტზე ყველანაირი სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩა. ის არც იმის გამო დაუჯარიმებია სახელმწიფო ინსპექტორს, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან საჯაროდ გამოაცხადა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი.
„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები!“ - ეს თეა წულუკიანის 8 დეკემბერს გაცემულია პასუხია ჟურნალისტებისთვის, ვინც მას ჰკითხა, რატომ არ ეძლევა ყველა ჟურნალისტს მის ბრიფინგებზე დასწრების საშუალება. ამ დღეს მედიაკოალიციამ ომბუდსმენს მიმართა თხოვნით, შეისწავლოს სამინისტროს ბრიფინგებზე ჟურნალისტების მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები, კულტურის სამინისტროს კი მოუწოდა, ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომა. ომბუდსმენმა სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევების შესწავლა 9 დეკემბერს დაიწყო და თქვა, რომ დაუშვებელია ჟურნალისტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება იმის მიხედვით, ვინ რომელ მედიას წარმოადგენს.
ასევე ნახეთ „გთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოთ“ - რატომ გახდა საჯარო ინფორმაცია ხელმიუწვდომელი? ასევე ნახეთ ყველაფერი პრესრელიზში (არ) წერია - მედიის უპასუხო კითხვები პანდემიისას