სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აპარატში გამოკითხვაზე დაიბარეს კონსილიუმის წევრები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შეიქმნა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში.
გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინება და სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია. გამოძიების დაწყების დროს ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული სპეციალური პენიტენციურ სამსახურის კადრები.
ასევე ნახეთ სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმესკონსილიუმის წევრმა ალექსანდრე ცისკარიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შენობის დატოვებისას, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა - „არ შემიძლია დეტალურად ამის შესახებ მოგახსენოთ, მაგრამ საუბარი იყო კონსილიუმის მუშაობის თაობაზე".
როგორც ცისკარიძისთვის არის ცნობილი, კონსილიუმის ყველა წევრი დაბარებულია გამოკითხვაზე. მისი შეფასებით, „ზოგადად დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ობიექტური და საქმის არსის გარკვევის თვალსაზრისით იყო ობიექტური".
მე-18 სამკურნალო დაწესებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ალექსანდრე ცისკარიძე პასუხობს: „მე სიმართლე გითხრათ, თვითონ ვერ შევაფასებ კლინიკის პოტენციალს, თუმცა ერთ რამეში ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ უნდა იყოს, რაც შეიძლება მაღალი სამედიცინო სტანდარტი, რაც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ მიაწოდოს მას [მიხეილ სააკაშვილს]". ცისკარიძე აღნიშნავს, რომ საუბარი იყო კონსილიუმის მუშაობის წესსა და გარკვეულ დეტალებზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა კონსილიუმი.
კონსილიუმის წევრები არიან:
- დავით მეტრეველი - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგიის დარგში;
- ალექსანდრე ცისკარიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში;
- ნინო შარაშენიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში.
ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა კარდიოლოგიის დარგში ზურაბ ფაღავამ კი კონსილიუმის რიგები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი შექმნა სახალხო დამცველმაც. მისი წევრები მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ნოემბერს იმყოფებოდნენ. მათ დასკვნა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ.
ასევე ნახეთ ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა გლდანის მე-18 დაწესებულება დატოვეს - პირველი შეფასებაუკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
ასევე ნახეთ "წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!" - პენიტენციური სააკაშვილის ახალ ვიდეოს ავრცელებსმიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.