ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, არ გამორიცხავს, რომ გადაიხედოს ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხი, რომლის მიხედვითაც ეს სტატუსი მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა.
„ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს. საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-მდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი, მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული“.
პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდება „მწვანე პასპორტის“ რეჟიმი. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც პირს "მწვანე სტატუსი" მიენიჭება, ეს არის COVID19-ის გადატანა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირს სტატუსი ენიჭება მუდმივად.
თუმცა, ამ თვალსაზრისით, განსხვავებული მიდგომაა უცხოეთში. პირს მწვანე სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი მისი ინფიცირებიდან ექვსი თვე არ გასულა, რაკიღა ექვსი თვის შემდეგ იზრდება რისკი რეინფიცირებისა.
პირველი დეკემბრიდან, „მწვანე პასპორტით“ სარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:
- კვების ობიექტები;
- რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურული სივრცეები;
- გასართობი ცენტრები;
- კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
- საკონცერტო დარბაზები;
- სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
- სპა-ცენტრები;
- ფიტნეს-დარბაზები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტების საბაგირო გზები.
18 წლამდე ასაკის პირებს განსაზღვრულ ობიექტებზე არ აქვთ ”მწვანე პასპორტის” წარდგენის ვალდებულება. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
იმისათვის, რომ ამ ობიექტებზე შესვლისას თან გქონდეთ „მწვანე პასპორტი“, თქვენს ტელეფონებში უნდა ჩამოტვირთოთ Georgia e-Health-ის აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც App store-ში, ისე Google store-ზეც. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ავტომატურად აისახება. პროგრამაში გამოჩნდება PCR ტესტირებისა და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ ინფორმაციაც. აპლიკაციის მეშვეობით, რომელზეც მოქალაქის QR კოდები აისახება, შესაძლებელია მწვანე სტატუსის დადასტურება. აპლიკაცია გთავაზობთ თქვენი სერტიფიკატის ჩამოტვირთვის და შემდეგ უკვე ამობეჭდვის ფუნქციასაც. მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ მოახერხებენ აპლიკაციის გამოყენებას, რაკიღა მათ შესაძლოა არ ჰქონდეთ ე.წ. „სმარტ ტელეფონები“, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელი იქნება იმ ლაბორატორიიდან, სადაც ისინი ტესტს ჩაიტარებენ.
მწვანე სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც სრულად, ორჯერადადაა აცრილი. ასევე პირს, რომელსაც გადატანილი აქვს COVID-19 და მისი დაინფიცირებიდან 14 დღეა გასული (ეს სტატუსი მას მუდმივად ექნება) და ასევე პირს, რომელსაც 72 საათის განმავლობაში აქვს ჩატარებული PCR ტესტი ან ბოლო 24 საათში აქვს გაკეთებული სწრაფი, ანტიგენ ტესტი.