მეორე დღეა, ცხინვალში მშობლები საბავშვო ბაღებისა და სკოლების დახურვას მოითხოვენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ქალაქში დაგეგმილი სხვადასხვა სპორტული და საკონცერტო ღონისძიება უკვე გააუქმა, სკოლებისა და ბაღების დახურვას კი არ ჩქარობს. ცხინვალში პანიკა შეინიშნება იმ ფონზე, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი კორონავირუსის გამოსავლენად შესაბამისი ტესტებიც არა აქვს.
„რუსეთის ფედერაციას მასალა ამ დრომდე არ მოუწოდებია. მხოლოდ გუშინ თქვეს ტელევიზიით, რომ დაპირება არის, მაგრამ ახლა ტრანსკამიც (ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც ცხინვალის რეგიონს როკის გვირაბით რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს) ჩაიკეტა და როგორ მოგვაწვდიან, არ ვიცით. ხალხი სკოლების, ბაღებისა და უნივერსიტეტის დახურვას ითხოვს, მაგრამ მთავრობა არ აპირებს. არ ვიცით, რა გვეშველება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცხინვალელი წყარო, რომელმაც, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ანონიმურად დარჩენა ისურვა.
ოსური მედიის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, 16 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრი, ნატალია გასიევა, და სანიტარიული ზედამხედველობის კომიტეტის უფროსი, მარინა კოჩიევა, მასწავლებლებსა და მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ. გასიევას ინფორმაციით, მშობლები იმის გამო არიან შეწუხებული, რომ რუსეთის ფედერაციაში სკოლები იხურება და დისტანციურ სწავლებაზე გადადიან. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთში ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდ ნაწილს პერსონალური კომპიუტერები არ გააჩნიათ.
მარინა კოჩიევამ მშობლებს სტანდარტული რჩევები მისცა და ჰიგიენურ-სანიტარიული წესების დაცვისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მან საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობაზეც ილაპარაკა. ამჟამად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 5 ადამიანი კარანტინში იმყოფება. ამ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული ზედამხედველობის კომიტეტის ხელმძღვანელის, მარინა კოჩიევის, განცხადებით, ისინი ინფექციურ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
ახალგორის სამშობიარო სახლში მოწყობილ კარანტინში ერთი მოქალაქე რჩება, რომელიც თბილისიდან დაბაში დაბრუნდა და პირდაპირ გამშვები პუნქტიდან გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. მას ავტოავარიაში ნათესავები დაეღუპნენ და მისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამონაკლისი იმ პირობით დაუშვა, რომ უკან დაბრუნების შემდეგ კარანტინში გადავიდოდა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ფორმალობაა და მას სამედიცინო შემოწმებასაც არავინ უტარებს. თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების თავისებურებებზე უამბობს.
„სასწავლო დაწესებულებებს წყალი არ აქვთ. არ არის ჰიგიენის ნორმები დაცული საპირფარეშოებში. ბავშვებთან და მშობლებთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჰიგიენის წესებზე არავის უსაუბრია. ერთადერთი რაცაა, ეს არის პრინტერზე მკრთალად ამობეჭდილი ორი ფურცელი, რომლითაც რაღაცა ჰიგიენის წესებზე მიგვითითებენ და ეს მხოლოდ რუსულ ენაზეა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული ენა აქ ძალიან ბევრმა არ იცის, შეიძლება არც მიაქციონ ყურადღება. სასაცილოა ეს თავისებურებები. მე აქ ვცხოვრობ და ვიცი, რა როგორ მუშაობს. მაგალითად, გავრცელდა განცხადება, რომ კონცერტი გაუქმდა კორონავირუსის საფრთხის გამო, მაგრამ იმავე საღამოს რესტორანში მინიმუმ ასი კაცი შეიკრიბა. სასაცილოა: თუ კონცერტი საფრთხეს შეიცავს, იგივე რატომ არ ვრცელდება რესტორანზე? იანვარში აქ სკოლებისთვის უკვე იყო კარანტინი გამოცხადებული, რაც ცხინვალში გრიპის გავრცელების საფრთხით იყო გამოწვეული, თუმცა მაშინაც მხოლოდ რუსული სკოლები მოხვდნენ კარანტინის პირობებში და ეს ქართულ სკოლებს არ შეეხოთ. დაბაში ერთი სკოლა რუსულია და ერთი ქართული და მხოლოდ რუსულში გამოაცხადეს კარანტინი. ცოტა უცნაურია ეს ყველაფერი“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელები ჩაკეტა. ახალგორის მიმართულებით გადაადგილება ისედაც შეზღუდული იყო, ბოლოს კი პერევი-ქარზმანის მიმართულებაც დაიკეტა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს კორონავირუსის გავრცელების საფრთხით ახსნა, თუმცა რუსეთის ფედერაციასთან, სადაც სულ უფრო იზრდება დაავადების გამოვლენის შემთხვევები, ე.წ. სასაზღვრო და საბაჟო-გამშვები პუნქტი არ ჩაუკეტავს. ეს მხოლოდ კლიმატური და ბუნებრივი პირობების გამო მოხდა. ოსური მედიის ცნობით, ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ზვავი ოთხ ადგილას ჩამოწვა და მისი გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამას ისიც დაემატა, რომ 18 მარტიდან რუსეთის ფედერაციის მთავრობა სახმელეთო საზღვარს კეტავს და ცხინვალიდან ჩრდილოეთით გადაადგილება გზის გახსნის შემდეგ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს შეეძლებათ.
17 მარტის საღამოს დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18-დან 31 მარტამდე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, საბავშვო ბაღები და სკოლები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ინფექციური დაავადებების მატების გამო იკეტება. გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის ნახსენები ახალი კორონავირუსის საფრთხე, თუმცა ცხინვალში იციან, რომ კარანტინი მხოლოდ გრიპის გავრცელებას არ უკავშირდება.