უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო. დენისოვა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ განცხადებები გაუგზავნა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს და ევროსაბჭოს კომისარს, ეუთოს ხელმძღვანელს, გაეროს და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტებს, უკრაინაში 9 საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლობებს და 78 საელჩოს.
ლუდმილა დენისოვას იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.
უკრაინის სახალხო დამცველი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, 16 ნოემბერს შეხვდა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. დენისოვას ინფორმაციით, განიხილეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მე-18 დაწესებულებაში მისი ყოფნის პირობები.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკრაინის სახალხო დამცველს უარი უთხრა სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. 16 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს და საქართველოს არც კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში შეუშვას.
ასევე ნახეთ "არ არის ამის აუცილებლობა, არ გვაქვს ამის ვალდებულება" - რატი ბრეგაძე განმარტავს რატომ არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი გლდანის ციხეში ასევე ნახეთ უკრაინის ომბუდსმენი: ვფიქრობ, [საქართველოს] ხელისუფლება რაღაცას მალავსსაქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 8 ნოემბრიდან იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.
სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობების არარსებობაზე მიუთითებდა საქართველოს სახალხო დამცველიც. მის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრებმა გლდანის სამკურნალო დაწესებულება 16 ნოემბერს, საღამოს დაათვალიერეს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გამოიკვლიეს. დასკვნა დღეს, 17 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს.
ასევე ნახეთ ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა გლდანის მე-18 დაწესებულება დატოვეს - პირველი შეფასება