ძალიან ხშირად, თქვენთვის საინტერესო ერთი ამბის დაწერას, ინფორმაციის გადამოწმებას და გავრცელებას, ჟურნალისტების მრავალსაათიანი, ხან კი რამდენიმედღიანი (ან თვიანი) მცდელობა სჭირდება.
აქ, ცხადია, ის ამბები არ იგულისხმება, რომლებსაც ოფიციალური სამთავრობო უწყებების პიარსამსახურები ავრცელებენ, არამედ ინფორმაცია, რომელიც ზედაპირზე არასოდეს დევს და ის დამატებითი, კრიტიკული კითხვების დასმით უნდა მოიპოვო. ეს, ისედაც რთული ამოცანა ჟურნალისტებს საქართველოში, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კიდევ უფრო გაურთულდათ.
არ გზღუდავთ, მაგრამ გზღუდავთ
„ვურეკავ პრესსამსახურს, ვთხოვ დამალაპარაკოს კონკრეტულ საკითხში კომპეტენტური პირი. უარია. მაგზავნინებენ შეკითხვებს, შემდეგ მეუბნებიან, რომ ჯობს ამ კითხვებზე პასუხი საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვო. ვითხოვ. ველოდები 10 დღე, რის შემდეგაც ან არასრულად მპასუხობენ ან მოვალეობის მოხდის მიზნით მწერენ სრულიად შეუსაბამო პასუხს. მხოლოდ ბოლო ორ კვირაში ორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანმა საჯარო უწყებამ მითხრა, რომ 1) საგანგებოს გამო ინფორმაციას არ მომცემდა და 2) უბრალოდ არ მომაწოდა ინფორმაცია - პასუხად სრული აბსურდი მივიღე“, - ამას ამბობს რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე.
მსგავსი პრობლემა აქვს ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც ამბებს ოფიციალური ინფორმაციის მიღმა ეძებს.
Covid-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოში მედია ოფიციალურად არავის შეუზღუდავს. მაგრამ რეალურად მოხდა ის, რომ:
- საჯარო უწყებების პრესცენტრებიდან ღირებული ინფორმაციის მოპოვება კიდევ უფრო გართულდა, ვიდრე მანამდე (ორი წინადადებითაც რომ გიპასუხონ, მაგაზეც მადლობელი ხარ);
- საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე დადგენილი ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აღარ მუშაობს (ანუ დაუსრულებელი ვადით შეუძლიათ არ გიპასუხონ);
- აკრძალული სამანქანო გადაადგილების დროს მედიის დიდი ნაწილი უსაშვოდ დარჩა და რეპორტინგში ხელი შეეშალა (ვისაც საშვი არ ჰქონდა, უბრალოდ მასალას ვერ ამზადებდა);
- რეგიონულ მედიას ფაქტობრივად ამ დრომდე არ ეძლევა შესაძლებლობა „ცენტრთან“ შეთანხმების გარეშე ჩაწეროს საჭირო რესპონდენტი (ხელისუფლება ყველას არ ენდობა და არც გაუფილტრავი ინფორმაციის გავრცელება აწყობს).
საგანგებო მდგომარეობის მეორე თვე დაიწყო და რაც უფრო მეტი დრო გავა, მედია მით უფრო მეტ კითხვას დასვამს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ბიუჯეტიდან დახარჯულ ფინანსებზე, კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიაზე და, ზოგადად, პანდემიასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ საკითხებზე.
კითხვები დაუგროვდათ საგამოძიებო ჟურნალისტებს, რომლებიც ახლა, ფაქტობრივად, ვერ მუშაობენ.
მაგალითად, სტუდია „მონიტორის“ რეპორტიორებს ბოლო პერიოდში საჯარო უწყებებში გაგზავნილ არც ერთ წერილზე პასუხი არ მიუღიათ. ჟურნალისტმა ნანა ბიგანიშვილმა გვითხრა, რომ მათ უარს ეუბნებიან სკაიპით ჩაწერილ ინტერვიუბზეც კი, იმ მოტივით, რომ „ახლა ამის დროს არ არის“.
რა არის ეს, თუ არა ხელის შეშლა მედიისათვის?
„ჩვენთვის, ვინც ახალ ამბებზე არ ვმუშაობთ, შეუძლებელი გახდა მასალის მომზადება. ჩვენი თემატიკიდან გამომდინარე, დიდი ხალისით ისედაც არავინ გვთანხმდებოდა ინტერვიუზე და ახლა ხომ საერთოდ. ერთ-ერთი უწყების პიარმა საკმაოდ უხეშად მიპასუხა, კრიზისი რომ ჩაივლის, მერე შემომეხმიანეო“, - ამბობს ნანა.
მუდმივი უარი
დამატებითი კითხვები მედიას უჩნდება ყოველთვის - სხვანაირად მედია ვერ იმუშავებს. მაგრამ ამ კითხვებს შესაბამის უწყებებში უკვე დამკვიდრებული სტრატეგიით ისხლეტენ. რამდენიმე მაგალითი ისევ ჩვენი რადიოს ჟურნალისტების გამოცდილებიდან ავიღეთ - ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ ყოველდღე გავდივართ:
უარის თქმის ხერხი #1
დღეს აქტუალურ სამინისტროს პიარსამსახურთან დაკავშირება თითქმის შეუძლებელია. მობილურზე ან გაბმული დაკავებაა, ან უბრალოდ არ გპასუხობენ. ხოლო თუ დაუკავშირდი და ინფორმაცია მოითხოვე, გპასუხობენ, რომ „ეს არის პერსონალური მონაცემები“. ან გპასუხობენ დღის ბოლოს, როცა მასალა უკვე დაწერილია.
უარის თქმის ხერხი #2
ეუბნები, რომ დღეისთვის გინდა ინფორმაცია. გეუბნება, კი, კი, კი... იქნება. ურეკავ ათჯერ - კი, კი, კი.... მაგრამ ბოლოს პასუხი არ გაქვს. ან, გპირდება, რომ კონკრეტულ პირს უნდა შეუთანხმდეს ინტერვიუზე. გადის საათები. ურეკავ, ვეღარ ითვლი მერამდენედ და გაძლევენ ისეთი პირის ნომერს, ვინც კონკრეტულ თემაზე არაფერი იცის.
უარის თქმის ხერხი #3
გარწმუნებენ, რომ ჯობს, დღეს შეეშვა ამ თემას, რომელზეც მუშაობ, რადგან ზეგ გამოქვეყნდება, ვთქვათ, სტატისტიკა, რომელიც შენ გჭირდება. ან ამ თემაზე ჩატარდება პრესკონფერენცია.
უარის თქმის ხერხი #4
გეუბნებიან, რომ რაც გჭირდება, სწორედ ეგ ინფორმაცია გამოქვეყნდა საიტზე. ამოწმებ და იქ არაფერი არ წერია იმაზე, რაც გაინტერესებს. რეკავ და გეუბნებიან, რომ ამაზე რაც შეუძლიათ თქვან, ყველაფერი იქ წერია. მეტი კომენტარი არ იქნება.
„ასე იყო, მაგალითად, როცა მაინტერესებდა, მარნეულსა და ბოლნისში 12 საგუშაგო რა ადგილებში იდგა, რამდენი იყო მარტო შსს-ს კონტროლის ქვეშ და რამდენი თავდაცვის, რა ძალები იყო იქ გადასროლილი და ა.შ., რაზეც, ცხადია, პასუხი არ მომცეს“, - გვეუბნება რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნასტასია არაბული.
კიდევ ერთი ჩვენი რეპორტიორი ანასტასია სლოვინსკაია 2 კვირაზე დიდხანს ცდილობდა დასტურის მოპოვებას დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან კონკრეტული ვიდეოგადაღების შესახებ.
პასუხობდნენ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, რომ ძალიან მალე შეძლებდნენ მუშაობის დაწყებას.
„უბრალოდ საღამოს უნდა დაგვერეკა, ან დილას. ან შუადღეზე. ან 1 საათში. და ასე იყო ყოველდღე. 2 კვირა. ბოლოს გვითხრეს, ზუსტად 1 საათში დაგირეკავთ და ხვალ დილით გადაღებაზე მოდითო. ცხადია, არავის დაურეკავს“.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები ამ უპასუხობას და არცთუ იშვიათ იგნორირებას ხსნიან იმით, რომ მათ ჩვენნაირი უამრავი ჟურნალისტი ურეკავს და მოპასუხე პირებს უამრავი საქმე აქვთ.
ფაქტია ისიც, რომ რამდენიმე საკვანძო ფიგურის გარდა, მედიას სხვა რესპონდენტების (მაგალითად, მინისტრის მოადგილეების ან კონკრეტული სპეციალისტების თუ დეპარტამენტების უფროსების) ჩაწერის შესაძლებლობაც შეზღუდული აქვთ.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ექმნება თუ არა იგივე პრობლემები სატელევიზიო მედიასაც. ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ ახლა მედია მთავრობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, უპასუხებენ თუ არა მათ გაგზავნილ შეკითხვებს. თუმცა, რაც უკვე გამოჩნდა, ამბობს ნინო, კრიტიკულ კითხვებზე პასუხების მიღება გაჭირდა:
„ამის მიზეზი დისტანციაა. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, კითხვა შევუბრუნოთ, დავაზუსტებინოთ და ის პასუხები მივიღოთ, რაც გვჭირდება. მაგრამ რადგან ფაქტობრივად ეპიდემიას ვებრძვით და ომში ვართ, ჟურნალისტები თავს არ ვზოგავთ, რომ მაინც, ყველა ხერხით, ჩვენი კონტაქტებით მოვიპოვოთ სრულყოფილი ინფორმაცია“.
მისი კოლეგა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან, სოფო ოხანაშვილი კი, საკუთარი გამოცდილების გაზიარებისას შენიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, საჯარო უწყებებიდან COVID-19-ის გარდა სხვა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა არ დასჭირვებია, შესაბამისად, არც პრობლემა შექმნია.
რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მას არც კლინიკებიდან, არც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან დაბრკოლება არ შექმნია.
„მართალია, ორ კითხვაზე მეტის დასმის შესაძლებლობა ბრიფინგებზე არ გვაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს სერიოზულ დაბრკოლებას მიქმნიდა მუშაობის პროცესში. შემდეგ სკაიპით ვარკვევდით დამატებით დეტალებს. მე, როგორც ჟურნალისტს, დისკომფორტი უფრო იმან შემიქმნა, რომ დროდადრო გვიწევს სხვის დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების და სხვის მიერ გადაღებული მასალით სიუჟეტების აწყობა, ჩვენი ენის მორგება მასალაზე, რომელიც შენ არ ჩაგიწერია და ეს ხარისხზე მოქმედებს“.
ყველაფერი შეთანხმდეს „ცენტრთან“
ინფორმაციის მიღება მხოლოდ ცენტრალურ მედიას არ გაუჭირდა. იმავეს წუხან რეგიონული მაუწყებლებიც. 20-მდე მედია, რომელიც ყოველდღიურად ამზადებს ახალ ამბებს.
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა დაგვიდასტურა, რომ არათუ კორონავირუსთან მებრძოლი მთავარი რგოლის წარმომადგენლების, არამედ ადგილობრივი ექიმების ან საჯარო ჩინოვნიკების ჩაწერა გახდა შეუძლებელი, რადგან მათ არა აქვთ შეუთანხმებლად ლაპარაკის უფლება მედიასთან. პასუხი ერთია, რომ „უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ“:
„ამ საგანგებო ვითარებაში მოსახლეობის ინფორმირებაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს? ხოლო რაც არაინფორმირებულობას მოაქვს, კი დავინახეთ ეს მარნეულის მაგალითზე, როცა ხალხი პასუხების მისაღებად ქუჩაში გამოვიდა. ყველა რეგიონში არის სხვადასხვა სპეციფიკური თემა, რომელზეც მკაფიო პასუხები გვჭირდება“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.
მისი აზრით, მედიამაც დაუშვა შეცდომა, როცა თავის დროზე არ გააპროტესტა როგორც საჯარო ინფორმაციის ვადების გადაწევის, ისე მედიისთვის საშვების შეზღუდულად გაცემის ფაქტი, ისე მარნეულის ჩაკეტვის დღეებში იმასთან შეგუება, რომ ადგილობრივი მედია კარანტინის ზონიდან გადაადგილებას ვერ შეძლებდა.
მაგრამ ყველაზე მეტ დაბრკოლებას რეგიონული მედიის ჟურნალისტები აწყდებიან მაშინ, როცა ცდილობენ, თავიანთი ქალაქის თუ სოფლისთვის საინტერესო კითხვებს გასცენ პასუხი:
„ჩვენ, ფაქტობრივად, ვერ ვიღებთ ინფორმაციას რეგიონის საკითხებში პრემიერის მრჩეველის აპარატიდან. აი, მაგალითად, როდესაც შუა პანდემიის დროს 4 მერი ერთდროულად გადადგა თანამდებობიდან, ცხადია, ეს ჩვენთვის მთავარი თემა იყო. როცა კითხვები დავსვით, გვიპასუხეს, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს. და რატომ არის ეს უმნიშვნელო, ჩაკეტილ ქუთაისში მერი ეყოლება თუ არა, არ მესმის“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.
ცალკე საკითხია ის, რომ რეგიონში არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობენ მხოლოდ რწმუნებულები, მხოლოდ ზედაპირულად და მხოლოდ ცენტრთან შეთანხმებული ტექსტებით, გვითხრა ნათიამ.
ინფორმაციის პრობლემა არ არის, აქ სხვა დრამაა
რამდენად ღიაა მედიისთვის მთავრობა და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის უწყებები დასავლურ მედიაში? რასაც საჯაროდ ვხედავთ, ის არის, რომ, მაგალითად, აშშ-ში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიისთვის ყოველდღე ერთსაათიან და ხანდახან უფრო ხანგრძლივ პრესკონფერენციას მართავს.
ეს მაშინ, გვეუბნება ჟურნალისტი ნანა საჯაია, რომელიც ახლა Fox News-ისთვის მუშაობს, როცა ბოლო სამი წლის განმავლობაში დონალდ ტრამპს ბრიფინგების ოთახში მედიისთვის არც ერთი ბრიფინგი არ გაუმართავს. მასთან ერთად ამ ბრიფინგებს ესწრება ვიცე-პრეზიდენტი და კორონავირუსთან გამკლავების საგანგებო ჯგუფი და ეს ხდება 13 მარტის შემდეგ ყოველდღე.
ამ ვიდეოში ნანა სწორედ იმას გვიზიარებს, თუ როგორ მუშაობს მედია აშშ-ში და იღებს თუ არა პასუხებს დასმულ კითხვებზე პანდემიის პირობებში:
ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ზოგ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებასაც შეეხო - გამოცემა მედიაჩეკერი წერს, რომ სომხეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მთავრობებმა კორონავირუსი ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე წნეხისა და კონტროლის გაძლიერებისთვის გამოიყენეს და ამის იარაღად ე.წ. Fake News-ებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა დაასახელეს.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიის შეზღუდვაზე საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც მთავრობას მოუწოდებდა გაეცა დამატებითი საშვები ჟურნალისტებზე, რომლებსაც შეზღუდული გადაადგილების გამო თავიანთი საქმის კეთებაში ხელი ეშლებოდათ.
მართალია, დღეს ეს შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა ამ კონკრეტული ფაქტის გარდა, როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი მარიამ გოგოსაშვილიც შენიშნავს, მედიას შეექმნა პრობლემა საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.
„დაწესებული ვადები აღარ მუშაობს და ასე იქნება საგანგებოს დასრულებამდე, ეს კი ნიშნავს, რომ არათუ სხვა საკითხზე, არამედ COVID-19-თან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვაც პრობლემა გახდა. მედიის საქმე სწორედ ისაა, რომ ინფორმაცია მოიპოვოს და გაავრცელოს. ხოლო თუ ოფიციალური წყაროებიდან მას ამის შესაძლებლობა უქრება, ცდილობს სხვა გზებით მოიპოვოს იგივე ინფორმაცია, რამაც შესაძლოა გადამოწმების თვალსაზრისით მეტი პრობლემა შექმნას“, - უთხრა მარიამ გოგოსაშვილმა რადიო თავისუფლებას.
COVID-19 კრიზისის დროს მთავრობების მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა გამოაქვეყნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმაც (IDFI), სადაც წერს, რომ რაც უფრო ღია და გამჭვირვალე მიდგომა ექნება ხელისუფლებას ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით, მით მეტად ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ მოქალაქეები. გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხაში, მაგალითად, არის:
- პანდემიის დროს საჯარო უწყებების მუშაობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა,
- ამ უწყებების მიერ ამავე პერიოდში დაგეგმილი პროგრამების სია,
- ყოველთვიური ანგარიშები, თუ რას აკეთებენ ეს საჯარო ინსტიტუტები,
- საჯარო უწყებების ხელმისაწვდომი საკონტაქტო ინფორმაცია პანდემიის პერიოდში და ა.შ.
გრძელი ჩამონათვალია.
თუმცა მარტივი დაგუგვლით ამ ჩამონათვალის შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება გაგიჭირდებათ.
ჟურნალისტები კი სწორედ ამისთვის არსებობენ, რომ რაც ყველასთვის არ ჩანს, ის ზედაპირზე ამოიტანონ.