დღეიდან საქართველოში კონკრეტულ დაწესებულებებში ყოფნა მხოლოდ „მწვანე პასპორტითაა“ შესაძლებელი

დღეიდან, 1 დეკემბრიდან, საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები და ასევე, უცხო ქვეყნების მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ ე.წ. მწვანე პასპორტით. ამასთან, „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო არ არის მომსახურე პერსონალისთვის.

„მწვანე სტატუსი“ ენიჭება:

  • სრულად ვაქცინირებულ პირს;
  • პირს, რომელსაც აქვს 72-საათიანი მოქმედების PCR ტესტის, ან 24-საათიანი მოქმედების „სწრაფი ტესტის“ უარყოფითი პასუხი;
  • პირს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

”მწვანე პასპორტით” სარგებლობა აუცილებელია:

  • კვების ობიექტებში;
  • რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში;
  • გასართობ ცენტრებში;
  • კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერასა და მუზეუმებში;
  • საკონცერტო დარბაზებში;
  • სამორინეებსა და სათამაშო ბიზნეს-ობიექტებში;
  • სპა-ცენტრებში;
  • ფიტნეს-დარბაზებში;
  • სასტუმროებში;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

საბავშვო-გასართობ ცენტრებში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

აპლიკაციით CovidPass Georgia სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.

Georgia e-Health-ი გამოიყენება საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში. ამასთან, რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ ამ აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოშიც, იმ დაწესებულებებში შესასვლელად, სადაც "მწვანე პასპორტი" აუცილებელია.

მათთვის, ვინც აპლიკაციის გამოყენებას ვერ შეძლებს, იუსტიციის სახლი გასცემს სრულად ვაქცინაციის დოკუმენტს. ტესტირების დამადასტურებელი ცნობის გამოთხოვა შესაძლებელია შესაბამისი ლაბორატორიიდან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზის ნომრებია: 1505, 144, 1522.

ასევე ნახეთ უვადო „მწვანე პასპორტს“ სასამართლოში უჩივიან
ასევე ნახეთ გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდგადატანილთა „მწვანე სტატუსის“ საკითხი გადაიხედოს

„მწვანე პასპორტის“ გარეშე ყოფნის შემთხვევაში დაჯარიმდება არა მოქალაქე, არამედ ბიზნესსუბიექტი - ინდივიდუალური მეწარმე 2000 ლარით და იურიდიული პირი - 10 000 ლარით. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება. 30 ნოემბერს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ აღსრულების პროცესში „პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის" და როგორც ბიზნესსუბიექტებს, ასევე მოქალაქეებს დაეხმარებიან, რომ შეუფერხებლად გადმოწერონ და მიიღონ შესაბამისი სერვისები.

საქართველოში ისევ მაღალია კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი. ამ ფონზე, 2021 წლის 15 მარტიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 35%.