„სიამოვნებით ვიჯდებოდი სანდრასთან ერთად საბრალდებო სკამზე“ - სააკაშვილის მეორე გამოსვლა სასამართლოში

„დიდი ოდენობით სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის“, საზოგადოების ნაწილისთვის კი, „პიჯაკების საქმის“ სახელით ცნობილი საქმის განხილვას ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი 2 დეკემბერს პირველად დაესწრო და თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 2-საათიანი სიტყვითაც გამოვიდა.

9 024 367 ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ თვლის და აცხადებს, რომ „დღეს ყველაზე დიდი კორუფციონერები“ ასამართლებენ „მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ანტიკორუფციონერს“ იმ ქვეყანაში, რომელიც „კორუფციამ შეჭამა“.

პროკურატურა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე რამდენიმე ფაქტის დადასტურებით, წაყენებული ბრალი აღიარა. დაცვის მხარის შეფასებით კი, 2 დეკემბერს ყველა ეჭვი გაიფანტა.

  • რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი 9 მილიონი ლარის დახარჯვაზე - რას და რატომ მოხმარდა ეს თანხა?
  • რას მოიცავს „დიდი ოდენობით სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე“, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება?
  • რა უთხრა მესამე პრეზიდენტმა მათ, ვისაც ეცოტავება მის მიერ მოხდილი ბოდიში და გამომჟღავნებული სინანული?

„ლურჯი სამართალი“

საქმეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე 6 წელია განიხილება, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა 2 დეკემბერს მრავალჯერ უწოდა „სამარცხვინო“ და „რუსული ინსტინქტებით“ მართული.

„ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს იმისთვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე ანდა იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე, სადაც მივდიოდი და ვინც ჩამოდიოდა, [მინდოდა მისი] კარგად დახვედრა, რადგან ეს არის ქართველების ინსტინქტი...

მაგრამ რუსებისთვის ეს გაუგებარია. ესენი რუსები არიან... ჩვენ, ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, ესენი რუსები არიან და არ ესმით უკანასკნელის გაცემა შენს სტუმარზე და მეგობარზე“, - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.

პროკურორებმა რამდენჯერმე სცადეს, რომ ბრალდებულის ხანგრძლივი გამოსვლა შეეწყვიტათ, მაგრამ მოსამართლემ მათი პროტესტი არ გაითვალისწინა.

ბრალდებული, რომელსაც 9 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან, თვლის, რომ ფული აუცილებელ საქმეებს და დიდწილად - საქართველოს ინტერესებს მოხმარდა.

მაგალითად, სააკაშვილი ამბობს, რომ:

  • ავსტრალიის მთავრობის რჩევით, ტაილანდში ჩაიყვანეს რამდენიმე სახელმწიფოს თანამდებობის პირები და თითოეულს ბიუჯეტის ფულით „ძალიან ძვირფასი საჩუქრები აჩუქეს“, რათა არ მომხდარიყო „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია“. „პირველად ვამბობ ამას... დიახ, ჩავიყვანეთ, მოვთაფლეთ, დავალევინეთ, მოვესიყვარულეთ და საჩუქრებიც ჩავუდეთ“, - ასეთია ექსპრეზიდენტის განმარტება;
  • იტალიის ქალაქ მერანოში გასახდომ პროცედურებზე კი არ იყო ჩასული, არამედ იქ 2008 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა, სპა ცენტრში; ხოლო ალიევმა საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება აღმოუჩინა ნავთობპროდუქტებისა თუ ეროვნული ბანკის მომარაგების კუთხით. „დიახ, პროცედურებსაც ვიტარებდით... სამაგიეროდ, საქართველოს არ ჩაუკეტეს საზღვარი“, - ამბობს სააკაშვილი.
  • ამ ხარჯებში შედის ევროპის სახალხო პარტიის [EPP] ყრილობაზე, გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტზე, მიუნხენის კონფერენციაზე და ვაშინგტონში ჩასასვლელად საჭირო თანხა. „11 წელს მისჯიან იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა ამერიკის პრეზიდენტთან შესახვედრად“, - ამბობს ბრალდებული ექსპრეზიდენტი.
ასევე ნახეთ პროკურორის თქმით, არ დასტურდება ტაილანდში სააკაშვილის ვიზიტის სახელმწიფო მნიშვნელობა

სააკაშვილი აცხადებს, რომ ვერასოდეს შეეგუება „კორუფციონერის“ სტატუსით ყოფნას, რადგან თავად კორუფციის ყველაზე დიდი მტერია და ახლა, „საქართველოს დამანგრევლები საქართველოს აღმშენებელს ასამართლებენ“.

ექსპრეზიდენტს შემთხვევითობად არ მიაჩნია ის, რომ სასამართლო დარბაზში პატიმრის ადგილი ლურჯი გისოსებით არის შემოსაზღვრული.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი: სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე, მე ვარ პოლიტიკური ლიდერი და არ მაქვს ამდენი დრო

„ეს არის ლურჯი სამართალი, ესე იგი - სრული უსამართლობა. "ოცნების" ფერის სრული უსამართლობა“, - თქვა მსჯავრდებულმა/ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა.

დაფინანსდა თუ არა შვილის განათლება?

ექსპრეზიდენტი ასევე ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ სხვა ასეულობით ნიჭიერ და გამორჩეულ ახალგაზრდასთან ერთად, სახელმწიფო ხარჯით დაფინანსდა მისი ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის სწავლა ამერიკულ აკადემიაში.

„მეგობრებო, 2013 წელს 6 მილიონ 300 ათასი გადავრიცხე ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად... თქვენ რამდენი გადარიცხეთ?!.. მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით. ედუარდი არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც გინესის წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებული რაღაც რეკორდით...

არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს... მაგრამ ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი... შემდეგ იყო სუორტ მორის უნივერსიტეტი, სადაც უკვე ბაბუამისმა დაუფინანსა განათლება. იქ იყო ასევე საუკეთესო სტუდენტი კურსის“, - თქვა სააკაშვილმა.

„ლეგენდარული ბოტოქსი“

ბოტოქსის პროცედურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომლებსაც ხშირად ახსენებს ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილი „აბსოლუტურ სიცრუეს“ უწოდებს.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ, მას აღმოაჩნდა კანის პრობლემა, რომელიც რეგულარულ მკურნალობას საჭიროებდა და მას ეს გარეგნულადაც ეტყობოდა.

ექსპრეზიდენტი მოითხოვს, რომ პროკურატურამ ინფორმაცია კონკრეტულ კლინიკებში გადაამოწმოს.

„გაუგზავნეთ [შეკითხვები] ყველა იმ კლინიკას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ და მიიღეთ დადასტურება, თუ ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა და თუ ეს არ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობდნენ... ნიკა ყიფშიძემ [პირადი ექიმი] კარგად იცის...

სურათებზეც შეიძლება ნახოთ - როგორ მაქვს დასიებული სახე... რომელიც რეგულარულად საჭიროებდა აპარატზე მიერთებას და ასე შემდეგ... მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებზე რა ჩაწერეთ, მაგრამ შეეკითხეთ კლინიკებს და მიიღებთ პასუხს“, - მიმართა პროკურორებს მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, სიცრუეა, მჭირდებოდა კანზე მკურნალობა

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი ტყუის და ბოტოქსისთვის თანხები მისი თანხმობით იხარჯებოდა.

2013 წელს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბოტოქსის პროცედურებში ბიუჯეტიდან 11 ათას დოლარზე მეტი გადაიხადა. ბრალდებას „სრულ აბსურდად“ მიიჩნევს დაცვის მხარე.

"სანდრას რატომ არ ასამართლებენ?"

ეს შეკითხვა სასამართლო პროცესზე თავად მიხეილ სააკაშვილმა დასვა და იქვე განმარტა, რომ ამ 9 მილიონიდან „ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი“.

„სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან [სანდრასთან] ერთად საბრალდებო სკამზე... ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია... მაგრამ როცა სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ ამ ქვეყანაში შემოიტანა ასი მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში.

სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე... ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რამ აქვს მას გაკეთებული ჯანდაცვისთვის ციხეში - ტუბერკულოზის წინააღმდეგ და ასე შემდეგ... სანდრა არ არის კორუფციონერი?!“ - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე მისი მონათხრობის თანახმად, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში ყოფნის დროს, სანდრას აღმოაჩნდა სასწრაფოდ მოსაგვარებელი ონკოლოგიური პრობლემა და ასევე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, რაც დაფინანსდა კიდეც.

„ბოდიშები და აღიარებები“

მათ, ვისაც 29 ნოემბრის სასამართლო პროცესზე გამოსვლის დროს სინანულის გამოხატვა დააკლდა ანდა მოხდილი ბოდიში ეცოტავა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2 დეკემბერს ორჯერ მიმართა და უთხრა, რომ ძველ ამბებთან დაკავშირებული წყენა და ბრაზი დროებით გვერდზე უნდა გადადონ.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჭკუას არავის ასწავლის, არც ამუნათებს და არც რაიმეს მოითხოვს, მაგრამ „კეთილსინდისიერად და სამართლიანად“ მიაჩნია, რომ მასთან დისკუსიები გათავისუფლების შემდეგ გაიმართოს და მზად არის - მეტი ბოდიშიც მოიხადოს, თუკი მას ამის საჭიროებაში დაარწმუნებენ.

ასევე ნახეთ სააკაშვილმა პროცესზე განმარტა რის გამო განიცდის სინანულს

სააკაშვილი მიმართავს ხალხს:

  • „ხომ არ ჯობია, რომ ჯერ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი... ხომ არ ჯობია, ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა, ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და ჩემი თავისუფლება“;
  • „ხომ არ ჯობია, მიუხედავად თქვენი ჩემდამი დამოკიდებულებისა, და მე მესმის, რომ ყველას სხვადასხვა დამოკიდებულება გაქვთ, არა მიხეილ სააკაშვილი დაიცვათ, არამედ დაგმოთ წამება; წამება არა მესამე პრეზიდენტის, არამედ პატრიოტის, ადამიანის, თქვენი თანამემამულის, რიგითი ქართველის, თუნდაც უკრაინის მოქალაქის, მაგრამ მაინც ქართველის“.

მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ გათავისუფლების შემდეგ, პასუხი ბევრისთვის ექნება გასაცემი. ესმის იმ ადამიანების ბრაზიც, რომლებმაც რეფორმების შედეგად, მათ შორის - „ასაკობრივი დისკრიმინაციის“ გამო, სამსახურები დაკარგეს.

„ჩემი ასაკის გადმოსახედიდან ეს განსაკუთრებით დიდი უსამართლობაა... ეს ხალხი რატომ არის გაბრაზებული ჩემზე, მესმის და მზად ვარ შევხვდე კიდევაც, განვიხილო და ვაღიარო, სად არა ვარ მართალი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსჯავრდებული/ბრალდებული ექსპრეზიდენტი, როგორც თავად ამბობს, აუცილებლად მიიჩნევს, რომ წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, „არა მსახიობი“, არამედ რეალური პროკურორებისა და მოსამართლეების წინაშე.

„გაფლანგვის საქმე“ VS „პიჯაკების საქმე“

როგორც 2 დეკემბრის სხდომაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალი გულისხმობს „დიდი ოდენობით სახელმწიფო საბიუჯეტო თანხის (9 024 367 ლარი) გაფლანგვას“, ასევე „სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითა“ და ასევე „წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ“.

დანაშაული ითვალისწინებს:

  • თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე,
  • თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.

მოსამართლის განმარტებით, 70-ტომიანი საქმის განხილვა 2015 წლიდან მიმდინარეობს, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი უკვე დასრულებულია და ახლა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

პროკურორმა გიორგი მუჯირმა მიხეილ სააკაშვილს „თითქოს სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებელი“ უწოდა და 2 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე ასევე თქვა, რომ „ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავი დააყენა კანონზე მაღლა“.

გიორგი მუჯირის აცილებას მანამდე დაცვის მხარის ადვოკატები ითხოვდნენ, მათი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებების გამო, რომელიც პროკურორმა ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მოსამართლემ ადვოკატების შემადგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ტყუილებთან ერთად, პრეზიდენტ სააკაშვილისგან მოისმინეს აღიარებაც, რომ „სპა პროცედურებსა თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თვითონ მოიხმარდა“ და „შვილის სწავლის საფასურის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო“.

ადვოკატების შეფასებით კი, 2 დეკემბრის სასამართლო პროცესმა აშკარად ცხადყო, რომ ყველა ბრალდება შეთითხნილია და პროკურატურა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებით მოქმედებს.

„ყველა ის ხარჯი, რომელზეც ამ დრომდე ბრალდების მხარე ცდილობდა, რომ საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარა, დღეს მოხდა ამის ლუსტრაცია და ნათელი გახდა, რომ არავითარ კომფორტსა და ფუფუნებას ადგილი არ ჰქონია... ყველა ხარჯი გაიწეოდა სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ეს საქმე უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში „პიჯაკების საქმის“ სახელით არის ცნობილი, რადგან თანხის გარკვეული ნაწილი სწორედ სხვადასხვა ღონისძიებებისთვის საჭირო პიჯაკების შესაძენად დაიხარჯა.

ასევე ნახეთ „მე მაცვია სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი" - გვარამია გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა

2013 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ქვითრების გარკვეული ნაწილი გამოაქვეყნა, ჩამონათვალში იყო „იუშჩენკოს აბანოს მომსახურების“ ხარჯებიც.

იმავე პერიოდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პრესმდივანმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ 2011 წლის აპრილში ვიქტორ იუშჩენკო საქართველოში არ იმყოფებოდა, მაგრამ მაინც მზად იყვნენ გადაეხადათ 400 დოლარი [იყო სულ 591 ლარი], მათ შორის - „დალეული ჩაისა და გამოყენებული საპნისთვის“. მზადყოფნა გამოიხატა ხარჯის ნატურალური სახით ასანაზღაურებლადაც.

„ასევე ჩვენ მზად ვართ, გავუგზავნოთ ერთი კასრი თაფლი, მურაბა, საპონი და შამპუნი”, – იუშჩენკოს პრესმდივნის ეს სიტყვები ფართოდ გაავრცელა უკრაინულმა მედიამ.

მომდევნო სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს დაინიშნა. მიხეილ სააკაშვილი აპირებს, რომ დაესწროს ყველა პროცესს და ამით საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა გამოიყენოს.