მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში სხდომას სავარაუდოდ, დღესაც დაესწრება

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2021 წლის 29 ნოემბერი.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ, რომლითაც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიჰყავთ თბილისში, საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე დასასწრებად.

ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. პროკურატურა ექსპრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია.

სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად 29 ნოემბერს დაესწრო. ამ დღეს სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: 7 ნოემბრის აქციას მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია, რომელიც რამდენჯერმე გადაიზარდა აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების დაპირისპირებაში. სამართალდამცავებმა სპეცსაშუალებები, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს და 15 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით. კიდევ 4 დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული - პოლიციელების მიმართ ფიზიკური წინააღმდეგობა და ძალადობა. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია დღესაც გაიმართება.

ექსპრეზიდენტის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე სამჯერ გაიმართა სხდომები 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

სააკაშვილს საქართველოს სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილი აქვს ორი გამამტყუნებელი განაჩენი. ყოფილი პრეზიდენტი 2018 წელს, დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს და შეთითხნილს უწოდებს.

ასევე ნახეთ მსოფლიო გაოგნებულია, რომ ამ შუშის იქიდან მოგმართავთ, ჩემ აშენებულ ქვეყანაში სიარულის ნაცვლად - სააკაშვილი

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.