საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დაიწყო გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინება და სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია.
როგორც სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, ის რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში მოტყუებით გადაიყვანეს და სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლაზე უარის თქმის გამო, ძალა გამოიყენეს.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის 08 ნოემბერს, მ. სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მათ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სააკაშვილის ადვოკატთან და იგეგმება საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოკითხვა:
"ამ უკანასკნელის გამოკითხვის შემდგომ, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მ. სააკაშვილთან დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება".
ინსპექტორის სამსახური პირობას დებს, რომ შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.
8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედს" უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.
სააკაშვილი უკვე 40 დღეა შიმშილობს.