ნიკოლოზ ყიფშიძე მამუკა მდინარაძეს: წაიკითხოს კონსილიუმის ოქმები

ნიკოლოზ ყიფშიძე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას.

„მე არაფერი არ მინახავს, საერთოდ არ ვიცი, იქ [მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში] რა სამედიცინო სერვისებია. მე საავადმყოფო არ მინახავს, როგორც თქვენ, - უთხრა ჟურნალისტებს ნიკოლოზ ყიფშიძემ, - ბატონმა მდინარაძემ მე არ ვიცი, რა იცის. წაიკითხოს კონსილიუმის ოქმები, იქ ცხადად წერია ყველაფერი".

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისთვის გაუგებარია, „რა სამედიცინო საჭიროება არსებობს, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში?"

მდინარაძემ განაცხადა: „დღეს გვესმოდა განცხადებები, „გადაიყვანეთ საავადმყოფოში“. საავადმყოფოშია. გვესმის მოწოდებები, რომ „გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში“, ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში“.

ასევე ნახეთ მდინარაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი იმყოფება მულტიფუნქციურ კლინიკაში

მიხეილ სააკაშვილის ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს კონსილიუმის მიერ მომზადებულ ოქმში ვკითხულობთ: "პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია".

ასევე ნახეთ კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე დღეს: იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი: 3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.