მამუკა მდინარაძემ შეაფასა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას, „7 ნოემბრის საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე.

„ნარატივი უკვე 9 წელია არის ისეთი, თითქოს რუსეთი ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, რადგან ასე აწყობთ, კომპლექსის მოხსნის მცდელობაა. ამ ადამიანმა ბევრი საქმე გაუკეთა პუტინსაც და რუსეთსაც, მაგრამ ამის გადაფარვა ხდება გაღმა შედავების „პიარის“ პრინციპით, როდესაც „ქართულ ოცნებას“ უწოდებენ რუსულ ძალას. ყველა დაფიქრდეს, ვინ რას ამბობს კი არა, ვინ რას აკეთებდა და აკეთებს, ვისი მოქმედებებით მიიღო სარგებელი რუსეთმა და პრეზიდენტმა პუტინმა, - ეს ხომ არ იყო შემთხვევით მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა?“ - რუსული ნარატივი არის ყველაზე სპეკულაციური და ბინძური ნარატივი, რაც კი მოუფიქრებია ამ ქვეყანაში ვინმეს", - თქვა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ პროკურორის თქმით, სააკაშვილმა სასამართლო პროცესი გამოიყენა პოლიტიკურ ტრიბუნად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აფასებს სააკაშვილის გამოსვლის კიდევ ერთ ნაწილს. „როდესაც ამავე წლებში ცდილობდნენ თავიანთი ცუდი ქმედებების, ანუ სასტიკი დანაშაულების გადაფარვას, მას არქმევენ ასეთი „პიარული" ხრიკია, შეცდომებს. შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების საერთოდ გაუქმებას, რომელიც ამ ქვეყნის სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ბიზნესების წართმევას და უცებ გახსენებას, თითქოს ღამის 3 საათზე მოუნდა ვიღაცას, რომ ბიზნესი აჩუქოს სახელმწიფოს, ამას ვერ დაერქმევა შეცდომები, ეს არის უდიდესი და ცუდი ქმედებები და დანაშაულები, ამ დანაშაულის გამო ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვის მიმართაც შესაბამისი სტანდარტით იქნება შეგროვებული მასალები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: 7 ნოემბრის აქციას მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ არსებობდა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.