საჩხერესთან ახლოს, სოფელ პერევის გვერდით, პატარა ქართული სოფელი ქარძმანი, დღეს ოკუპირებულია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქარძმანელები გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებდნენ პერევი-ქარძმანის ე.წ. საგუშაგოს გავლით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას - მედიკამენტების, საკვების საყიდლად, ექიმთან მისასვლელად. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც საგუშაგო პანდემიის გამო ჩაიკეტა, არათუ მიმოსვლა შეწყდა, არამედ იქ დარჩენილებს წამალსაც ვეღარ აწვდიან. ვერც ურეკავენ. სოფლიდან ვითომ დროებით წამოსულ ქარძმანელებს, რომლებიც ახლა საჩხერის სოფლებში არიან გაფანტულები, მიცვალებულის მშობლიურ სოფელში დაკრძალვაზეც უარს ეუბნებიან.
ქარძმანელების გასაჭირზე პირველად, საჯაროდ, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ამ სოფლის მცხოვრებმა, იაკო კუსიანმა დაწერა და დახმარება ითხოვა. ის დღეს თბილისში ცხოვრობს ქირით თავის მეგობართან, მის ძმასა და დეიდაშვილთან ერთად.
ორი წელია, რაც იაკოს, ოკუპირებულ სოფელ ქარძმანში დარჩენილი მშობლები არ უნახავს. დედა გულით ავადმყოფია, მაგრამ შვილი წამლებს ვერ უგზავნის.
იაკო კუსიანი დედას ბოლოჯერ დაახლოებით ორი კვირის წინ ესაუბრა, ოკუპირებული სინაგურის საავადმყოფოში. იქაურმა ექიმმა დაალაპარაკა ვიდეოზარით. მას მერე გაჭირვებით იგებს დედის ამბავს მეზობლებისგან.
ოკუპირებული სინაგურის სამედიცინო პუნქტი ერთადერთი ადგილია, სადაც დღეს ქარძმანელებს სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლიათ.
ასევე ნახეთ დე ფაქტო „კა-გე-ბე" საოკუპაციო ხაზთან ე.წ სასაზღვრო რეჟიმის უსაფრთხოებას ამკაცრებსიაკოს დედ-მამას სოფელში არც ტელეფონი აქვთ და არც ინტერნეტი. 3 თვეზე მეტია გათიშულია კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება, მაგთიფიქსიც.
დედამ სამჯერ დაწერა განცხადება, რომ სამკურნალოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მჭირდებაო, მაგრამ უშედეგოდ. ქარძმანელებმა მთავრობას რამდენჯერმე დევნილის სტატუსის მინიჭებაც კი სთხოვეს, მაგრამ პასუხი არც ამაზე მიუღიათ.
სოფელ ქარძმანის მოსახლეობა 2019 წლამდე ე.წ. ოსური პასპორტებით და დროებითი საშვებით, „პროპუსკებით“ გაჭირვებით კვეთდა ე.წ. საზღვარს. მაგრამ რადგან სოფელში მიწას ამუშავებდნენ, საქონელი ჰყავდათ, მაინც იქ ყოფნას ამჯობინებდნენ. ახლა, როცა გზა ჩაკეტილია, როგორც თავად ამბობენ, ჰაერში გამოეკიდნენ.
რადგან არც დევნილის სტატუსი აქვთ, ვერც შესაბამის დახმარებას იღებენ.
ეს სტატუსიც მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მიხვდნენ, რომ საზღვარი იმაზე დიდი ხნით ჩაიკეტა, ვიდრე წარმოედგინათ.
სოფლიდან ყველა იმ რწმენითაა წამოსული, რომ რამდენიმე დღეში უკან მიბრუნდებოდნენ და დაბრკოლებებით, მაგრამ მაინც გააგრძელებდნენ საკუთარ მიწაზე ცხოვრებას, როგორც ეს 2008 წლიდან 2019 წლამდე ხდებოდა.
მაგრამ ვისაც სოფელი არ დაუტოვებია, და ეს ძირითადად ასაკოვანი ხალხია, ისინი, ფაქტობრივად, უპატრონოდ დარჩნენ.
სოფელში რომ ვინმე გარდაიცვალოს, კუბოს ამწევ ოთხ ადამიასაც ვერ იშოვიან.
„დედამთილი მომიკვდა აქეთ მხარეს. სოფელში დარჩენილ ჩემს ქმარს შევუთვალე, წამოდი, იქნებ ცოცხალს მოუსწრო დედაშენს-მეთქი. გადმოიპარა, სხვა რა გზა იყო. მაგრამ უკან რაღას შებრუნდებოდა. მისი გადმოსვლიდან ორ კვირაში ჩემი დედამთილი გარდაიცვალა. ვის არ შევუთვალეთ, ქვეყანა ავატრიალე, მკვდარი შეგვატანინეთ, ჩვენ არ შევალთ, მარტო კუბოს მოგაწოდებთ, რომ თავისი ქმრის გვერდით დაიმარხოს-მეთქი, მაგრამ არ ქნეს. ბოლოს აქ სამადლოდ ვიპოვე საფლავი და გარე სანათესაოს გვერდში დავასაფლავეთ“, - გვიყვება ირმა ტოროშელიძე.
ის ახლა თავის ოჯახთან ერთად საჩხერეში ცხოვრობს. 9 ადამიანი - ორ ოთახში. ამბობს, რომ თავის სარჩენად ბევრს წვალობს - ქარძმანში 25 წლის განმავლობაში ნაშენები კარ-მიდამო დარჩა და ისიც, ზუსტად არ იცის, რა დღეში ჩავარდა. სახლი არც კი დაუკეტავს.
Your browser doesn’t support HTML5
ოჯახმა, ბოლო ორ წელში, გაჭირვებით, მაგრამ, როგორც ირმა ამბობს, სულის მოთქმა მაინც შეძლო. ახლა ცდილობენ, როგორმე დევნილობის სტატუსი მიიღონ:
„იმ დევნილობის დახმარებით ერთი ტომარა ფქვილი რომ ვიყიდოთ, ეგეც ხომ საქმეა“.
იმ საბუთებსაც, როგორც ირმა ეძახის „ცხინვალის პასპორტებს“, რომლითაც საზღვარს კვეთდნენ ხოლმე, ვადა გასდის. ახლა ისიც არ იციან, ხვალ გზა რომ გაიხსნას, ისევ შეძლებენ თუ არა საჭირო დოკუმენტების აღებას.
„ის მაინც შევძლოთ, რომ რაც ძალიან გვჭირდება, სახლიდან ის წამოვიღოთ. თუ რამე დაგვხვდა ჩვენს დაუკეტავ სახლებში“.
ქარძმანში დარჩენილებს პენსიას ოსური მხარე უხდის. ამ ფულს კი იღებენ, გვიყვება ირმა, მაგრამ სოფელში საკვების დეფიციტია.
„ცხინვალს, ჯერ ერთი, რომ თავისი გასაჭირი აქვს და იქაც არაფერია, თუ რუსეთიდან არ შეიტანეს, და მერე, ჩვენამდე ცხინვალიდან იმხელა სავალია, იმდენი კილომეტრი, სოფლამდე ვერავინ მიიტანს ვერაფერს. ათი კილომეტრით დაშორებულ სინაგურში თუ წავლენ, რომ რამე იყიდონ. ტრანსპორტი ხან მოძრაობს, ხან არა. მოხუცებული ადამიანი იქ როგორ წავა? ვინმეს თუ დააბარებს და ეს ვინმეც რომ აღარ არის?“
„ოთახს რომ კარი გამოუკეტო, ეგ სოფელიც ეგრეა დარჩენილი“
ქარძმანის კიდევ ერთი მცხოვრები, რომელმაც გვთხოვა მისი სახელი საჯაროდ არ გვეთქვა, გვიამბობს, რომ ამ სოფელს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ჯავის რაიონს ეკუთვნოდა, ჯავასთან მიმოსვლა და კონტაქტი თითქმის არ ჰქონია. ისინი მთლიანად საჩხერეზე იყვნენ მიბმულები.
ომის დროს, გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი, ძირითადი აქცენტი სოფელ პერევზე გაკეთდა, სადაც რუსული ჯარი იდგა. მასზე მიბმული ქარძმანი კი, თავისი ქართველი მოსახლეობით, თითქოს ყველას მიავიწყდა. პერევი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2010 წლის 18 ოქტომბერს დატოვეს. მანამდე ეს სოფელიც ოკუპირებული იყო.
„ერთ პატარა ოთახს რომ კარი გამოუკეტო, ისე დარჩა ეს სოფელი. ბლოკპოსტი ჩვენკენ გადმოიტანეს, პერევი კი გაათავისუფლეს, სადაც ჩვენ სკოლაში დავდიოდით, მაგრამ ჩვენ ჩავრჩით იქ“.
ქარძმანი ომამდე წლებით ადრე, 1991 წლის რაჭის მიწისძვრის დროსაც დაიცალა, რადგან სტიქიამ იქაც დაუნგრია ხალხს საცხოვრებელი სახლები. ნაწილი, როგორც ეკომიგრანტები, მარნეულში გადაასახლეს, ნაწილი ლაგოდეხში ჩასახლდა, მაგრამ წლების შემდეგ ხალხი სოფელს ისევ დაუბრუნდა და სახლები ხელახლა ააშენეს.
დღეს, ქარძმანში, 3-4 ოჯახი თუა დარჩენილი, სულ რამდენიმე ადამიანი.
თუ მაინც ვინმემ მოახერხა და დღეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მოინდომა და შეძლო, ის უკან ვეღარ შებრუნდება. და პირიქით.
„ვართ ასე, უარაფროდ. არც მიწა გვაქვს აქ, რომ ვიშრომოთ და რამე მოვიყვანოთ, არც ჩვენი სახლი, რომ ქირა არ ვიხადოთ. ზოგმა კი რაღაც მოახერხა, მაგრამ ყველამ ეს ვერ შეძლო. დევნილობა მაინც ხომ გვეკუთვნის. ოკუპირებული ხომ არის ეს სოფელი? სხვანაირად როგორ მოვითხოვოთ?“
სამინისტროში წერილი ორჯერ გაგზავნეს. ბოლოს ისიც იკითხეს, ქარძმანი არის თუ არა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეო. პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
„აქამდე გვეგონა, რომ ტკბილი სიტყვით, თხოვნით რამეს მივაღწევდით. იქნებ ბრაზდებიან კიდეც, ამაზე ხმამაღლა რომ ვლაპარაკობთ? მერე კიდევ, ჩვენც, ზოგს რაღაც სამსახური გვაქვს და გვეშინია ისიც არ დაგვატოვებინონ, ხან ვამბობდით, სირცხვილია, აქციას ხომ არ მოვაწყობთ ამის გამოო და მოვედი აქამდე“.
როგორ იძებნება სოფელი ქარძმანი ინტერნეტში
ქვემო ქარძმანი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჭალის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში, სინაგურის სასოფლო საბჭოში. 1991 წელს გადაეცა საჩხერის რაიონს. მდებარეობს მდინარე ყვირილის ზემო დინების ხეობაში. ზღვის დონიდან 700 მეტრი, საჩხერიდან 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 34 კაცი.
ზემო ქარძმანი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში. 2008 წლის აგვისტოდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებშია. მდებარეობს მდინარე ყვირილის ზემო დინების ხეობაში. ზღვის დონიდან - 750 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 88 კაცი.
რა იციან სოფელ ქარძმანსა და მის მოსახლეობაზე იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება?
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. გვაინტერესებდა, არის თუ არა ცნობილი მათთვის ამ სოფლის მცხოვრებთა პრობლემები და არიან თუ არა ჩართული მათ მოგვარებაში.
გვითხრეს, რომ ქარძმანის მცხოვრებთა თხოვნის წერილი მათთან არ მისულა. თუმცა ზოგადად პრობლემას იცნობენ. უწყების პოზიციაა, რომ ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
და რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გახსნის საკითხი მუდმივ რეჟიმში განიხილება როგორც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგის, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფარგლებში.
ასევე ნახეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია ჩაიშალაქარძმანელების ამბავი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშიც მოვიკითხეთ, სადაც გვითხრეს, რომ მათთვის ცნობილია ქარძმანელების პრობლემაც და მათი თხოვნაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე „დაგზავნილია გარე კორესპონდენციები ყველა შესაბამის უწყებაში“ და რომ საკითხი მალე გადაწყდება. როგორც კი კოორდინაცია დასრულდება, ყველას, ვისაც ჰქონდა ეს თხოვნა, პასუხი მიუვაო: „საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება დრო, თუმცა, პროცესი დაწყებულია“, - გვითხრეს უწყებაში.
გადაწყვეტილების მიღებას და განხილვას რომ დრო სჭირდება, ეს ქარძმანის მცხოვრებლებმაც იციან, ისედაც დიდხანსაც ელოდნენ ჩუმად, მაგრამ მათთვის პასუხის გაცემის დრო უსასრულოდ გაიწელა.