Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსია ჩაიშალა


ცხინვალი (ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან)
ცხინვალი (ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან)

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა ადგილობრივ ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ჯიოევის თქმით დისკუსიის ჩაშლა ახალი კორონავირუსის საფრთხეს უკავშირდება

„გვქონდა ერთმანეთთან კომუნიკაცია და ყველა მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მაღალი საფრთხის გამო ეს შეხვედრა უნდა გადადებულიყო. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის განახლდება დისკუსია, ამაზე დამატებით დავილაპარაკებთ დელეგაციების წარმომადგენლები“, - განაცხადა ჯიოევმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსია 31 მარტს და პირველ აპრილს უნდა გამართულიყო.

ამასობაში ცხინვალში ჯერ კიდევ ვერ ჩააქვთ ახალი კორონავირუსის საკვლევი ტესტ-მასალა. მეორე დღეა ტრანსკავკასიური მაგისტრალი ისევ ჩაკეტილია, დე ფაქტო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მაგისტრალის გასწვრივ მთაგორიან რელიეფზე ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა ადგილას ჩამოწვა ზვავი და შესაბამისი სამსახურები გზას წმენდენ, თუმცა გადაადგილება კვლავ შეუძლებელია. ამის გამო პრობლემები შეექმნათ იმ სტუდენტებსაც, რომლებიც რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამბობს, რომ რუსეთში უმაღლესი სასწავლებლები დაიხურა და დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, ცხინვალელი სტუდენტები კი სახლში გამოუშვეს.

„მეორე დღეა თოვა არ წყდება როკის მისადგომებთან, გზა ჩაკეტილია, ხალხი უკვე პროდუქტებს იმარაგებს, თუ ეს გზა არ გაიხსნა არ ვიცით რა გვეშველება, სტუდენტები ვერ ახერხებენ სახლში დაბრუნებას, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ისინი გამოუშვეს, სწავლა შეწყდა და ახლა ვლადიკავკაზში არიან გაჭედილები, ალბათ ნათესავებთან გაჩერდებიან, ვიდრე გზა არ გაიხსნება. აქ ჩამოსულები კი აუცილებლად ორკვირიან კარანტინში უნდა მოთავსდნენ, მათგან ვიცით რომ კორონავირუსი რუსეთში უკვე ძალიან არის გავრცელებული.“ - გვეუბნება ცხინვალელი წყარო.

დღეიდან ცხინვალის ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ადგილობრივი განათლების სისტემა ვერ გადავა დისტანციურ სწავლებაზე, რადგან პედაგოგებისა და მოსწავლეთა ნაწილს პერსონალური კომპიუტერები არ გააჩნიათ. გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკაში ინტერნეტიც ყველგან არ არის.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა, ოსური მედიის ცნობით, თათბირზე გადაწყდა, რომ ვითარების გამწვავების შემთხვევაში ცხინვალის, ჯავის და ახალგორის საავადმყოფოებში კორონავირუსის სამკურნალოდ სპეციალური ბოქს-პალატები გაკეთდება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელები ჩაკეტა. ახალგორის მიმართულებით გადაადგილება ისედაც შეზღუდული იყო, ბოლოს კი პერევი-ქარზმანის მიმართულებაც დაიკეტა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს კორონავირუსის გავრცელების საფრთხით ახსნა, თუმცა რუსეთის ფედერაციასთან, სადაც სულ უფრო იზრდება დაავადების გამოვლენის შემთხვევები, ე.წ. სასაზღვრო და საბაჟო-გამშვები პუნქტი არ ჩაუკეტავს. ახლახანს ეს მხოლოდ კლიმატური პირობების გამო მოხდა.

18 მარტიდან რუსეთის ფედერაციის მთავრობამ სახმელეთო საზღვარიც ჩაკეტა და ცხინვალიდან ჩრდილოეთით გადაადგილება გზის გახსნის შემდეგ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს შეეძლებათ. ეს ინფორმაცია ოსური მედიით 18 მარტს გაავრცელეს და ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავშეკავება ურჩიეს.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით ცხინვალის მაღაზიებში რიგებია. მოქალაქეები დიდი რაოდენობით ყიდულობენ, მაკარონს, ბრინჯს, წიწიბურას, შაქარს, ზეთს და სხვა პირველადი მოხმარების ნივთებს. ადგილობრივებს ერთბაშად ორი რამ აშფოთებთ, რუსეთთან ჩაკეტილი გზა, ამის გამო შექმნილი სასურსათო დეფიციტი და კორონავირუსის საფრთხის გამო გამკაცრებული ზომები. გასულ თვეში ცხინვალში სასურსათო დეფიციტი მხოლოდ იმის გამო შეიქმნა, რომ რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტვირთების შესაბამის გაფორმებას ითხოვდა. კრიზისი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტი შექმნა. ცხინვალში ახლა ყველაზე მეტად იმის გამო შფოთავენ, რომ რუსეთში ვირუსის მასობრივი გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა ე.წ. როკის საზღვარი დიდი ხნით დაკეტონ და ხალხი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებას ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. გარდა ამისა, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მეოთხე ბაზაა განთავსებული, სადაც ასობით სამხედრ- მოსამსახურე იმყოფება და რუსეთისთვის ამ სტრატეგიულ გზას არც ცხინვალი და არც მოსკოვი დიდი ხნით არ ჩაკეტავს.

XS
SM
MD
LG