მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ფორმა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და დრამატული შიმშილობა, 2021 წლის 1 ოქტომბერს, რუსთავის #12 საპატიმრო დაწესებულებაში დაიწყო და 18 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეწყდა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის მოქალაქემ, მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი არჩევნების წინ, საქართველოში ფარულად შემოსვლის შემდეგ, დაპატიმრების დღესვე გამოაცხადა შიმშილობა.
- 1 ოქტომბერი
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბრის დილას, 9 საათისთვის მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ღამის ბათუმში გადაღებული ვიდეო და თქვა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ხელისუფლება დღის ბოლომდე უარყოფდა სააკაშვილის საქართველოში ფარულად შემოსვლის ფაქტს და ამტკიცებდა, რომ ის არა ბათუმში, არამედ უკრაინის მთებში მდებარე კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.
დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და ის უკვე გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამავე ბრიფინგზე მან „ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „ბიძინაობა”, წმინდა მოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე, მიულოცა.
სააკაშვილის წინააღმდეგ წლების განმავლობაში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს დაემატა ახალი - საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება.
ასევე ნახეთ სააკაშვილის მსჯავრი და ბრალი - ჩნდება თუ არა პოლიტიკური სარჩულის ეჭვი?
გვიან ღამით, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტი ომბუდსმენმა მოინახულა მისი მდგომარეობის შესაფასებლად - შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ომბუდსმენის განცხადებაში არ იყო ნათელი პატიმრის მოთხოვნები.
„ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად. ის მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი და ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას“, - თქვა ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ნახვის შემდეგ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არასოდეს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს: „ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო. არა და არასოდეს“.
- 2 ოქტომბერი
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მეორე ტურები ხდება საჭირო. ოპოზიცია ლიდერობს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და წალენჯიხაში.
პოლიციამ დააკავა ელგუჯა ცომაია - ადამიანი, რომლის სახლიდანაც აიყვანეს სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი.
- 3 ოქტომბერი
პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ თბილისში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა „სისხლიან პროვოკაციას“ რუსთაველის გამზირზე, სადაც 3 ოქტომბერს დიდი საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო. მთავრობის მეთაურის თქმით, „პროვოკაციის” ნაწილი უნდა ყოფილიყო ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის მკვლელობა.
ამავე დღეს, პრემიერ-მინისტრმა ყოფილ პრეზიდენტზე თქვა, რომ თუ ის „წესიერად არ მოიქცევა”, შესაძლოა სასჯელი დაემატოსო.
- 4 ოქტომბერი
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ამავე დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, მას რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა. გვარამია ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ, კარგ ხასიათზე და დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, როგორც საქართველოში შემოსვლასთან, ასევე სრულიად მშვიდობიანად ჩაბარებასა და შიმშილობასთან დაკავშირებით.
ნიკა გვარამია კითხულობს მიხეილ სააკაშვილის წერილს ციხიდან. პირველად ჩნდება კონკრეტული მოთხოვნაც: „მე გამოვაცხადე შიმშილობა, მინდა, ასევე იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ შიმშილობას არცერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში. თუ ჩემი არსებობით მეც ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც“.
პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის ფაქტზე კიდევ ორი ადამიანი დააკავა - მამა-შვილი შალვა და ზურა წოწორიები ფოთის პორტის თანამშრომლები არიან.
სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ელგუჯა ცომაიას. სწორედ მის სახლში იმყოფებოდა საქართველოში ფარულად შემოსული მიხეილ სააკაშვილი დაკავებისას.
- 5 ოქტომბერი
სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილ წოწორიებს თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას უფარდებს.
- 6 ოქტომბერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლასა და მის დაკავებასთან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე "წარმატებით" დაგეგმა, როგორი "წარმატებითაც" თავის დროზე ქვეყანას მართავდა”.
- 8 ოქტომბერი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ცხვარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ მიუხედავად გამოცხადებული შიმშილობისა, ყოფილმა პრეზიდენტმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.
- 10 ოქტომბერი
სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყოფშიძემ თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სისხლის დაავადება - თალასემია აქვს და მას მედიკამენტებით მკურნალობა სჭირდება. ყიფშიძის თქმითვე, მისი პაციენტის მდგომარეობა, შიმშილობის ფონზე, ციხეში გაუარესდა.
- 11 ოქტომბერი
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იმის დასტურად, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, გამოაქვეყნა მონაცემები პატიმრის წნევის, პულსის, სატურაციისა და სისხლში გლუკოზის დონის შესახებ. გარდა ამისა, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა ციხეში საკრედიტო ბარათით, რომელზეც ლიმიტირებული თანხა იყო ჩარიცხული, ტელევიზორი იყიდა - პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისა და უფლებამდაცველების განცხადებები მოჰყვა, რომლებიც პენიტენციურ უწყებას ახსენებდა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ცირკი და შოუ“ უწოდა ექსპრეზიდენტის თანამოაზრეთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა მძიმდება. ამ დღეს პრემიერმა თქვა, რომ მოშიმშილე ადამიანი „ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს”. პრემიერის განცხადების პასუხად, ეკა ხერეულიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თქვა, რომ სააკაშვილმა „სპეკულაციების გამო” ციხის მაღაზიაში ნაყიდი თაფლი უკან დააბრუნა.
- 13 ოქტომბერი
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა.
- 14 ოქტომბერი
თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მასშტაბურ აქციას მართავენ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.
- 18 ოქტომბერი
ლიეტუვისა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 25 ევროპარლამენტარი პოლონეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან, ყოფილი ელჩები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, ლიეტუვის სეიმის 25-ზე მეტი წევრი და ქართველი პოლიტიკოსები ხელს აწერენ ღია წერილს, რომელიც ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტას იმ დრომდე, სანამ მას არ მიეცემა საშუალება, წარდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. ღია წერილის ადრესატები არიან ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.
- 19 ოქტომბერი
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა პატიმარი სააკაშვილი მოინახულა.
„გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა შევთანხმდით, საჭიროა, პრევენციული ჰოსპიტალიზაცია კერძო კლინიკაში“, - თქვა სააკაშვილის პირადმა ექიმმა იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრის შემდეგ.
- 20 ოქტომბერი
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ტრაილერის მძღოლი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს.
გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში შემოსვლის თარიღად 29 სექტემბერს ასახელებს და მისი გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს.
სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულ ტრაილერის მძღოლ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა მას ახლა არა მარტო მძიმე დანაშაულის დაფარვას, არამედ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასაც ედავება.
- 21 ოქტომბერი
მიხეილ სააკაშვილი ციხის სარკმლიდან მიესალმა გარეთ მყოფ მხარდამჭერებს.
- 22 ოქტომბერი
პრევენციის მიზნით, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან რეანიმობილი დააყენეს.
- 24 ოქტომბერი
გლდანის ციხეში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას სტუმრობენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. ისინი ირწმუნებიან, რომ აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს ნებისმიერ პაციენტს, მათ შორის, მოშიმშილე პატიმარ მიხეილ სააკაშვილსაც.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.
ასევე ნახეთ მრავალპროფილური კლინიკა აკვიატებული აზრი არ არის - ინტერვიუ ექიმ ზურაბ ფაღავასთან
სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. და დაასკვნა, რომ მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა ამ დაწესებულებაში უმართებულო იქნება.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი შემოწმების შემდეგ ამბობს, რომ გლდანის ციხის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა მართებული არ იქნება
- 25 ოქტომბერი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე რეგულირების სააგენტოს ავალებს გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგს საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.
ასევე ნახეთ რატომ (არა) ციხის საავადმყოფო?
- 26 ოქტომბერი
პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს და მნახველებს არ აქვთ უფლება, ციხიდან გარეთ გაიტანონ მისი წერილები.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ალტერნატიული კონსილიუმის შექმნის ინიციატივით გამოდის და შესაბამისი თხოვნით ცენტრ „ემპათიასა“ და მის ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს მიმართავს. გვარამია ამბობს, რომ არ ენდობიან იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობს იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტის მოადგილე და მათთვის სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება არსებული კონსილიუმის ფორმატი, როდესაც მის რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ ითვალისწინებს.
- 27 ოქტომბერი
თბილისის აეროპორტიდან უკან დააბრუნეს უკრაინელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დმიტრი გორდონი. მისი ინფორმაციით, მიზეზი არ დაუსახელეს. გორდონმა მომხდარი ფაქტი იმას დაუკავშირა, რომ 26 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ორგანიზება გაეწია მის მიერ რუსთავის საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულებისთვის. სამინისტროში ამგვარი წერილის მიღებას არ ადასტურებენ.
გორდონსა და მის ცოლთან, ალესია ბაცმანთან ერთად, საქართველოში არ შეუშვეს უკრაინაში სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში. უფრო ადრე, თბილისის აეროპორტიდან უკან დააბრუნეს უკრაინელი იურისტი ევგენ გრუშოვეცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავდა.
უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიას უთხრა, რომ საზღვარზე 40 წუთით დააყოვნეს და ეკითხებოდნენ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში.
- 29 ოქტომბერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში არგადაყვანის მიზეზი არის ის, რომ „მუდმივი ჯაჯგური” არ იყოს მრავალპროფილურ საავადმყოფოსთან, სადაც ყოფილ პრეზიდენტს გადაიყვანენ.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ატარებენ გამოძიებას სახელმწიფო ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის მუხლით. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ეს საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს კონსილიუმის წევრ ექიმებთან შეხვედრაზე, ანალიზების ჩაბარებასა და მედიკამენტების მიღებაზე.
- 30 ოქტომბერი
საქართველოში ადგილობრივი თვითმმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. წალენჯიხის გარდა, ყველა დანარჩენ ქალაქში მმართველი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს.
„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში „3 ლიტრ ლიმონათს სვამს” შიმშილობის პარალელურად და ამაზე „მთელი ციხე იცინის”.
- 3 ნოემბერი
საქართველოს პარლამენტის შენობაში, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს ელენე ხოშტარია, პარტია „დროას” ლიდერი.
Your browser doesn’t support HTML5
- 5 ნოემბერი
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობს მოშიმშილე პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც, მისი მტკიცებით, იღებს სხვადასხვა სახის ფაფებსა და წვენებს.
6 ნოემბერი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს რომ ოპერატიული შეტყობინებების საფუძველზე, უწყება ფლობს ინფორმაციას, რომ 6 ნოემბრიდან დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები გეგმავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებას.
რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება, რომლის მთავარი მოთხოვნაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
პენიტენციურმა დაწესებულება ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მისი კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს. უწყებამ გაასაჯაროვა რუსთავის #12 დაწესებულების სამედიცინო ოთახში გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კოვზით იღებს გარკვეულ ნივთიერებას.
მიხეილ სააკაშვილი, მისი ადვოკატების თქმით, სპეკულაციების გამორიცხვის საბაბით უარს ამბობს მინერალებისა და გლუკოზის მიღებაზე.
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე იძლევა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომების, სასამართლო დარბაზის ნაცვლად, ციხეში გამართვის რეკომენდაციას.
- 7 ნოემბერი
სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე საპატიმროში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და აცხადებს, რომ „შიმშილობა დოკუმენტურად, იურიდიულად კვლავ გრძელდება“. ბურჯანაძის განმარტებით, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც სააკაშვილმა მიიღო შიმშილობის დროს რამდენიმე მილიგრამის ოდენობით, ერთჯერად და ერთეულ შემთხვევებში, იყო სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, კონკრეტული პრეპარატების ჩასანაცვლებლად, „მედიკამენტებით კუჭის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად“.
- 8 ნოემბერი
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა [ფაჩუაშვილი] ციხეში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და თქვა, რომ 40-დღიანი მარხვის შემდეგ ის აზიარა.
ექიმების 5-კაციანმა კონსილიუმმა გასცა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამოქალაქო მრავალპროფილიან კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავიდან გლდანის ციხეში მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილი პრეზიდენტი რუსთავში აღარ იმყოფებოდა, მედიას პირველად სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მიაწოდა - მისი განცხადებიდან დაახლოებით 1 საათის განმავლობაში პენიტენციური სისტემა არ ამბობდა, სად იყო პატიმარი.
სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედს“ უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.
გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანას „შუმოკით” შეხვდნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი პატიმრები - მათი ფანჯრებიდან ისმოდა გინება, მუქარა და შეურაცხმყოფელი შეძახილები სააკაშვილის მისამართით.
- 9 ნოემბერი
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოძიება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე.
„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.
ასევე ნახეთ ამნესტი ინტერნეიშენალი სააკაშვილზე: არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური
შურისძიება
- 10 ნოემბერი
სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი სასამართლო გაიმართა „7 ნოემბრის საქმეზე“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულია. პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე. ბრალდებულის გარეშე გამართულ სხდომაზე „7 ნოემბრის საქმეზე” შეფარდებული პატიმრობა გააუქმა სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ.
- 11 ნოემბერი
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა. სასამართლომ მთავრობას დაავალა, მიაწოდოს ინფორმაცია ევროპულ სასამართლოს მომჩივნის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც მისთვის ციხის საავადმყოფოში გაწერილი სამედიცინო მკურნალობის) შესახებ.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტები, რომლებიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გლდანის დაწესებულებაში ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის და ექსპერტიზის პროცედურა - ადვოკატები საუბრობენ პატიმრის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და დახეულ ტანსაცმელზე, რომელიც რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაყვანისას ეცვა მას.
- 12 ნოემბერი
უკრაინა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსეულ მოპყრობას.
- 13 ნოემბერი
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას უარს ეუბნებიან მოთხოვნაზე, მოინახულოს ციხის კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეხვედრის შესახებ. ხერხეულიძის თქმით, შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართა.
- 14 ნოემბერი
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს. დეპუტატებს პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც.
- 15 ნოემბერი
საქალაქო სასამართლოში გაიმართა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო მის გარეშე, ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე. გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, თემურ ჯანაშიას 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.
სააკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს თავისი, თავისი ძმისა და დედის სახელით და ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადეს რუსთავისა და ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამ საკრებულოებში, მთლიანობაში, ამ დროსათვის 11 ადამიანი შიმშილობს.
- 16 ნოემბერი
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო სხდომა ბრალდებულის გარეშე გაიმართა - სასამართლომ პატიმრის დარბაზში მიყვანა მოითხოვა, პენიტენციურმა სისტემამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მომიზეზებით და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით, ეს მოთხოვნა არ შეასრულა.
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობა დაიწყო ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ.
ასევე ნახეთ შიმშილი პროტესტის ნიშნად
გლდანის ციხის კლინიკაში შესვლის უფლება არ მისცეს უკრაინის სახალხო დამცველს - იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ წინა ვიზიტის დროს ლუდმილა დენისოვამ ცალმხრივი განცხადებები გააკეთა.
სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.
- 17 ნოემბერი
სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა გამოაქვეყნა დასკვნა - დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული და ნათქვამია, რომ მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია „ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს“.
- 18 ნოემბერი
ადვოკატებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და, როგორც ბექა ბასილაიამ თქვა, „მოსხლეტით დავარდა ძირს”. ექიმების თქმით, გონების დაკარგვის ეპიზოდი საკმაოდ ხანგრძლივი იყო და მას რეანიმაციაში განთავსება დასჭირდა.
ციხეში, სადაც სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანეს, მივიდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და „ქართული ოცნების” დეპუტატები: დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ სარჯველაძე.
ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრთან შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივებით სხვადასხვა დროს შექმნილი კონსილიუმის წევრ ექიმებთან. ამავე დღეს ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა გიული ალასანიას.
- 19 ნოემბერი
მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სრულფასოვან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მედიკამენტების მიღებაზე უარი თქვა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის მე-17 დღეს.
სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულება მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
ასევე ნახეთ აშშ-დან საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები
ასევე ნახეთ კიევი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სააკაშვილის გადაყვანისკენ მრავალპროფილიან კლინიკაში
დღის 3 საათზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის სანაცვლოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას დათანხმდა, შიმშილობა შეწყვიტეს ელენე ხოშტარიამ, პარლამენტის და საკრებულოების წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
ევროპარლამენტარებმა გაავრცელეს წერილი, სადაც საუბარია სანქციების განხილვის აუცილებლობაზე იმ პირების მიმართ, ვინც მიხეილ სააკაშვილისადმი „არაადამიანური მოპყრობა” დაუშვა.