ადვოკატები იმედოვნებენ, რომ, საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერის ფონზე, ექსპრეზიდენტი ასეთ უფლებას მიიღებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მანამდე, მსჯავრდებულ/ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებისგან არაერთი უარი მიიღო.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, თუკი ხელისუფლება შემდგომ სასამართლო პროცესებზეც შეუშლის ხელს პატიმარი ექსპრეზიდენტის მონაწილეობას საკუთარი საქმის განხილვაში, ეს მკაფიოდ უარყოფითად შეფასდება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
„მიხეილ სააკაშვილს უნდოდა და შეეძლო სასამართლო პროცესებზე დასწრება, მაგრამ ამ ეტაპამდე, მისი გასამართლება დაუსწრებლად მიმდინარეობდა. ასეთ პირობებში არ შეიძლება ვილაპარაკოთ სასამართლო გადაწყვეტილებების რაიმე ტიპის ლეგიტიმაციაზე და თვალს ვერც საერთაშორისო პარტნიორები ხუჭავენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების გაუგონარი დარღვევაა, როცა პროცესებს არ ასწრებენ და ისე ასამართლებენ [პატიმარს]. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგალითად, „ამნესტი ინტერნეშენალის“ შეფასებები.
მართალია, საერთაშორისო პარტნიორებს არ გააჩნიათ რაიმე ტიპის პირდაპირი მექანიზმი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, მაგრამ შეფასებები იქნება ძალიან მკაცრი. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მათ შორის - აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებთან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
ასევე ნახეთ აშშ-დან საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებიპრესსპიკერ ნედ პრაისის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია მოწოდებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით - რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მიმართ როგორც „სამართლიანად და ღირსების დაცვით“ მოპყრობა, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფა.
„ჩვენ ასევე დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაესწროს მასთან დაკავშირებული საქმეების ყველა სასამართლო პროცესს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს შესაძლებლობას პირადად მონაწილეობდეს სასამართლო სხდომებში, თუკი ის ამას მოითხოვს“, - წერია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც 18 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ეს საკითხი ხაზგასმულია ოთხი სენატორის მიერ ერთობლივად ხელმოწერილ განცხადებაშიც.
სენატორები - ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, რონ ჯონსონი და ბენ კარდინი აღნიშნავენ, რომ სენატში, საქართველოს მეგობრებს აშფოთებთ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის ფორმები.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასამართლო პროცესებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესები ჩატარდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და მისი თანდასწრებით. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო არის ნებისმიერი დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანი და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი“, - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
ასევე ნახეთ 23 ევროპარლამენტარი იმ პირების სანქცირების განხილვას ითხოვს, ვინც სააკაშვილისადმი "არაადამიანურ მოპყრობაზეა" პასუხისმგებელიმიხეილ სააკაშვილის უფლებას, დაესწროს საკუთარ სასამართლოს, „ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პატივისცემის“ ჭრილში განიხილავენ ევროპარლამენტარებიც, 19 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში.
პატიმარი/მსჯავრდებული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ სხვადასხვა დროს განცხადებები გაკეთდა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მხრიდანაც.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არაერთხელ განაცხადეს უარი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამჟამად ექსპრეზიდენტთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე განიხილება.
10 და 15 ნოემბერს დანიშნულ სხდომებზე მსჯავრდებული/ბრალდებულის მიყვანაზე უარის თქმის მიზეზად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია „რიგი პოლიტიკური პარტიების“ წარმომადგენელთა სავარაუდო „დესტრუქციული ხასიათის“ მოქმედებების შესახებ, ავტომანქანებით გზების ბლოკირებასთან დაკავშირებით.
„აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც“, - ასეთი იყო პენიტენციური სამსახურის განმარტება.
ასევე, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისა და მკურნალობაზე უარის თქმის გამო, სასამართლო პროცესზე მისი მიყვანა და დასწრება წარმოადგენდა „დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“.
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მედიასთან აცხადებდა, რომ გადაწყვეტილებების მიღება უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების შედეგად ხდება.
ხელისუფლების მიერ გახმაურებული სავარაუდო სცენარი არ გამართლდა.
- 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესი უხმაურო იყო, ინციდენტების გარეშე.
- პარასკევს, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიტინგზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები გორის სამხედრო ჰოსპიტალთან არ გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბრისთვის არის დანიშნული.
ადვოკატი თუთბერიძე იმედოვნებს, რომ იმ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და სხვა მხრივაც, ხელი არ შეეშლება სასამართლო სხდომაზე მის ფიზიკურ დასწრებას. ადვოკატი გვეუბნება, რომ ყველაფერი გაკეთდება ექსპრეზიდენტის კანონიერი უფლების დასაკმაყოფილებლად და არ იქნება მოთხოვნილი პროცესში დისტანციური მონაწილეობა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, იურისტები ამჟამადაც განიხილავენ ყველა შესაძლო გზას - ავტორიტეტიანი უცხოელი მოსამართლეების მოწვევისა თუ საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალის ფორმირების შესახებ.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანესგლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ, ხანგრძლივი უარის შემდეგ, 19 ნოემბერს გადაიყვანა.
გორში გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაგზავნა. ის წერს, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს განაჩენს დაემორჩილება.
„მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ წარვსდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა, ან რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების, სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით.
მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ. დავასრულოთ, ქვეყნის გათავისუფლებით“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50 დღე - ქრონოლოგიამიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი საქმის განხილვა მიმდინარეობს.
საზღვრის უკანონო გადალახვასთან დაკავშირებული სულ ბოლო ბრალდების გარდა, სამართალწარმოება ასევე გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლისა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრისა და საბიუჯეტო თანხის [დაახლოებით 9 მილიონი ლარის] გაფლანგვის ბრალდებებით.