რაც მუზეუმში ხდება, მუზეუმში რჩება

ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობა დანგრევის საფრთხის წინაშეა. ათასობით ექსპონატი, მათ შორის ოქროს ფონდი, რომელიც იქ ინახება, გადასატანია. ახალ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო ხელოვნების მუზეუმი თანამშრომლების ნაწილმა დატოვა.

ისინი, ვინც დარჩა, არც ისტორიული შენობის გადარჩენის და არც ფონდების გადატანის პროცესში ჩართულები არ არიან. რა ბედი ელის ხელოვნების მუზეუმს და იქ დაცულ ექსპონატებს, ბუნდოვანია. ეს რთული და საფრთხილო პროცესი გაუმჭვირვალეა, ინფორმაცია კი - ფრაგმენტული.

ახლა ხელოვნების მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა. შენობიდან ექსპონატების ევაკუაციისთვის კულტურის სამინისტრო ახალ, დროებით სივრცეს არემონტებს, თანამშრომლების გადასამზადებლად უცხოელ სპეციალისტებს ქირაობს და იკვლევს მუზეუმის ისტორიული შენობის გადარჩენის გზებს - ასეთი სურათი იკვეთება, თუკი ბოლო 6 თვის განმავლობაში მუზეუმისთვის შესყიდულ მომსახურებებსა და პროდუქტებს გადავავლებთ თვალს. მუზეუმის ისტორიული შენობის კვლევის, ახალი სივრცის პროექტირებისა და მოწყობისთვის ბოლო თვეების განმავლობაში ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, პროცესში ჩართული უცხოელი სპეციალისტების მომსახურებაზე გამოყოფილია 17 371 ევრო.

მსგავსი პროცესი მუზეუმს ერთხელ უკვე გავლილი აქვს, 2017-18 წლებში. 2018 წელს ეროვნულმა მუზეუმმა გუდიაშვილის ქუჩის 3 ნომერში ახალი საცავისა და გალერეის მოსაწყობად საინჟინრო და სარემონტო სამუშაოებში 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, 2016 წელს ამ შენობის დაპროექტებაზე კი - 47 000 ლარი; ნაკვლევია თავად ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობაც - მისი მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობის კვლევა ბიუჯეტს 2017 წელს 25 000 ლარი დაუჯდა, 2016 წელს ამავე შენობის სამშენებლო-აზომვით სამუშაოებზე 30 000 ლარი იყო გამოყოფილი.

საპროექტო ობიექტად მონიშნულია სივრცე, რომელიც ფონდებისთვის მოწესრიგდა - ჯამში, ეს სივრცე 6 სართულს და 3 000-ზე მეტ კვადრატულ მეტრს აერთიანებს.

ხელოვნების მუზეუმის დასაცავად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო და მუზეუმის ახალი დირექტორი გაწეულ სამუშაოს არაფრად მიიჩნევენ და უარს ამბობენ მუზეუმის დაცლისა და რეაბილიტაციის უკვე არსებულ პროექტზე.

ნახაზზე შენობა 1 ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობაა, შენობა 2 არის 1980-იან წლებში აშენებული შენობა, რომელსაც, სავარაუდოდ, ამზადებენ ფონდების გადასატანად, იგი ახლა ითავსებს ეროვნული გალერეის საცავის როლსაც. შენობა 3-ში გასულ წლებში მომზადდა 3 500 კვ. მ-ის სივრცე მუზეუმის საცავისთვის - ამ სივრცის გამოყენებაზე უარს ამბობს ხელოვნების მუზეუმის ახალი დირექტორი. სივრცე ეროვნული მუზეუმის მფლობელობაშია.

პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის გეგმა, ასევე მუზეუმების ქუჩის კონცეფცია ჯერ დროში გაიწელა, საბოლოოდ კი დავიწყებას მიეცა.

„მუზეუმების ქუჩის” კონცეფცია, ჯერ კიდევ შალვა ამირანაშვილის იდეა იყო.

2021 წლის ზაფხულში მინისტრმა წულუკიანმა დაამტკიცა ევაკუაციის ახალი, 10-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ექსპონატების ნაწილი უკვე გადატანილი უნდა იყოს ალტერნატიულ სივრცეში და ეს პროცესი 2022 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. გეგმა ვერ სრულდება. თეა წულუკიანის მიერ დანიშნული ახალი დირექტორი არაფერს ეუბნება ფონდის თანამშრომლებს იმის შესახებ, როდის და სად გადავა ექსპონატები და ვინ იქნება მათზე პასუხისმგებელი. ნიკა ახალბედაშვილმა არც რადიო თავისუფლებას უპასუხა - ევაკუაციის პროცესზე მინისტრის ბრძანებით სწორედ ისაა პასუხისმგებელი.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის 2021 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული შესყიდვები

შემსყიდველი

შესყიდვის საგანი

თანხის ოდენობა

შესყიდვის თარიღი

ეროვნული მუზეუმი

დროებითი სათადარიგო სივრცის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

1 058 700 ლარი

18.11.2021

ეროვნული მუზეუმი

საოფისე ავეჯი 100 თანამშრომლისთვის, სტელაჟები და ინვენტარი ექსპონატებისთვის

630 700 ლარი

3.09.2021

ეროვნული მუზეუმი

გუდიაშვილის ქ. 1-ში მდებარე შენობის, რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრის პირველი და მეორე სართულის პროექტირება და შემდეგი სამუშაოები

57 000 ლარი

14.09.2021

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

2 უცხოელი ექსპერტის 5-დღიანი ვიზიტი, ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადებისა და ხატების უსაფრთხო ევაკუაციის გეგმის შედგენა

11 171 ევრო

10.11.2021

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

პუშკინის 4/გუდიაშვილის 1-ში მდებარე შენობის მზიდი კონსტრუქციების რეაბილიტაცია-გაძლიერების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

100 000 ლარი

10.11.2021

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

პუშკინის 2/4-ში მდებარე ხელოვნების მუზეუმის შენობის კვლევითი და რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება

170 000 ლარი

29.04.2021

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

ხელოვნების მუზეუმში დაცული ქრისტიანული ეპოქის ექსპონატების მდგომარეობის შესაფასებლად ექსპერტების მოწვევა ICCROM-იდან

6 200 ევრო

22.04.2021

სად იქნება ფონდები მანამ, სანამ მუზეუმის ძველ შენობას რესტავრაცია ჩაუტარდება?

შესყიდვების დოკუმენტაცია არ სცემს პასუხს კითხვაზე, რომელია ის დროებითი სივრცე, სადაც ხელოვნების მუზეუმის ფონდებს გადაიტანენ მანამ, სანამ ისტორიული შენობის რესტავრაცია დასრულდება.

ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ნელი კობიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელოვნების მუზეუმის ყველა ფონდი გეგმით ეროვნული გალერეის საცავში უნდა გადავიდეს, ეს შენობა ხელოვნების მუზეუმის უკან მდებარეობს და ამ ეტაპზე მისი ნაწილობრივი რემონტი იგეგმება. ამ შენობაში საცავებისთვის მხოლოდ ორი სართული მოეწყობა.

„ეს ჩვენი ძველი შენობაა, 80-იან წლებში აშენებული. სამუშაოები ახლა დაიწყება, აი, ამ დღეებში. ფაქტია, რომ შესაკეთებელია, როცა აშენდა, მაშინ ვერ დამთავრდა და ამიტომ დარჩა ასე, ახლა უნდა მოვაწესრიგოთ და საცავები იქ გადავიდეს“, - უთხრა მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, ნელი კობიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

შენობა, რომელზეც ნელი კობიაშვილი საუბრობს, არქიტექტორ ვლადიმერ ქურთიშვილის პროექტის მიხედვით აშენდა და მას სწორედ მუზეუმის დამხმარე ნაგებობის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. ამ დრომდე მას მხოლოდ გალერეის დროებით საცავად იყენებდნენ. ხელოვნების მუზეუმის დასაცავად შექმნილი („ხელოვნების მუზეუმისთვის“) საინიციატივო ჯგუფის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ ეს შენობა კონსტრუქციული პრობლემების გამო, ექსპლუატაციაშიც კი არ არის მიღებული. მისი მხოლოდ ორი სართულის რემონტი კი ვერ აქცევს ამ სივრცეს ექსპონატებისთვის უსაფრთხო ადგილად.

შესყიდვის დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ შენობას არ აქვს წყლის, ელექტროენერგიის, კანალიზაციის, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. ამას არც ნელი კობიაშვილი უარყოფს, თუმცა გამორიცხავს, რომ გეგმა შეიცვალოს და ამ შენობის ნაცვლად ფონდების ნაწილი მაინც ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის საცავებში გადავიდეს, სადაც შენახვასთან ერთად მათი გამოფენაც შესაძლებელი იქნებოდა.

ასევე ნახეთ კულტურის სამინისტრო 1 058 700 ლარად არემონტებს დროებით სივრცეს ხელოვნების მუზეუმის ექსპონატებისთვის

„რატომ ვხარჯავთ მილიონებს ამ სწრაფი ევაკუაციისა და იმ სივრცეში ექსპონატების გადასატანად, სადაც ისინი შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში დაიხუროს დამთვალიერებლებისთვის, როცა 10 წლის განმავლობაში მზადდებოდა სივრცე ეროვნული მუზეუმის იმ ცენტრალურ ნაგებობაში, რომელსაც ჯანაშიას მუზეუმი ჰქვია. იქ უკვე არის საცავიც და ყველანაირი პირობა მომზადებული და შესაძლებლობაც, რომ იყოს გამოფენილი.

ჩვენ ხომ არ გვინდა, კოლექციები მთლიანად დაიხუროს მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ გვინდა, ღირსეულად მიიღოს მუზეუმმა ვიზიტორები და, რაც მუზეუმს ახასიათებს, თან დაცვა და თან საგანმანათლებლო, კულტურული პროცესი, იყოს შეჯერებული და ჯანსაღი“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია, რომელიც მუზეუმის დამცველთა საინიციატივო ჯგუფის წევრია. ის ფიქრობს, რომ ავარიულ შენობაში ექსპონატებისთვის სათანადო პირობების შექმნა მოკლე დროში შეუძლებელია.

დამთვალიერებლებისთვის მუზეუმის დახურვას გაუმართლებლად მიიჩნევს ხელოვნების მუზეუმის მოქმედი თანამშრომელი ნინო ხუნდაძეც. ის არაერთი წელია აქ მუშაობს და ახლა ფერწერისა და გრაფიკის კოლექციების კურატორია. ნინო დანანებით აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ხელოვნების მუზეუმის კოლექციას მნახველი არ ჰყოლია.

ხელოვნების მუზეუმის ფონდი 140 000-მდე უნიკალური ექსპონატისგან შედგება.

მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის 2017 წელს დაიკეტა, მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაწერა დასკვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობაში ერთდროულად 150 ადამიანის ყოფნა ნგრევის რისკს ქმნიდა.

„საზოგადოებას უნდა ჰქონდეს წვდომა იმ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც არის დაცული მუზეუმში.

აქ წინააღმდეგობა იცით, რაშია? ამაში არის დახარჯული სახელმწიფოს თანხები, ძალიან დიდი შრომაა ამაში ჩადებული - იქვე მუზეუმთან არსებობს სივრცე, რომელიც 3 წელია მზად არის სამუზეუმო ექსპონატების გასატანად, მაგრამ ვერ გადავდიოდით იმის გამო, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობდა“, - ამბობს ნინო და გულისხმობს 3 500 კვადრატული მეტრის სივრცეს ხელოვნების მუზეუმის უკან, რომლის მოწესრიგებაც ეროვნულ მუზეუმს სამ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

შენობას, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობას ფონდების გადატანა უნდა, ამ დროისთვის ეროვნული გალერეა იყენებს. „ცისფერი გალერეის“ განახლებისას მისი ფონდის დიდი ნაწილი სწორედ ამ შენობის საცავში გადავიდა, ნაწილი - ხელოვნების მუზეუმის ავარიულ შენობაში, სადაც ისინი არასათანადო პირობებში, მესამე სართულზე ინახება. შენობაში არ არის გათბობა და ვენტილაცია, ნაგებობის სახურავი დაზიანებულია, კედლებს ნაპრალები აქვს.

„გალერეას არ აქვს დიდი ფონდსაცავები, სადაც ყველაფერი დაეტევა. იქ მხოლოდ ფიროსმანები დავტოვეთ და ყველაფერი დანარჩენი გადმოვიტანეთ.

წლების განმავლობაში ეს ნამუშევრები, რაც აქ გადმოვიტანეთ, სხვა კლიმატურ პირობებში იყო დაცული და ახლა ისინი შეუსაბამო გარემოშია. გადმოტანის შემდეგ, რამდენიმე თვეში, გვაინტერესებდა, რა მდგომარეობაში იყო ეს ექსპონატები, 25 მნიშვნელოვანი ნამუშევარი გავხსენით და ვნახეთ, რომ დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები გაუარესებისკენ არ შეინიშნებოდა, მაგრამ მცირედი დაზიანებები, დეფორმაცია აღენიშნებოდა ამ ტილოებს. ეს არის ისეთი გლობალური დაზიანება, რესტავრატორებთან ერთად ხდება ამის მონიტორინგი“, - გვიყვება ნინო ხუნდაძე ეროვნული გალერეიდან ხელოვნების მუზეუმის ავარიულ შენობაში გადმოტანილ ნამუშევრებზე.

ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა და მისი დაზიანებული კედლების ფრაგმენტები

„ჩვენ ვსაუბრობთ პროფესიონალურად, სად აჯობებს, შინაარსობრივად, დანიშნულებით, ლოგიკურად რომ იყოს კოლექციები გადატანილი და გამოფენილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ მსჯელობამდე არ მიდის საქმე არც მენეჯმენტში და არც სამინისტროში. დღიდან წულუკიანის მინისტრად დანიშვნისა, მიმდინარეობს რიტორიკა იმის შესახებ, რომ ეროვნული მუზეუმი არის მტერი ინსტიტუცია, რომ მუზეუმი არის გამოშიგნული - ეს არის ცარიელი სიტყვები, არანაირი არგუმენტი ამ მსჯელობას არ აქვს, მიუხედავად ამისა, ეროვნულ მუზეუმს უცხადებს ბოიკოტს, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, არაერთ კითხვას აჩენს. რატომ არის ასეთი ანტიპათია იმ ინსტიტუციისადმი, რომელიც მუშაობდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით... ეროვნული მუზეუმისთვის უნდობლობის გამოცხადება, ჩემი აზრით, არასახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია და ძალიან აზიანებს სახელმწიფოს. თუ არ ვენდობით მეცნიერებს, რომლებიც 10-15 წელი ემზადებოდნენ ამ კოლექციების გადასატანად და მოამზადეს სივრცე ისევ მუზეუმში, რატომ უნდა ვენდოთ იმ ახალ კადრებს, რომლებიც მხოლოდ 5 დღეა მუზეუმში მუშაობენ, ან არასოდეს უკვლევიათ, რას ნიშნავს მუზეუმი ან ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია და დასძენს:

„არსებობს ჯიბრი და არსებობს სიბრაზე ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე. არსებობს ზიზღი, რომელსაც ავრცელებს სამინისტრო და კომიკურობა, ამ ზიზღით გამოწვეული. ალოგიკური, ზიზღით გამოწვეული გადაწყვეტილებები სამინისტროს აქცევს კომიკურად. ეს პროცესი ზიანს მოუტანს ყველას და არა მხოლოდ სამინისტროს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფო კილასონიამ. ის დარწმუნებულია, რომ ამ აზრზეა ყველა, ვინც მუზეუმთან არის დაკავშირებული და ამ მოვლენებს თვალს ადევნებს, იმის მიუხედავად, როგორია მათი საჯარო განცხადებები. სოფო ამბობს იმასაც, რომ კონფლიქტი თავად მუზეუმის შიგნით დიდი ხანია არსებობს და ეს არის ღირებულებების კონფლიქტი რეფორმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

მუზეუმს ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც, მაგალითად, რელიგიური შინაარსის ექსპონატების ეკლესიისთვის გადაცემას უფრო ემხრობიან, ვიდრე მათ გადატანას და გამოფენას ეროვნულ მუზეუმში. სამინისტრო და მუზეუმის ახალი მენეჯმენტი სწორედ ამ კონფლიქტს იყენებს და აღვივებს.

ვინ რის ფასად რჩება მუზეუმში?

შესყიდვების პარალელურად, ახალ მენეჯმენტთან შეუთავსებელი ღირებულებებისა და მიდგომების გამო მუზეუმს თანამშრომლები ტოვებენ. მათი ნაწილი სასამართლო დავასაც იწყებს.

„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ეროვნულ მუზეუმსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მასშტაბური საშტატო ცვლილება დაიწყო, რის შედეგადაც 10 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიგვაჩნია, რომ პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა“, - წერია ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იმ თანამშრომლების უფლებებს იცავენ სასამართლოში, ვინც მიიჩნევს, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ უსამართლოდ გაათავისუფლა ან პოზიცია შეუცვალა.

ასევე ნახეთ მმართველი ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს - ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები სასამართლოში მიდიან

„საია“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასამართლოში იცავენ ეკატერინე კიკნაძისა და დინარა ვაჩნაძის ინტერესებს.

ეკატერინე კიკნაძე ეროვნული გალერეის მმართველის პოზიციიდან გაათავისუფლეს და მისი თანხმობის გარეშე ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს, რითაც მუზეუმში მიმდინარე მთელ რიგ მნიშვნელოვან პროცესებს ჩამოაშორეს.

დინარა ვაჩნაძეც, რომელიც თბილისის კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი იყო, დაუსაბუთებლად დააქვეითეს და გადაიყვანეს რიგითი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე.

ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და თანამდებობიდან გათავისუფლების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა და ერთ-ერთის შემთხვევაში, განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა მოითხოვეს.

„ათიდან რვა დასაქმებული თანამდებობიდან გაფრთხილების გარეშე გაუშვეს, ან გადაიყვანეს სხვადასხვა დაბალ პოზიციაზე, ორს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ გაუგრძელეს, რაც, ჩვენი შეფასებით, დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებაა“, - წერენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები თავიანთ განცხადებაში. გარდა გათავისუფლებული და „ჩამოქვეითებული“ თანამშრომლებისა, მუზეუმს ტოვებენ ახალგაზრდა მეცნიერებიც.

ასევე ნახეთ ხელოვნების მუზეუმი პროტესტის ნიშნად დატოვა დირექტორის თანაშემწემ

„[ახალმა მენეჯმენტმა] ზოგიერთი თანამშრომელი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვა ან დააქვეითა. დაქვეითება ამ შემთხვევაში ნიშნავდა საგანძურთან ჩამოშორებას. უსამართლობის განცდას აჩენს ასეთი უდიერი დამოკიდებულება, ყოვლად მიუღებელი იყო. თავიდანვე ასეთი განწყობით შემოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, თითქოს სადამსჯელო ღონისძიება ჰქონდათ ჩასატარებელი. მუდმივად იყო იმაზე აპელირება, რომ მუზეუმი გაძარცვულია, მუზეუმი გამოშიგნულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი თოფურიამ. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მუზეუმი გასულ კვირას დატოვა. გიორგი ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდის კურატორის ასისტენტად მუშაობდა. კითხვები ნამუშევრების დაკარგვის შესახებ ამ ფონდსაც ეხებოდა, თუმცა შეჯერების შემდეგ ყველამ ნათლად დაინახა, რომ არცერთი ნამუშევარი ამ ფონდიდან დაკარგული არ იყო.

„ბოდიშიც არავის მოუხდია ცრუ ბრალდებებისთვის“, - ამბობს გიორგი. მისი თქმით, თვეების განმავლობაში ისმოდა ფრაზები იმის შესახებ, რომ „წლების განმავლობაში ამ მუზეუმში არაფერი გაკეთებულა“, მაშინ როდესაც რეალურად სამუზეუმო საქმიანობა არასოდეს შეჩერებულა იმის მიუხედავად, რომ მუზეუმი 2017 წლიდან დამთვალიერებლებისთვის დახურული იყო.

„როცა სიცივეა, ზედმეტი ქარი ან წვიმა, პირველი, რაზეც ვფიქრობთ - მუზეუმში რა ხდება, და მივდივართ. რამდენჯერ ღამეც მივსულვართ იმის სანახავად, რამე ხომ არ აზიანებს ექსპონატებს და ეს გრძელდება წლების განმავლობაში“, - გვეუბნება ნინო ხუნდაძე. ის წუხს, რომ ახალგაზრდა კოლეგები მუზეუმს ტოვებენ.

„მე შეგნებულად ვრჩები, არსად არ მივდივარ და არავის არ ვურჩევდი წასვლას იმ მიზეზით, რომ რაც შეიძლება მეტი ერთი გუნდის წევრი უნდა ვყოფილიყავით, ჩემი აზრით“, - ამბობს ნინო.

დაზიანებები მუზეუმის კედლებზე ჩანს ბოლო ათი წლის განმავლობაში შედგენილ ყველა ნახაზზე - ეს ბზარები ჩანს ქუჩიდანაც, თუკი პუშკინის ქუჩაზე ჩაივლით. ესტაკადის და „პანორამა თბილისის“ მშენებლობამ ისედაც დაზიანებული შენობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

„ცალკეული ექსპონატების გადარჩენაზე არ არის აქ საუბარი, პრინციპების გადარჩენაზეა საუბარი და მუზეუმი, პირველ რიგში, არის სახელმწიფო ხედვის, პრინციპებისა და კულტურის სახის მატარებელი, და ხვალ რადაც იქცევა ეს მუზეუმი, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ ის ადამიანები, ვისაც არ აქვთ პროცესზე გავლენის მოხდენის საშუალება.

ისინი [ვინც დღეს ტოვებს მუზეუმს] წინ ხედავენ სურათს, რომელშიც ეს პროცესები დანაშაულად იქნება აღიარებული. იაზრებენ თავიანთ უძლურებას და თავს არიდებენ დანაშაულში მონაწილეობას“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია მუზეუმიდან წამოსულ თანამშრომლებზე.

ეკლესია დაინტერესებულია, გადაეცეს ანჩისხატი - მისი ეკლესიაში დაბრუნების მოთხოვნით წლებია მოქალაქეების მცირე ჯგუფს მუზეუმის შესასვლელთან „სამლოცველო“ აქვს მოწყობილი.

„ეს მუზეუმი რამდენიმეათასეული ფერწერული ტილოს სასაფლაო კი არ უნდა იყოს, ნამდვილ თანამედროვე ევროპულ მუზეუმად უნდა ჩამოყალიბდეს“, - ეს თეა წულუკიანის სურვილია, რომელიც მან 21 აპრილს გააჟღერა, მაშინ, როცა ხელოვნების მუზეუმის ახალი, 4 კაცისგან შემდგარი მენეჯმენტი წარადგინა. ამის შემდეგ იყო დასკვნა ისტორიული შენობის შესახებ, სადაც ნახსენები იყო სიტყვა „არარენტაბელური“ მის აღდგენასთან დაკავშირებით და აქციები მუზეუმის დასაცავად. ხელოვნების მუზეუმის დასაცავად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები ამ დრომდე ცდილობენ საზოგადოებას აუხსნან იმ სახიფათო გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც მინისტრი და მისი გუნდი მუზეუმთან დაკავშირებით იღებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ „მინისტრ თეა წულუკიანის პოლიტიკა მუზეუმთან მიმართებაში არაკვალიფიციური და საფრთხის შემცველია“.