ხელოვნების მუზეუმიდან ხატების გასატანად ემზადებიან - პროცესში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის ფარგლებში ხატების გადასატანად ემზადებიან. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ორი საერთაშორისო ექსპერტის მომსახურებას ყიდულობს, რომლებმაც საგანძური ტრანსპორტირებისთვის უნდა მოამზადონ და ადგილობრივი ექსპერტები გადაამზადონ. ამ სერვისში სააგენტო 11 171 ევროს გადაიხდის, ექსპერტებს თბილისში სამუშაოდ 5 დღე ექნებათ.

ექსპერტები, რომელთა ვინაობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ატვირთულ დოკუმენტაციაში დაკონკრეტებული არ არის, თბილისში 21 ნოემბერს ჩამოვლენ და 27 ნოემბრამდე მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად შეადგენენ გეგმას, რომელზე დაყრდნობითაც ოქროს ფონდში შემავალი ექსპონატები ავარიული შენობიდან დროებით საცავში უნდა გადავიდეს.

შესყიდვაში არც ისაა დაკონკრეტებული, რა მოიაზრება დროებით სივრცედ, სადაც მუზეუმის ადმინისტრაცია ეროვნული საგანძურის გადატანას აპირებს. 12 ნოემბერს კულტურის სამინისტრომ დროებითი სივრცის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა მოითხოვა, სივრცე, რომლის სარემონტო სამუშაოების ღირებულებაც მილიონ ლარს აჭარბებს, არც ამ შესყიდვაშია დაკონკრეტებული. რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით კულტურის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა, - პასუხი არ მიგვიღია.

ასევე ნახეთ კულტურის სამინისტრო 1 058 700 ლარად არემონტებს დროებით სივრცეს ხელოვნების მუზეუმის ექსპონატებისთვის

“საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის აუცილებლობა განპირობებულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურში დაცული ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშების უმძიმესი საკონსერვაციო მდგომარეობით, რომელთა ადგილიდან დაძვრაც კი უდიდესი საფრთხის შემცველია მათი მთლიანობის შესანარჩუნებლად, რაც თავისმხრივ აუცილებელი წინაპირობაა შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაციის დასაწყებად. როგორც ცნობილია მათი ადგილიდან დაძვრა ბოლოს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განხორციელდა და მას მერე, სტაციონარულ მდგომარეობაშიც კი სახეზეა ნამუშევრებიდან ორიგინალი ნაწილაკების ცვენის ფაქტები. სწორედ ამიტომ, არსებობს დიდი საფრთხე, რომ მათი ადგილიდან დაძვრის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ნამუშევრების შეუქცევადი დაზიანება.

საგანძურის კოლექციიდან ნებისმიერი ნივთის დაკარგვა ან ნებისმიერი მასშტაბის პოტენციური დაზიანება იქნება შეუფასებელი კულტურული, რელიგიური და სამეცნიერო დანაკარგი. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, ტრანსპორტირების თითოეული ასპექტის დეტალური შესწავლა. ყოველი კონკრეტული ექსპონატისთვის შესაბამისი შესაფუთი მასალის, კონტეინერის, ტრანსპორტის სახეობის, გადაადგილების მარშრუტის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების დაზუსტება და შერჩევა”, - ვკითხულობთ შესყიდვის დასაბუთებაში.

ექსპერტებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შემდეგ ამოცანებს უსახავს:

  • თითოეული კონკრეტული ექსპონატის ტრანსპორტირებისა და შეფუთვის შესაძლო საუკეთესო მეთოდის დადგენის მიზნით, ხატების მდგომარეობის დეტალური კვლევა და საჭირო საკონსერვაციო ინტერვენციის (გადაუდებელი ან გამოსასწორებელი) განსაზღვრა.
  • ხატების ტრანსპორტირებამდე უნდა დადგინდეს ყველა დაზიანება და ყველა შესაძლო სიმყიფე, უნდა განხორციელდეს ბზარების მდგომარეობის და ხის პანელების სიმტკიცის საფუძვლიანი შეფასება, რათა განისაზღვროს გაუძლებენ თუ არა ისინი გადაადგილების, შეფუთვისა და ტრანსპორტირების ფიზიკურ საფრთხეებს; იმ შემთხვევაში, თუ ხის საყრდენი არ არის სტრუქტურულად მდგრადი, საჭიროა დამატებითი მტკიცე საყრდენის ან ნებისმიერი სხვა ადეკვატური გადაწყვეტილების უზრუნველყოფა და რეალიზება. ხე, ასევე, უნდა შემოწმდეს მწერებზე. მწერების აქტივობის დადასტურების შემთხვევაში, დაავადების აღმოსაფხვრელად, საჭიროა ნივთის ჰიპოქსიური დამუშავება.
  • უნდა შემოწმდეს მუზეუმში დაცული ტრანსპორტირების ყუთები/შესაფუთი ყუთები თითოეული ხატისთვის. ისინი უნდა შეესაბამებოდნენ ტრანსპორტირების უმაღლეს სტანდარტებს.
  • ტრანსპორტირებისათვის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო მარშრუტის განსაზღვრის მიზნით, საჭიროა საბოლოო დანიშნულების ადგილისაკენ მიმავალი გზის გულმოდგინედ შესწავლა.
  • ახალ ლოკაციაზე უნდა შემოწმდეს გარემოს პარამეტრები და უნდა მომზადდეს ტრანსპორტირებისათვის საჭირო ყველა მასალა და აღჭურვილობა.
  • სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ექპსერტებმა უნდა მოამზადონ და წარმოადგინონ ანგარიში - ზემოაღნიშნულ სამუშაოზე მომზადებული შესაბამისი რეკომენდაციები.

ხელოვნების მუზეუმის ფონდი 140 000-მდე უნიკალური ექსპონატისგან შედგება. ფონდში შემავალი ანჩისხატის გადაცემას წლებია ითხოვს საპატრიარქო. ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ხატები ეროვნული საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილია და სამუზეუმო სისტემაში უნდა დარჩეს. ანჩისხატში გამზადებულია ტყვიაგაუმტარი ვიტრინა, სადაც საპატრიარქოს სურს განთავსდეს ანჩისხატი.

ასევე ნახეთ მოსაყდრე შიომ პრემიერს შეახსენა, რომ ანჩისხატი საპატრიარქოს გადასცენ

ხელოვნების მუზეუმის შენობა წლებია მძიმე მდგომარეობაშია და ნგრევის საფრთხის წინაშე დგას. კულტურის სამინისტრომ მუზეუმი 2021 წლის ზაფხულში მართვის საგანგებო სისტემაზე გადაიყვანა და შეიმუშავა შენობის ევაკუაციის გეგმა, რომლის თანახმადაც, მუზეუმიდან ექსპონატების გატანა 5 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და 2022 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.

ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია სამუზეუმო სისტემის რეორგანიზაციის ნაწილია, რომელიც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამ პოსტზე დანიშვნიდან მალევე დაიწყო. პროცესი სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს - სამინისტრო მნიშვნელოვან კითხვებს არ პასუხობს, გაუმჭვირვალეა ფონდების გადატანის პროცესი. ხელოვნების მუზეუმს ახალი მენეჯმენტის პოლიტიკის გამო პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამშრომლები.

ასევე ნახეთ ხელოვნების მუზეუმი პროტესტის ნიშნად დატოვა დირექტორის თანაშემწემ