Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მე მაცვია სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი" - გვარამია გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, ადვოკატი ნიკა გვარამია მისი დაცვის ქვეშ მყოფის პიჯაკით გამოცხადდა.

„მე მაცვია სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი, - თქვა გვარამიამ და განმარტა, - „პიჯაკების საქმე“ ამ საქმეს ჰქვია იმიტომ, რომ ყველაზე სიმბოლური არის პიჯაკები და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილი მარტო პიჯაკების ნაწილშია მართალი. არა, ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს პასუხები, მათ მოისმენთ ხვალ. ამ პიჯაკის, ასევ ვთქვათ, ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი“.

ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი და უპირობო ამოცანაა, რომ 2 დეკემბერს წარსდგეს ქართველი ხალხის წინაშე და ისაუბროს უკვე ამ ბრალდებაზე.

როგორც ადვოკატი ამბობს, მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა, რაც მას ფიზიკურად და მორალურად ეხმარება. ამიტომ სააკაშვილმა ყველას სთხოვა, ვინც მას გულშემატკივრობს, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე შეიკრიბონ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილის პოზიციაა, რომ ნებისმიერი მიმართულების და გემოვნების მედია დაუშვან პროცესზე. „გასაგებია, რომ ყველას კამერები ვერ შევა, თუმცა წარმომადგენლების დაშვება მისი მოთხოვნაა“, - აღნიშნა გვარამიამ.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება საქმის განხილვა, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, წარდგენილი ბრალდება ასე არის ფორმულირებული - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვა.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.

როგორც პროკურატურა აცხადებს, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.

დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განმარტებით, „ამ საქმეს რეალურად იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. უფრო მეტიც, ზუსტად იმავე ტიპის ხარჯები გრძელდებოდა 2013 წელსაც, როდესაც ბიძინა ივანიშილი იყო პრემიერ-მინისტრი და „ქართულ ოცნებას" ჰქონდა უმრავლესობა პარლამენტში. მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ზუსტად იგივე წესით განაგრძობდა მათ მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვას და ამ ნაწილში არავითარი კითხვები არ აქვს თვითონ „ქართულ ოცნებას". ეს ნიშნავს ერთადერთს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია".

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

მანამდე კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ არსებობდა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

XS
SM
MD
LG